არჩევნების გადატანა სტაბილურობას არ წაადგება, თუმცა ეპიდვითარება გვიკარნახებს გადაწყვეტილებას

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით მიმართვა გაავრცელა, სადაც კორონავირუსით გამოწვეულ საფრთხეებზე ვაქცინაციის მნიშვნელობასა და არჩევნების გადადება-არგადადებაზე ისაუბრა.

მისი თქმით, არჩევნების “გადატან-გადმოტანა” ქვეყნის სტაბილურობას “არ წაადგება”, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას კორონავირუსთან დაკავშირებული “ვითარება გვიკარნახებს”.

“მეკითხებიან, არჩევნებზე რას ფიქრობთო. პასუხი მარტივია: აქაც ჩვენზეა დამოკიდებული, თუ რამდენად პასუხისმგებლობით მოვეკიდებით ამ საქმეს. ვფიქრობ, რომ ამ ქვეყნის სტაბილურობას არ წაადგება არჩევნების გადატან- გადმოტანა, და როგორც 2020 წელს შევძელით, დღესაც უნდა იყოს შესაძლებელი შესაბამისი ზომების მიღება, რათა საარჩევნო უბანზე ყველა უსაფრთხოების ნორმა იყოს დაცული. თუმცა ვითარება გვიკარნახებს გადაწყვეტილებას – იმ შემთხვევაში, თუ ვერ შევინარჩუნებთ ტენდენციას სტაბილურობისაკენ, რაც ბოლო დღეებში შეიმჩნევა.

ვაქცინაციის მაღალი ტემპი არ უნდა შენელდეს, ყველამ უნდა გამოვიჩინოთ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და მჯერა, რომ შევძლებთ არჩევნებსაც და სკოლების ამოქმედებასაც. ერთიც და მეორეც ჩვენს ხელშია”, – ნათქვამია პრეზიდენტის მიმართვაში.

პრეზიდენტმა მოსახლეობას ასევე მოუწოდა, რომ გამოიყენონ ყველა საშუალება კორონავირუსის რისკების შესამცირებლად, მათ შორის მოერიდონ ხალხმრავალ თავყრილობებს:

“როგორც ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა, საქართველო მისი მფარველობის ქვეშ იმყოფება და მით უფრო, დღევანდელი განსაცდელის დროს, ჩვენ მას ვებარებით.

თუმცა ეს არ ნიშნავს და არ უნდა ნიშნავდეს იმას, რომ ჩვენ, ჩვენი ოჯახების, ახლობლებისა და ჩვენი პატარა ქვეყნის მომავალი თაობების გადასარჩენად, არ უნდა გამოვიყენოთ ყველაფერი,  რისი საშუალებაც გაგვაჩნია ჩვენ პირადად თუ კოლექტიურად. ეს ნიშნავს დაცვის ყველა საშუალების გამოყენებას: პირბადის ტარებას, დისტანციის დაცვას, თავყრილობებისგან თავის შეკავებას.

რა ფასი უნდა ჰქონდეს ქორწილს, დაბადების დღეს ან ქელეხს, თუ მას მოჰყვება ჩვენი ახლობლების ინფიცირება, მძიმე დაავადება და შესაძლო გარდაცვალება”, – ნათქვამია პრეზიდენტის მიმართვაში.

ზურაბიშვილის თქმით, აცრაზე უარის თქმა სხვა ადამიანებს უქმნის საფრთხეს, მათ შორის კი არიან ჩვილი ბავშვები და ორსული ქალებიც. მისი განცხადებით, ეს ქვეყნის დემოგრაფიულ მდგრადობასაც უშლის ხელს:

“ერთი მხრივ, საკუთარ თავზე ეგოისტურად რაღაცების გვეშინია, და მეორე მხრივ, საკუთარ თავზე ვიღებთ სხვისი ჯანმრთელობის საფრთხის ქვეშ დაყენების უდიდეს პასუხისმგებლობას.

აცრაზე უარის თქმა სხვებსაც უქმნის საფრთხეს, და დღეს უკვე ვხედავთ, რომ ეს საფრთხე ჩვილ ბავშვებსა და ორსულ ქალებს, ანუ ჩვენი ქვეყნის მომავალს ემუქრება. არ შეიძლება არ დავინახოთ, რამხელა საფრთხეს წარმოადგენს ეს ჩვენი ქვეყნისა და მისი დემოგრაფიული მდგრადობისთვის.

არ შეიძლება არ გავიმეორო, თუ რამდენად აუცილებელია აცრა, რამდენად გვიცავს ის დაავადების, ინფიცირების შემთხვევაში, მძიმე გართულებებისა და გარდაცვალებებისგანაც კი”, – ნათქვამია მიმართვაში.

ამასთან, ზურაბიშვილი მიმართვაში ვაქცინაციის შესახებ გავრცელებულ დეზინფორმაციებზეც საუბრობს და აცხადებს, რომ აცრების უარყოფითი პროპაგანდა საქართველოს წინააღმდეგ მუშავდება და ვრცელდება, რაც ბადებს ცრუ შიშებს.

“ამიტომ მიმაჩნია, რომ როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტს, მაქვს განსაკუთრებული მოვალეობა დაგარწმუნოთ ყველა: ერი და ბერი, ექიმი და ექთანი, პედაგოგი და სტუდენტი, დიდი და პატარა რომ აცრა, ცოდვა კი არა – სამოქალაქო ვალდებულება და დღევანდელ დღეს პატრიოტიზმის უდიდესი გამოხატულებაა! თავისუფლება არ ნიშნავს სხვისი სიცოცხლის საფრთხის ქვეშ დაყენების თავისუფლებას!”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

 

“ნეტგაზეთი”