ისტორია ავღანელისა, რომელიც ციდან ჩამოვარდა – „The Washington Post“

ამერიკულმა გაზეთმა „ვაშინგტონ პოსტმა“ («The Washington Post») გამოაქვეყნა სტატია სათაურით „ისტორია ავღანელისა, რომელიც ციდან ჩამოვარდა“ (ავტორი – ჯერი ში), რომელშიც ქაბულელი ფადა მუჰამადის ტრაგიკული სიკვდილის გარემოებებია გადმოცემული: იგი ერთ-ერთი მათგანი იყო, რომლებიც აშშ-ის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის ქაბულის აეროპორტიდან აფრენისას შასზე ისხდნენ და დიღუპნენ.

„როცა ტალიბებმა ქაბულს 15 აგვისტოსათვის ალყა შემოარტყეს, ფადა მოჰამადმა თავის ოჯახს ფეისბუქში ამოკითხული ამბავი შეატყობინა: კანადას და ამერიკის შეერთებულ შტატებს ქაბულის აეროპორტიდან ყველა გაჰყავთ, ვისაც კი ქვეყნიდან წასვლა სურს.

როგორც ფადას მამა, პაიანდა მოჰამადი ამბობს, შვილმა მას უთხრა, რომ აეროპორტში წასვლა ჰქონდა გადაწყვეტილი. ფადა 1996 თუ 1997 წელს დაიბადა ქაბულთან ახლოს მდებარე პატარა ქალაქ პაგმანში – პაიანდას შვილის დაბადების თარიღი ზუსტად არ ახსოვს, მაგრამ იცის, რომ ეს ტალიბების მიერ ავღანეთის ხელისუფლებაში მოსვლის პირველ წელს მოხდა. ფადა ათი შვილიდან ყველაზე უფროსი იყო – მას 9 და-ძმა ჰყავდა. მშობლები ტანსაცმლით ვაჭრობდნენ, როგორღაც შეძლეს მცირეოდენი ფულის მოგროვება და უფროსი შვილი ქაბულში გაგზავნეს – ექიმის პროფესიის შესასწავლად.

ფადა ქაბულში მდებარე შიფის კერძო უნივერსიტეტში სტომატოლოგის სპეციალობას დაეუფლა და მალე საკუთარი კლინიკა გახსნა. იგი სწავლის გაგრძელებას გეგმავდა და ავრანეთიდან წასვლაზე ოცნებობდა.

16 აგვისტოს მისი გვამი ქაბულის აეროპორტიდან 4 კმ-ის მოშორებით, ერთ-ერთი შენობის სახურავზე აღმოაჩინეს.

რატომ არ გამოიჩინა ამერიკელმა მფრინავმა ადამიანობა? რატომ აფრინდა იგი მაშინ, როცა დაინახა თუ როგორ ეჭიდება ხალხი თვითმფრინავის შასს? – ეს კითხვები გაუჩნდა ფადას მამას. „ჰქონდა თუ არა მფრინავს ასეთ სიტუაციაში აფრენის უფლება? განა ეს კანონიერი მოქმედებაა? ისე გამოდის, რომ ადამიანები ცოცხალ არსებად არ ჩათვალეს“, – ამბობს პაიანდა მოჰამადი.

აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების განცხადებით, იმ დღეს ქაბულის აეროპორტში დაშვებულმა თვითმფრინავ „ს-17“-ის ეკიპაჟმა აეროპორტის სწრაფად დატოვება განიზრახა, რადგან უსაფრთხოებასთან დაკავშირებით სიტუაცია სწრაფად უარესდებოდა. მფრინავებმა დაინახეს, თუ როგორ დაარღვია ხალხმა აეროპორტის აკრძალული ზონის პერიმეტრი. მათ არც კი გადმოუტვირთავთ თვითმფრინავის ბორტზე არსებული ტვირთი, დაუყონებლივ გავიდნენ ასაფრენ ზოლზე, მაგრამ ადამიანებმა შასზე ჩაჭიდება მაინც მოასწრეს. მოგვიანებით, შასის ნაკვეთურში რამდენიმე გვამი აღმოჩნდა… მომხდარ ფაქტზე გამოძიება უკვე დაწყებულია.

ენდრიუ ინმანი, დიდი ბრიტანეთის სამეფო სამხედრო-საჰაერო ძალების ყოფილი პილოტი, რომელსაც აფრიკიდან მოსახლეობის ევაკუაციის დიდი გამოცდილება აქვს, ამბობს, რომ ეკიპაჟმა, სავარაუდოდ, ვერ შენიშნა, თუ როგორც ჩაეჭიდნენ შასს ქაბულის აეროპორტში თავმოყრილი სასოწარკვეთილი ადამიანები: „ჩემი აზრით, უარესი მოხდებოდა, თვითმფრინავი რომ გაჩერებულიყო… ასეთ დროს ადამიანებს თვითგადარჩენის ინსტინქტი ამოძრავებთ და ყველაფერზე მზად არიან“, – ამბობს იგი.

საჯან გოელმა, აზია-წყნარი ოკეანის საერთაშორისო უსაფრთხოების ფონდის დირექტორი, სანამ ეს სტატია გაზეთში გამოქვეყნდებოდა, ავტორთან საუბრის დროს  განაცხადა, რომ სამწუხაროდ, ქაბულის აეროპორტში შეიძლება კიდევ უფრო დიდი უბედურება მოხდესო. მართლაც, გუშინ იქ ტერორისტული აქტი განხორციელდა, დაიღუპა 13 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე, ათობით მშვიდობიანი მცცხოვრები. პასუხისმგებლობა მომხდარზე „დაიშ“-მა („ისლამურმა სახელმწიფომ“) აიღო.

ფადას მეგობარი სალეჰი ძალიან დამწუხრებულია თანატოლის დაღუპვით, თუმცა ამბობს, რომ ფადას, როგორც უმაღლესი განათლების მქონე პიროვნებას, მით უმეტეს, ექიმს, უნდა სცოდნოდა, რომ თვითმფრინავის შასზე ჩაჭიდება ცუდად დამთავრდებოდა.

პაიანდას კი განსხვავებული აზრი აქვს: რასაკვირველია, მისმა შვილმა იცოდა, რომ საფრთხე ელოდებოდა, მაგრამ მას, ალბათ, ეგონა, რომ თვითმფრინავი ასეთ სიტუაციაში არ აფრინდებოდა, იგი მოახერხებდა შიგნით შესვლას და ამერიკაში გაფრენის შანსი გაუჩნდებოდა: „პილოტებს შეეძლოთ არ აფრენილიყვნენ, ისინი ხომ ადამიანები არიან… ამის ნაცვლად მათ ისეთი არაჰუმანური რამ ჩაიდინეს, რამაც ავღანელი ხალხი საშინლად გააღიზიანა“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/s/world/2021/08/26/story-an-afghan-man-who-fell-sky