სანამ ქართველები არ დაინახავენ რაიმე კონკრეტულ ნაბიჯს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, კრემლიდან წამოსული განცხადებები დიდ წონას არ ატარებს, – ასე აფასებს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობის აღდგენასთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებას.
კელი დეგნანის შეფასებით, ქართველებს კრემლიდან წამოსული ეს განცხადებები არაერთხელ სმენიათ და ბევრად უფრო დამაჯერებელი იქნებოდა, თუ ამ განცხადებებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან გასვლა და ოკუპირებული ცხინვალისა და აფხაზეთის აღიარების შეწყვეტა მოჰყვებოდა.
,,ამ განცხადებებს უნდა მოჰყვეს იმ ვალდებულებების შესრულება, რაც რუსეთმა აღიარა 2008 წელს. მე არ მინახავს რაიმე ნაბიჯი ამ მიმართულებით, ფაქტობრივად ჯერ კიდევ არსებობს ფრენების აკრძალვა და შეზღუდვები ბაზარზე. სანამ ქართველები არ დაინახავენ რაიმე კონკრეტულ ნაბიჯს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, კრემლიდან წამოსული განცხადებები დიდ წონას არ ატარებს“, – აღნიშნა კელი დეგნანმა.
ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, თუ საქართველოს რუსეთთან ნორმალური ცხოვრება სურს, რუსეთი ამისთვის ნებისმიერ დროს მზად არის.
„თუ საქართველოს ნამდვილად სურს არ გაითამაშოს რუსეთის კარტი დასავლეთის მფარველობის შენარჩუნებისთვის, არამედ ჩვენთან, როგორც მეზობლებთან, ნორმალური ცხოვრება სურს, ჩვენ ამისთვის მზად ვართ ნებისმიერ დროს“, – აღნიშნა ლავროვმა.