ილია ჭავჭავაძის სიტყვა წარმოთქმული 1899 წლის 26 ნოემბერს – რუსეთის მხსნელი ჯარის შემოსვლის, ასი წლის თავზე!
/გთავაზობთ უცვლელ, ორიგინალურ ვერსიას!/ …
როგორც სპარსეთმა, ისეც ოსმალეთმა კარგად იცოდა, რა დიდი საქმეა საქართველოს ხელში ჩაგდება მისთვის, ვინც დაასწრობს. ვინც საქართველოში ფეხს მოიმაგრებდა, იგი დიდს ზედმოქმედებას იქონიებდა მთელს დასავლეთს და მცირე აზიაში და სვე-ბედი აზიის შესახებ პოლიტიკისა ხელთ ჩაუვარდებოდა სხვათა შესახუთავად. გარდა ამისა, არც სპარსეთს უნდოდა, რომ საქართველოს დაჭერით ვინმე სხვა სახელმწიფო ახლო მოსვლოდა, არც ოსმალეთს, რადგანაც საქართველო ამ ორსავ სახელმწიფოს საზღვრად და გზად ედვა. თუმცა რუსეთისაგან შიშს ეს ორივ სახელმწიფო ერთად უნდა ემოქმედებინა, მაგრამ ასე არ მოუხდათ. სპარსეთს უნდოდა მარტოს სჭეროდა საქართველო, ჯერ ვითარცა კარი რუსეთიდამ აზიაში შემოსევისათვის დასაკეტი და მერმე ვითარცა გზა ოსმალეთის შესალახველი. ამასვე ჰლამობდა ოსმალეთი და სპარსეთს არ ანებებდა საქართველოს დაჭერას, თვით სწყუროდა ეს კარი და გზა თითონ ჰქონებიყო და სპარსეთისათვის მუქარად ხელთა სჭეროდა. აზიაში ეს ორი სახელმწიფო ერთმანეთს ეცილებოდა პირველობასა და ბატონობას და ამიტომ ერთმანეთზე ალურსებული იყვნენ და ერთმანეთს შორს უდგნენ …..
გულკეთილი, მაგრამ სუსტი მეფე გიორგი როგორ გაუძლებდა ამისთანა გარემოებას და როგორ გაუძღვებოდა გაჭირვებულს სამეფოს, რომელიც აღა-მაჰმად-ხანის აოხრებისაგან ჯერ კიდევ არ გამობრუნებულიყო, არ გამორკვეულიყო და წყლული არ გამრთელებოდა. ამას დაურთეთ ის ამბავიც, რომ ლეკნიც-კი გაუთამამდნენ უღონოდ-ქმნილს მეფეს და, ახალციხის ფაშის წაქეზებით, ხან აქ იკლებდნენ ქვეყანას, ხან იქ. გარდა ამისა, შინ, მეფის სახლობაშიაც, ყველაფერი აწეწილი და აშლილი იყო. ცალკე ქვრივი დედოფალი დარეჯანი, ცალკე ძმები აეშალნენ, ყველანი თავის-თავისაკენ იწევდნენ და მეფეს ეურჩებოდნენ. სამეფო სვე-ბედი ხელში სათამაშოდ გაიხადეს და საწყალ მეფე გიორგის რა უნდა ექმნა ასეთს მდგომარეობაში: გარეთ მტრისათვის გაეცა პასუხი, თუ შინ გასძღოლოდა შუღლსა და ცილებას დედინაცვლისას და ძმებისას. ყოველ ამას შავი ჭირიც დაერთო და მთელი ქვეყანა შეაძრწუნა და სასოწარკვეთილებას მისცა. თვითოეული ზემოხსენებული უბედურება ცალკე საკმაო იყო, რომ მეფე და სამეფო განწირულებაში ჩავარდნილიყო და სულ ერთად ხომ ზედმოსეული – ერთ დიდ და უძლეველ უბედურებად შეიქმნა.
იქნება მეფე გიორგი შინაურს არეულობასა და უბედურობას კიდევ როგორმე გასძღოლოდა, თუ გარედამ მტრის შიში მაინც არა ჰქონოდა. მაშინ აღა-მაჰმად-ხანი ცოცხალი აღარ იყო და მის მაგიერ სპარსეთის ტახტი დაიჭირა ბაბა-ხანმა. ბაბა-ხანი შუშისა და განჯის ხანებს ზედ-მისეოდა, მათის სახანოების დაპყრობა უნდოდა და მერე აპირობდა საქართველოს თავს დასხმოდა, ოსმალეთიც ახალციხიდამ იმუქრებოდა …..
