WHO და UNICEF სკოლების გახსნისა და 12+ ასაკის ბავშვების აცრისკენ მოუწოდებენ

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონალური ოფისი და გაეროს ბავშვთა ფონდის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონალური ოფისი სკოლებს მოუწოდებენ, გაიხსნან და შექმნან უსაფრთხო გარემო ვირუსის გავრცელების მინიმიზაციისთვის საჭირო ზომების მიღებით.

როგორც ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, ზომები მოიცავს ვაქცინაციის ეროვნულ გეგმებში, სამიზნე ჯგუფებს შორის, მასწავლებლებისა და სკოლის სხვა პერსონალის ჩართვას და მათ ვაქცინაციას მოსახლეობის სხვა დაუცველ ჯგუფებთან ერთად.

“უნდა აიცრან 12 წლის და ზემოთ ასაკის ბავშვები, რომელთა სამედიცინო ისტორია მნიშვნელოვნად ზრდის კოვიდ-19-ის მძიმე ფორმით დაავადების რისკს. ასევე მნიშვნელოვანია სასკოლო გარემოს გაუმჯობესება საკლასო ოთახების უკეთესი განიავების, საჭიროებისამებრ ბავშვების მცირე კლასებად დაყოფის, ფიზიკური დისტანცირების უზრუნველყოფისა და და ბავშვებისა და პერსონალის რეგულარული ტესტირების მეშვეობით”, — ნათქვამია განცხადებაში.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის დირექტორი ჰანს კლუგე მიიჩნევს, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, შეუფერხებლად გაგრძელდეს სწავლება საკლასო ოთახებში.

“პანდემიამ გამოიწვია საგანმანათლებლო პროცესის კატასტროფული შეფერხება, რომელიც ისტორიას არ ახსოვს. შესაბამისად, ბავშვთა განათლების, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და სოციალური უნარებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, სკოლებმა ხელი შეუწყონ ბავშვებს, ბედნიერები და საზოგადოების პროდუქტიული წევრები იყვნენ”, — თქვა მან.

სკოლების ღიაობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ, გაეროს ბავშვთა ფონდმა და იუნესკომ დაამტკიცეს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ევროპის რეგიონალური ოფისის ტექნიკური მრჩევლების ჯგუფის მიერ კოვიდ-19-ის დროს სასკოლო სასწავლო პროცესისთვის შემუშავებული რვა რეკომენდაცია. აღნიშნული რეკომენდაციები განკუთვნილია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ევროპის რეგიონის 53 წევრი ქვეყნისთვის და ითვალისწინებს შემდეგს:

სკოლები უნდა იყოს პირველი, რომლებიც გაიხსნება და ბოლო, რომლებიც დაიხურება;
შემუშავდეს ტესტირების სტრატეგია;
შემუშავდეს რისკის შემცირებისთვის საჭირო ქმედითი ზომები;
დაცული იქნას ბავშვების ფსიქიკური ჯანმრთელობა და სოციალური კეთილდღეობა;
დაცული იქნან ყველაზე მოწყვლადი და მარგინალიზებული ბავშვები;
გაუმჯობდეს სასკოლო გარემო;
ბავშვები და მოზარდები ჩაერთონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში;
აქტიურად განხორციელდეს ვაქცინაცია, რათა ბავშვები სკოლებში შევინარჩუნოთ.

 

“ნეტგაზეთი”