ავღანეთში მიმდინარე მოვლენების შესახებ „ალიას“ ესაუბრება სამხედრო ანალიტიკოსი, ვახტანგ მაისაია.
მე, როგორც სამხედრო ანალიტიკოსმა და სამხედრო მეცნიერებათა დიქტორმა, შემიძლია პირდაპირ გითხრათ, რომ 2008 წელს, როდესაც ავღანეთში პირველი ქართული სამხედრო კონტინგენტი უნდა შეეყვანათ, ამ მისის მომავალ მონაწილეებს მე ვუკითხავდი ლექციებს ავღანეთზე, ჯიჰადისტურ მოძრაობაზე. მივიღე მონაწილეობა ამ კონტინგენტის ავღანეთში გასამგზავრებლად.
2009 წელს, აბსურდული ბრალდებით რომ არ დავეპატიმრებინე იმჟამინდელ ხელისუფლებას, მე ავღანეთში მივდიოდი სპეციალური კონტრაქტით, როგორც ავღანეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მრჩეველი. პუშტურის დიალექტითაც შემიძლია საუბარი, ესეც ვისწავლე. ვიყავი ნატო–ს სამუშაო ჯგუფისა და ეუთო–ს ექსპერტი კონტრტერორისტული კუთხით. აქამდე არ მითქვამს – ავღანეთის ხელისუფლების მიერ ვიყავი მიწვეული იქ სამუშაოდ.
ავღანეთში 300 000 ამერიკელების გაწვრთნილი ეროვნული არმია იყო, 70 ათასამდე შ.ს. სამინისტროს ძალები და ამას დაამატეთ, რამდენიმე გასამხედროებული ფორმირება და უშიშროების სამსახური. სადღაც, 400 ათას კაცამდე იყო ავღანეთის მთლიანი ძალოვანი სპექტრი. ასევე, პროვინციებში იყო სპეციალური ე.წ. ტერორიზმისგან თავდაცვითი ძალები, რომლებიც მერე აღმოჩნდა, რომ როგორც საჰაერო ბუშტები, ისე გასკდნენ, როდესაც ამერიკის ჯარებმა დაიწყეს ავღანეთის დატოვება, ამ დროს „თალიბანის“ სამხედრო პოტენციალი შეადგენდა 80 ათას ადამიანს. აქედან 10 000 იყო საერთაშორისო „ჯიჰადისტური“ მოძრაობის წევრი, ზოგი მოხალისე და ზოგი დაქირავებული მებრძოლი. მოკლედ, სამხედრო ძალებს შორის შეფარდება იყო ერთი ხუთთან. მიუხედავად ამისა, ვერ მოახერხეს „თალიბებისა“ და სხვა ტერორისტული ორგაზაციების განადგურება. ამერიკამ ჯარი გაიყვანა ავღანეთიდან, ხელისუფლებაში მოვიდნენ „თალიბები“ და მათ დარჩათ თითქმის მთელი ის შეირაღება, რაც ავღანეთის ხელისუფლებებს გადასცეს სხვა და სხვა დროს ამერიკამ და ნატო–ს წევრმა ქვეყნებმა. დღეს „თალიბანი“ იმაზე ბევრად ძლიერია, ვიდრე 2002 წელს იყო, ვიდრე ამერიკისა და ნატო–ს ჯარები შევიდოდნენ ავღანეთში. ასევე, „თალიბანმა“ მთლიანად ჩაიგდო ხელში ავღანეთის ნარკოტიკების ბაზარი და ეს მათ დიდ ფინანსებს მოუტანს და კიდევ უფრო გაძლიერდებიან. აქამდე, მხოლოდ იმ ტერიტორიიდან, რომელსაც აკონტროლებდა „თალიბანი“, 400 მილიონ დოლარს იღებდა წელიწადში და წარმოიდგინეთ, ეს თანხა რამდენად გაიზრდება. ამერიკელებმა როდესაც ჯარების გაყვანის გადაწყვეტილება მიიღეს, არ ელოდნენ, რომ ავღანეთის შეიარაღებული ძალები, რომელთა მომზადებასაც 83 მილიარდი დაახარჯეს, 150 მილიარდის იარაღი გადასცეს, ასე, უცებ დაეცემოდა, დანებდებოდა „თალიბებს“. ამერიკელები, შეიძლება ითქვას, გამოიქცნენ ავღანეთიდან.
საბჭოთა კავშირის არმია არ გაქცეულა ასე სამარცხვინოდ, როგორც ამერიკელები. არ ვარ საბჭოთა კავშირის აპოლოგეტი, მაგრამ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, კიდევ 3 წელი იყვნენ რუსეთის ჯარები ავღანეთში და იმ გეგმის მიხედვით, ეტაპობრივად დატოვეს ავღანეთი, რომელიც ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის ლიდერებმა შეიმუშავეს. ცხადია, არც დიდი და განსაკუთრებული შეიარაღება დაუტოვებიათ ავღანეთში. დატოვეს მხოლოდ ის, რა ავღანეთის იმჟამინდელ კომუნისტურ მთავრობას გადასცეს. ამერიკელებმა ბაგრამის ბაზა ისე დატოვეს, ავღანეთის ხელისუფლებაც არ გააფრთხილეს და იქ საკმაოდ სოლიდური შეიარაღება დარჩა, რომელიც „თალიბანს“ ჩაუვარდა ხელში. თუ ვერ გამოიტანეს იქიდან, გაენადგურებინათ მაინც და „თალიბები“ არ გაეძლიერებინათ. ახლა, ამ ამერიკული შეიარაღებით, ამერიკის მომხრეებს, ამერიკის დასმული უკვე მთავრობის წევრებსა და ამ მთავრობის მხარდამჭერებს ანადგურებენ „თალიბები“. ასევე, ავღანეთში დარჩა ამერიკის აგენტურა, რომლებიც წლების მანძილზე მუშაობდნენ ამერიკელთა სასარგებლოდ და მათზე პირდაპირ ნადირობაა გამოცხადებული.