სხვა გზა არ იყო, მეფე გიორგის ან ოსმალეთთან უნდა დაეჭირა საქმე, ან სპარსეთთან და ან რუსეთთან, რომ როგორმე გადაერჩინა საქართველო ამოდენ ერთად ზედმოსეულ უბედურებისაგან. ამ საქმეს აჩქარება უნდოდა. ღვთის-მოსავმა და ღვთის-მოყვარე მეფე გიორგიმ, რა თქმა უნდა, ერთმორწმუნე რუსეთი ირჩია. ამას ეუბნებოდა წინაპართა ანდერძიცა, რადგანაც, მისდა მეფობის წინათაც, ჯერ კიდევ 1576 წლითგან, საქართველოს მეფენი ბევრჯერ გამოჰლაპარაკებიან რუსეთს და მისგან ხელშეწყობას და ხელის გამართვას მოჰლოდებიან. ქრისტეს ჯვარისათვის ჯვარცმულ ერის მეფემ ქრისტეს ჯვარისვე მოსავი ერი მოიწვია საშველად და მფარველად …..
მეფე გიორგი სთხოვდა იმპერატორს პავლეს სამი-ათას რუსის ჯარისკაცს, შეჭურვილს სათანადო იარაღით და ყოველ სამხედრო კუთვნილებითა. ამის თაობაზე გიორგი მეფე სწერდა იმპერატორს პავლეს: – “როცა თქვენი ძლევამოსილი ჯარი საქართველოში ყოფილა, ყოველთვის ბოროტნი კაცნი რაღაცეებს იგონებდნენ და სამდურავს და შუღლს აჩენდნენ თქვენისა და ჩვენის ჯარის უფროსთა შორის, ამიტომ გთხოვთ უბრძანოთ აქ გამოსაგზავნ ჯარის უფროსს, მარტო ჩემთან იქონიოს საქმე, ანუ ჩემ-მიერ რწმუნებულთანო” …..
დიდი წვალება გამოიარა რუსის ჯარმა, რაკი კავკასიის მთებში შემოსდგა ფეხი. ვიწრო აღმართ-დაღმართები, თოვლი და ყინვა, გაფუჭებული გზები, ზოგან სურსათის ნაკლებობა – ყოველივე ეს ერთად, აბრკოლებდა ჯარს. ზარბაზნები და სხვა არტილერიის კუთვნილებანი ზოგან ხელდახელ და ზურგით გადმოჰქონდათ ჯარისკაცებს, რადგანაც სხვანაირად ვერა ხერხდებოდა. როგორც იყო, ჯარმა ყოველს დაბრკოლებას სძლია, გადმოიარა მთები და გადმოხედა არაგვის ხეობის დაბლობებს. აქ ჯარს მიეგება ბატონიშვილი ვახტანგ, მიაგება ოთხმოცი უღელი ხარ-კამეჩი, გამომცხვარი პური და სხვა სურსათი, ტფილისამდე გზა-და-გზა სხვადასხვა ადგილას ორმოც-და-ათ-ათი საპალნის საზიდი ცხენი მოუმზადა. ამ სახით იარა ჯარმა მთელი თვე და ექვსი დღე და როგორც იყო მოუახლოვდა ტფილისსა. ტფილისი დიდის ყოფით მოიკაზმა და მოირთო ჯარის დასახვედრად და მისაღებად. ჯარს მოელოდნენ ტფილისში 26 ნოემბერს. მთელი ქალაქი აიშალა და გარეთუბანს და ვერაზედ გავიდა და აქ ელოდებოდა ჯარის მოსვლას.
მეფე გიორგიც გაეგება თავისი ამალით. თან ახლდნენ: მემკვიდრე დავით ბატონიშვილი, სხვა ბატონიშვილები, გამოჩენილი მოხელენი საერონი და სამღვდელოებისანი და მთელი დიდკაცობა ტფილისისა. ქალაქის ბანები მოიჭედა დიდითა და პატარითა, ქალითა და კაცითა, და მოუთმენლად ელოდებოდნენ ჯარსა, ვითარცა ქვეყნის მხსნელსა, მშვიდობიანობისა და მოსვენების მომავლინებელსა.
ბოლოს მოვიდა ჯარიცა. მეფე გიორგი თვითონ წარმოუძღვა წინ და შემოიყვანა ტფილისში. სიხარულის კიჟინა ხალხისა, ზარბაზნის სროლა, ზარების რეკა ერთს დიდს ყოფას და ამბავს წარმოადგენდა. კავალენსკიმ ამრიგად აუწყა კნორრინგს რუსის ჯარის შემოსვლა ტფილისში: „ჯარი, დასასრულ, მოვიდა ტფილისს; მოსვლისას იგი წარმოადგენდა სასიამოვნო სანახავსა თავისის წყობითა და წეს-რიგიანობითა. სამის ვერსტის მანძილზე დიდის ყოფით მოეგებნენ ჯარს, იმ წესით, როგორაც წინათვე დავაწყეთ მისმა უმაღლესობამ მეფე გიორგიმ და მე. მეფე მთელის თავისის წარჩინებულ საერო და სამღვდელო დიდკაცობით მიეგება ჯარს. სახლის ბანები სულ მთლად სავსე იყო თეთრ-ჩადრიან ქალებითა, კაცს ეგონებოდა მთელ ქალაქში მოფენილია კარვები ბანაკისაო. ზარბაზნის სროლა, ზარების რეკა ამ დღესასწაულს აძლიერებდა, და სიხარულის კიჟინა ერისა, მოძრაობა და თვით ცრემლნი, ნამეტნავად დედაკაცობისა, აგვირგვინებდა იმ ტკბილად საგრძნობელ სურათსა და უტყუარს ერთგულებას ჩვენდამი ერისას“.
