ავღანეთში განვითარებულ მოვლენებზე ყველაზე ნაკლები პასუხისმგებლობა ამერიკელებმა ექს-პრეზიდენტ დონალდ ტრამპს დააკისრეს.
თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მოღვაწეობის რეიტინგი აგვისტოს განმავლობაში ერთბაშად ექვსი პროცენტით დაეცა, ნათქვამია სოციოლოგიური სამსახურის — Marist Institute-ს კვლევაში, რომელიც რადიო NPR-სა და ტელეგადაცემა PBS NewsHour-ის მარდაჭერით ჩატარდა.
გამოკითხვა ასახავს აშშ-ის მოსახლეობის რეაქციას ავღანეთთან დაკავშირებულ მოვლენებზე.
კვლევის თანახმად, ჯო ბაიდენის მოღვაწეობას დადებითად ამ დროისთვის ამერიკელების 43% აფასებს. ერთი თვის წინ ეს მაჩვენებელი 49% იყო. შესაბამისად, პრეზიდენტის საქმიანობით უკმაყოფილო ამერიკელთა რაოდენობამ 51% შეადგინა — წინა თვეში 44%-ის ნაცვლად. პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა 7%-მა.
იმ ამერიკელთა რაოდენობა, რომლებიც კატეგორიულად არ ამართლებენ ბაიდენის ქმედებებს, აგვისტოს 30%-იანი მაჩვენებლიდან 41%-მდე გაიზარდა.
ამასთან აღინიშნება, რომ აშშ-ის მოსახლეობის 71% მიიჩნევს, რომ შეერთებული შტატების როლი ავღანეთში „წარუმატებელი“ იყო. ამ შეფასებას ეთანხმება დემოკრატების 66% და რესპუბლიკელების 73%.
როგორც კვლევამ აჩვენა, ამერიკელების 61%-ს მიაჩნია, რომ ავღანეთმა „აშშ-ის მონაწილეობის გარეშე უნდა განსაზღვროს თავისი მომავალი“, 29% კი ფიქრობს, რომ აშშ „ვალდებულია“, დარჩეს ავღანეთში.
კვლევის ფარგლებში ამერიკელებს ასევე სთხოვეს, დაესახელებინათ პრეზიდენტი, რომელიც, მათი აზრით, მთავარი პასუხისმგებელია აშშ-ის პოლიტიკის ჩავარდნაზე ავღანეთში.
გამოკითხულთა 36%-მა უპასუხა, რომ პასუხისმგებლობა ჯორჯ ბუში-უმცროსს ეკისრება, 21%-ს მიაჩნია, რომ ეს ჯო ბაიდენია, ხოლო 15%-მა ბარაკ ობამა დაასახელა.
ბოლო თვეში განვითარებულ მოვლენებზე ყველაზე ნაკლები პასუხისმგებლობა ამერიკელებმა ექს-პრეზიდენტ დონალდ ტრამპს დააკისრეს — 12%.
„მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელების უმეტესობა ავღანეთში ამერიკის პოლიტიკის ჩავარდნას ჯო ბაიდენს არ აბრალებს, ბევრი ფიქრობს, რომ ის სწორად ვერ გაუმკლავდა ამერიკული ჯარების გამოყვანას ქვეყნიდან. ავღანეთიდან ამერიკის გამოსვლის ასეთმა დასასრულმა სერიოზულად დააზიანა ბაიდენის რეპუტაცია ამერიკელებს შორის“, — ამბობს Marist Poll-ის დირექტორი ლი მაირინჰოფი.
გამოკითხვაში, რომელიც 26-31 აგვისტოს ჩატარა, 1241-მა სრულწლოვანმა ამერიკელმა მიიღო მონაწილეობა.