„თალიბანი“ თანახმაა, უცხო ქვეყნების მოქალაქეებსა და მოგზაურობის ნებართვის მქონე ავღანელებს ავღანეთის დატოვების საშუალება მისცეს

„თალიბანი“ უცხო ქვეყნების მოქალაქეებსა და იმ ავღანელებს, რომლებსაც სხვა ქვეყნიდან მოგზაურობის ნებართვა აქვთ მინიჭებული, ავღანეთის დატოვების საშუალებას მისცემს, – ამის შესახებ შეერთებული შტატების, გაერთიანებული სამეფოსა და მათი მოკავშირეების ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.

„მივიღეთ „თალიბანისგან“ გარანტიები, რომ ყველა უცხოელ მოქალაქეს და ასევე ავღანეთის ნებისმიერ მოქალაქეს, რომელსაც ჩვენი ქვეყნებიდან მოგზაურობასთან დაკავშირებული ნებათვა აქვს მინიჭებული, გამგზავრების პუნქტებში უსაფრთხოდ მისვლისა და ქვეყნის დატოვების საშუალებას მისცემენ, – ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, განცხადების თანახმად, ქვეყნები, მათ შორის ავსტრალია, იაპონია, საფრანგეთი, ესპანეთი და სხვა, გააგრძელებენ ავღანელებზე სამოგზაურო დოკუმენტების გაცემას.

„ჩვენ ყველანი ვალდებულნი ვართ უზრუნველვყოთ, რომ ჩვენს მოქალაქეებს, რეზიდენტებს, თანამშრომლებს, ავღანელებს, რომლებიც ჩვენთან მუშაობდნენ და მათ, ვინც რისკის ქვეშ არიან, შეეძლოთ თავისუფლად იმოგზაურონ ავღანეთის ფარგლებს გარეთ”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს ევროკავშირი და ნატო-ც აწერენ.

შეგახსენებთ, გაეროს უშიშროების საბჭოს 5 მუდმივი წევრი – შეერთებული შტატები, გაერთიანებული სამეფო, რუსეთი, ჩინეთი და საგრანგეთი – დღეს ავღანეთის საკითხზე შეხვედრას გამართავს.

საფრანგეთი და გაერთიანებული სამეფო საბჭოს წარუდგენენ რეზოლუციას, რომელიც ჰუმანიტარული ოპერაციების გაგრძელების უზრუნველყოფის მიზნით ქაბულში „უსაფრთხო ზონის“ შექმნას ითვვალისწინებს.