მეფე გიორგიმ, გახარებულმა – რომ სასურველი აუსრულდა, ყოველივე ღონისძიება იხმარა, რომ ჯარი კარგად დაებინავებინა და სურსათი საკმაო და რიგიანი ჰქონოდა. შემოსვლის მეორეს დღესვე ჯარს გაუგზავნა ხუთ საპალნემდე ღვინო და რვაასი ცალი ხმელი თევზი, გარდა ამისა, რაც ულუფად განწესებული იყო. აფიცრებს სადგომად თავისი სასახლე უთავაზა, ხოლო აფიცრებმა არ ინდომეს მეფის შეწუხება და დიდი მადლობა გადაუხადეს ამისთანა გულმტკივნეულ თავაზიანობისათვის …..
ასე შემოვიდა რუსის ჯარი ტფილისში. ამ დიდის ყოფით და ამბით დახვდა რუსეთის ჯარს მეფე და ერი. სასოწარკვეთილმა მეფემ და ერმა ძლივს ნუგეშით და იმედით გაიცოცხლა გული. მეფის კარიდამ დაწყებული უკანასკნელ ქოხამდე სიხარულმა გაშალა თავისი სანატრელი ფრთა, სიხარულმა ხსნისამ და ნუგეშისამ. დიდი ხანია საქართველოს ამისთანა ბრწყინვალე დღე აღარ ენახა. ყველას, დიდიდამ პატარამდე, ქალით კაცამდე, გული აევსო იმ სანატრელ იმედითა, რომ რუსის მხედრობის დაბინავება საქართველოში საქართველოს მოუვლენს იმ მშვიდობიანობას, იმ მოსვენებას, იმ პატრონობასა და მფარველობას, იმ ბედნიერადა და უტკივრად შინაურ ცხოვრებას, რომელთათვისაც ამდენს საუკუნეების განმავლობაში ასე თავგამეტებით, ასე თავდადებით იბრძოდა საქართველოს შვილი და თავისის სისხლით ჰრწყავდა ყოველს კუთხეს თავისის ქვეყნისას. ამ ღირსსახსოვარ დღიდამ საქართველომ მშვიდობიანობა მოიპოვა. შიში მტრისა ერთმორწმუნე ერის მფარველობამ გაუფანტა. დამშვიდდა დიდი ხნის დაუმშვიდებელი, დაღალული ქვეყანა, დაწყნარდა აკლებისა და აოხრებისაგან, დასცხრა ომისა და ბრძოლისაგან. დადუმდა ჟღერა ხმლისა და მახვილისა, მტრისა ხელით მოღერებულისა ჩვენზე და ჩვენს ცოლ-შვილებზე, გაჰქრა ცეცხლი, რომელიც სწვავდა და ჰბუგავდა ჩვენს მამა-პაპათა ბინას, ჩვენს საცხოვრებელს, გათავდა რბევა და აკლება, მიეცა წარსულს და მარტო საშინელ და შემაძრწუნებელ სახსოვრად-ღა დაგვრჩა. დაუდგა ახალი ხანა, ხანა მოსვენებულის, უშიშარის ცხოვრებისა, სისხლდანთხეულ და ქრისტეს ჯვრისათვის ჯვარცმულ საქართველოს, რომელიც ღმერთმა სააქაო სამოთხედ გაუჩინა ადამიანს და კინაღამ ერთ დიდ სასაფლაოდ არ გადაექცა მისს თავდადებულ შვილებს, რომელნიც უმწედ, უნუგეშ, ყველასაგან შორს, მარტოდ-მარტო იხოცებოდნენ ქრისტეს სარწმუნეობის სადიდებლად და თავისის ვინაობის გადასარჩენად. დაიდვა საზღვარი მშვიდობის-მყოფელ ცხოვრებისა. ის დღეა და ეს დღე, ვეღარავინ გადმოლახა იგი საზღვარი ცეცხლითა და მახვილით ხელში და 26 ნოემბერს 1799 წელს, კვლავ სასოება-გაღვიძებული მეფე და ერი, გულწრფელად მიენდო თავისს მომავალსა, დიდის რუსეთის მფარველობის იმედითა და ნუგეშინით ფრთაშესხმული.
დღეს, 26 ნოემბერს 1899 წ., სწორედ ასი წელიწადია გასული მას აქეთ.
ილია ჭავჭავაძე, ტფილისი, 1899 წლის 26 ნოემბერი.
ტექსტური მასალის მისამართი: https://www.facebook.com/giorgi.abashidze.39566/posts/3040461919554029
ვიდეო მასალა ამავე თემაზე: https://www.facebook.com/giorgi.abashidze.39566/posts/3039112629688958
წყარო: სოციალური ქსელი facebook-ი