ქაბულის აეროპორტთან 26 აგვისტოს განხორციელებული ტერაქტის შემდეგ, აშშ ახალ შეტევებს ელოდება. ამის მიუხედავად, ქაბულის აეროპორტიდან ევაკუაცია გრძელდება. ამის შესახებ Reuters იუწყება.
ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 110-მდე გაიზარდა. თავდასხმა „ისლამური სახელმწიფოს“ თვითმკვლელმა ტერორისტმა მოაწყო. დაჯგუფებამ მომხდარზე პასუხისმგებლობა უკვე აიღო.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ISIS-ის ობიექტებზე დარტყმები განხორციელდება და რომ მან შესაბამისი დავალება თავდაცვის სამინისტროს მისცა.
ბაიდენის ინფორმაციით, აშშ-მა ავღანეთიდან 100 ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განახორციელა და კიდე 5 ათასი ადამიანის ევაკუაცია იგეგმება.
მანამდე უსაფრთხოების გარანტიების არარსებობის გამო ავღანეთიდან ევაკუაცია ბელგიამ, დანიამ, ნორვეგიამ და საფრანგეთმა შეაჩერეს.