პოლიციამ ჩოხატაურში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. პიროვნება მუქარის გამოყენებით ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით, აბაშის მუნიციპალიტეტში დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
– “გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 25 აგვისტოს, დაბა ჩოხატაურში, მერაბ კოსტავას ქუჩაზე მდებარე ავტოგასამართ სადგურს ყაჩაღურად თავს დაესხა, იარაღის მუქარით ოპერატორს ფული გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ბ.ღ. საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ბრალდებულის სახით დააკავეს.
პოლიციამ, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ყაჩაღობის შედეგად მოპოვებული ფულის ნაწილი და დანაშაულის ჩადენის იარაღი – პნევმატური პისტოლეტი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
მუქარის გამოყენებით ჩადენილ ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს“ – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
წყარო: ptn.ge