ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაასრულა ავღანეთიდან შეიარაღებული ძალების გაყვანა. ამის შესახებ BBC იუწყება.
როგორც აშშ-ის ცენტრალური მეთაურობის უფროსმა ფრენკ მაკენზიმ განაცხადა, ავღანეთი ბოლო ამერიკულმა თვითმფრინავებმა დატოვეს. მათ სამხედროების და დიპლომატების ბოლო ჯგუფი გაიყვანეს.
ქაბულის აეროპორტი ბოლო სამხედრო ობიექტია, რომელიც ავღანეთში ამერიკელების კონტროლის ქვეშ იყო. ახლა ის მოძრაობა „თალიბანს“ გადაეცა.
15 აგვისტოს შემდეგ, როდესაც ქაბული „თალიბანმა“ აიღო, ქაბულის აეროპორტიდან 120 ათასი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. მათი უმეტესობა ავღანელები იყვნენ. ამით შეერთებული შტატების 20-წლიანი სამხედრო ოპერაცია ავღანეთში დასრულდა.