რაზე ისაუბრეს ზელენსკიმ და ბაიდენმა? – ევრონიუსი

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინის საიმედო მოკავშირე იქნება. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინის ლიდერთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე განაცხადა. ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ის შეერთებული შტატების მხარდაჭერას მუდმივად ხედავს. ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში შეხვედრამდე ორი დღით ადრე ჩავიდა, მაგრამ შეხვედრა ჯერ ხერხდებოდა, რადგანაც შეერთებული შტატების ლიდერი ავღანეთიდან ჯარის გაყვანით იყო დაკავებული.

„აშშ-სთვის და მსოფლიოსთვის ამ რთულ მომენტში თქვენ შეხვედრისთვის დრო გამონახეთ, რისთვისაც ძალიან მადლობელი ვარ“ – განაცხადა ზელენსკიმ.

„აშშ უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს და ხედავს თუ რა საფრთხე ემუქრება მის დამოუკიდებლობას რუსეთის მხრიდან“ – განაცხადა ჯო ბაიდენმა ბაიდენმა.

შეხვედრამდე ცოტა ხნით ადრე აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვაშინგტონი კიევს 60 მლნ აშშ დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარებას აღმოუჩენს. კონგრესისთვის გაგზავნილ შეტყობინებაში ადმინისტრაცია იუწყება, რომ დახმარების პაკეტი უკრაინის საზღვართან რუსეთის შეიარაღებული ძალების აქტივობით არის გამოწვეული, ასევე ოკუპაციის ხაზის გასწვრივ ხშირად ხდება ნაღმსატყორცნებიდან დაბომბვები და სხვა სახის პროვოკაციები.

ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დახურულ შეხვედრაზე ზელენსკი და ბაიდენი ისაუბრებდნენ „ჩრდილოეთ ნაკად2“-ზე, რადგანაც ვაშინგტონმა მისი მშენებლობის ბლოკირებაზე უარი განაცხადა. გაზსადენი უკრაინის და პოლონეთის მიერ განიხილება, როგორც კიდევ ერთი გეოპოლიტიკური იარაღი რუსეთის ხელში, რომლითაც ის ევროპაზე ზეწოლას განახორციელებს.

ბარაკ ობამას პრეზიდენტობის დროს, როდესაც ჯო ბაიდენი ვიცე-პრეზიდენტი იყო, ის სწორედ უკრაინის მიმართულებას კურირებდა. ბაიდენი მხარს უჭერდა კორუფციის წინააღმდეგ უფრო აქტიურ ბრძოლას. ზელენსკის ერთ-ერთი პრიორიტეტი სწორედ სისტემურ კორუფციასთან ბრძოლაა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბაიდენს რეფორმების გაგრძელების პირობა მისცა.

ზელენსკიმ და ბაიდენმა ნატოში უკრაინის შესაძლო გაწევრიანების საკითხიც განიხილეს. როგორც თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯენ ფსაკიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ნატოში უკრაინის გაწევრიანების საკითხს აშშ დამოუკიდებლად ვერ მიიღებს. ვაშინგტონი გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას, რომელმაც თავდაცვის სექტორის რეფორმირება უნდა უზრუნველყოს და სხვა ნაბიჯები გადადგას, რათა ნატოში გაწევრიანება შესაძლებელი გახდეს.