აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ქაბულის აეროპორტთან მომხდარი თავდასხმების მიუხედავად, ვაშინგტონი არ შეწყვეტს აშშ-ის მოქალაქეებისა და ავღანელი სამოქალაქო პირების ევაკუაციის ოპერაციას. მანვე თქვა, რომ 26 აგვისტო რთული დღე იყო, მიუსამძიმრა აფეთქებებისას დაღუპულთა ოჯახებს და დასძინა, რომ მომხდარზე პასუხისმგებელი პირები შესაბამის ფასს გადაიხდიან.
ავღანეთის დედაქალაქის აეროპორტთან მომხდარ ორ აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა როგორც ავღანელ სამოქალაქო პირებს, ისე ამერიკელ სამხედროებს შორის. საუბარია ათეულობით დაღუპულსა და 150-მდე დაშავებულზე. მომხდარზე პასუხისმგებლობა “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო.
“ჩვენ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი… უნდა ვიყოთ მტკიცენი. ჩვენ დავასრულებთ ჩვენს მისიას და განვაგრძობთ, სამხედროების გამოსვლის შემდეგაც, იმ საშუალებათა განსაზღვრას, რომლებითაც შეგვეძლება, ვიპოვოთ ნებისმიერი ამერიკელი, რომელსაც ავღანეთის დატოვება სურს. ჩვენ მათ ვიპოვით და გამოვიყვანთ”, — დასძინა მან.
ბაიდენმა ასევე თქვა, რომ გასცა ბრძანება, მომზადდეს გეგმა ISIS-K-ის პოზიციებზე დარტყმების მისატანად. ISIS-K ტერორისტულ ორგანიზაციასთან, “ისლამურ სახელმწიფოსთან”(ISIS) აფილირებული დაჯგუფებაა, რომელიც ავღანეთში მოქმედებს. მისი სრული სახელწოდებაა “ისლამური სახელმწიფო — ხორასნის პროვინცია”.
“მათ, ვინც განახორციელა ეს თავდასხმა და ყველამ, ვისაც სურს, ამერიკას ზიანი მიაყენოს, უნდა იცოდეს: არ გაპატიებთ. არ დავივიწყებთ. ჩვენ თქვენ გიპოვით და გაზღვევინებთ”, — აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა და დაამატა:
“ტერორისტები ხელს ვერ შეგვიშლიან. ჩვენ არ შევწყვეტთ ჩვენს მისიას. ჩვენ განვაგრძობთ ევაკუაციას”.
BBC-ის თანახმად, აშშ-ის საზღვაო ძალების გენერალი ქენეთ მაკკენზი ადასტურებს, რომ ავღანეთის ხელისუფლებაში დაბრუნებული თალიბანი და აშშ მოცემულ მომენტში თანამშრომლობენ, რათა შეაჩერონ თავდასხმები. მანამდე თალიბანმა თქვა, რომ აფეთქებები აშშ-ის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხდა.
პირველი აფეთქება ავღანეთის დედაქალაქის აეროპორტის ერთ-ერთ ჭიშკართან, ხალხმრავალ ადგილას მოხდა. იქ ვიზებს ელოდნენ ადამიანები, რომელთაც ქვეყნის დატოვება სურდათ მას შემდეგ, რაც ისლამისტური დაჯგუფება თალიბანი 20 წლის შემდეგ ხელისუფლებაში დაბრუნდა. მეორე თავდასხმა მცირე მანძილის მოშორებით განხორციელდა.
აფეთქებამდე რამდენიმე საათით ადრე, დასავლეთის ქვეყნების სადაზვერვო სამსახურებიდან გაისმა გაფრთხილება მოახლოებული ტერორისტული საფრთხის შესახებ: მოკავშირეების თანახმად, არსებობდა ისლამური სახელმწიფოს ადგილობრივი ქსელის მხრიდან თავდასხმის საფრთხე.
ზემოხსენებულის გამო, ამერიკის შეერთებული შტატები, ავსტრალია და გაერთიანებული მოუწოდებდნენ მოქალაქეებს, დაეტოვებინათ აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია.
მას შემდეგ, რაც თალიბანმა დაიკავა ავღანეთის დედაქალაქი და ხელისუფლებაში დაბრუნებისა და ისლამური საამიროს აღდგენის შესახებ გამოაცხადა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და სხვა დასავლელმა პარტნიორებმა ქვეყნიდან საკუთარი და ავღანეთის მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყეს.
ამ დროისთვის ქვეყნიდან გამოყვანილია 88 000-ზე მეტი ადამიანი. ქაბულის აეროპორტს 39 წუთში ერთხელ ერთი თვითმფრინავი ტოვებს.
Aljazeera-ს თანახმად, ქაბულის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიებს თალიბანი აკონტროლებს და აეროპორტამდე უშვებენ მხოლოდ მათ, ვისაც ამერიკის ან სხვა ქვეყნის მოქალაქეობა, ან ე.წ. მწვანე ბარათი აქვთ.
უცხო ქვეყნის ჯარებს ავღანეთის დასატოვებლად და ევაკუაციის დასასრულებლად დრო 31 აგვისტომდე აქვთ. თალიბანი აცხადებს, რომ ეს თარიღი გადახედვას არ ექვემდებარება.
“ნეტგაზეთი”