87%-ით გაზრდილი მოგება – რა შემოსავალი ჰქონდა „კრისტალბეთს“ პანდემიურ 2020 წელს

2020 წელს ფიზიკური კაზინოების მუშაობა ფაქტობრივად, შეჩერებული იყო, თუმცა ამას აზარტული თამაშების ბიზნესსა და მათ შემოსავალზე ნეგატიური გავლენა არ მოუხდენია. მეტით, გაიზარდა კომპანიების მოგებაც და შემოსავალიც. „ბიზნესპრესნიუსი“ უკვე წერდა, თუ როგორი იყო 2020 წელი „აჭარაბეთისთვის“ და რა შემოსავალი მიიღო შპს ავიატორმა (იურიდიული სახელმწოდება) შარშან. ამჯერად, გთავაზობთ, შპს მარსის („კრისტალბეთი“) 2020 წლის ფინანსურ მდგომარეობას

როგორც „მარსის“ (კრისტალბეთის) ფინანსურ ანგარიშგებაშია აღნიშნული, (გამოქვეყნებულია reportal.ge-ზე) შარშან კომპანიამ 363,292 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო (2019 წელს – 260,226 მილიონი ლარი). „კრისტალბეთის“ წმინდა მოგება კი პანდემიურ 2020 წელს 177,063 მილიონი ლარი იყო, 82,729 მილიონი ლარით ლარით მეტია 2019 წელთან შედარებით. მაშინ კომპანიის წმინდა მოგება და სრული შემოსავალი 94,334 მილიონ ლარს შეადგენდა.

2020 წლის საანგარიშო პერიოდში კომპანიის ჯამური აქტივები 167,964 მილიონი ლარი იყო (2019 წელს 89,558 მილიონი ლარი).

ანგარიშგების მიხედვით, 2020 წელს კომპანიის 363,292-მილიონიანი შემოსავალი სეგმენტების მიხედვით ასე ნაწილდება:

  • წმინდა შემოსავალი ონლაინ კაზინოს თამაშებიდან – 270,597 მილიონი ლარი (2019 წელს კი 176,852 მილიონი ლარი)
  • შემოსავალი ონლაინ ტოტალიზატორიდან – 70,320 მილიონი ლარი (2019 წელს კი 70,734 მილიონი ლარი)
  • წმინდა შემოსავალი ონლაინ peer-to-peer თამაშებიდან – 11,2511 მილიონი ლარი, (2019 წელს კი 10,568 მილიონი ლარი)
  • სხვა შემოსავალი კლიენტებთან გაფორმებული ხელშეკრულებებიდან – 11,124 მილიონი ლარი (2019 წელს კი 2,072 მილიონი ლარი).

ცნობისათვის, შპს მარსი – 2015 წლის 5 მაისს დაფუძნდა. კომპანიის 51% ბვინ ჰოლდინგს (მალტა) ლიმითედს, 24% – ლევან ახვლედიანს, 10% – კნიაზ დასენს (საქართველოსა და რუსეთის მოქალაქე), 5% – გიორგი ჩხეიძეს, 5% – კობა გიგლემიანს, ხოლო 5% – ვანო გიგლემიანს ეკუთვნის. კომპანიას ჰყავს 4 დირექტორი, ესენი არიან: კობა გიგლემიანი, ობდულიო ბაკარეზე, რობერტ გრანტ ჰოსკინი და სტეფან იულიუს ჰეილმანი.