ჩრდილოეთ კორეამ, როგორც ჩანს, იონგბიონის ბირთვული რეაქტორი ხელახლა აამუშავა, – ამის შესახებ გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ანგარიშშია აღნიშნული.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ ივლისის დასაწყისიდან რეაქტორის ფუნქციონირების ნიშნები შეიმჩნევა, რაც პირველი შემთხვევაა 2018 წლის დეკემბრის შემდეგ, ანუ იმ დროიდან, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, კიმ ჩენ ინს სინგაპურში შეხვდა.
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს განცხადებით, რეაქტორის ხელახლა ამუშავების გარდა არსებობს იმის ნიშნებიც, რომ ფხენიანი იყენებს ახლომდებარე რადიოქიმიურ ლაბორატორიას რეაქტორისგან ამოღებული დახარჯული საწვავისგან პლუტონიუმის გამოსაყოფად. სააგენტოს განმარტებით, ეს ქმედება “ღრმად შემაშფოთებელია” და გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების „აშკარა დარღვევაა.“
ფხენიანმა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო 2009 წელს გააძევა, რის გამოც იმ დროიდან ის შეფასებებს სატელიტურ სურათებზე დაყრდნობით აკეთებს.