6 იანვარს კაპიტოლიუმზე შტურმში მონაწილე ჯეიკობ ჩანსლის 20 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ამის შესახებ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი.
„დღეს ჯეიკობ ენტონი ჩანსლიმ ბრალი აღიარა ოფიციალური საქმის წარმოებისათვის ხელის შეშლასა და 6 იანვარს აშშ-ის კაპიტოლიუმში შეჭრასთან დაკავშირებით დანაშაულში, რის შედეგადაც, აშშ-ის კონგრესის ერთობლივი სესია ჩაიშალა. ჩანსლის კანონით დადგენილი მაქსიმუმი, 20 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება“, – ნათქვამია იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებაში.
აშშ-ის საოლქო სასამართლო განაჩენს მიმდინარე წლის 17 ნოემბერს გამოიტანს. ჯეიკობ ჩანსლი 2021 წლის 9 იანვარს დააპატიმრეს და მას შემდეგ იგი პატიმრობაშია.
როგორც ამერიკული მედია იუწყება, ჯეიკობ ჩანსლი, სავარაუდოდ, ნაკლებად მკაცრ სასჯელს მიიღებს, ვიდრე ფედერალური გაიდლაინებითაა გათვალისწინებული.
6 იანვარს ვაშინგტონში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ, სადაც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ამტკიცებდნენ. დემონსტრანტები ჯო ბაიდენის გამარჯვებას აპროტესტებდნენ. შენობიდან კონგრესმენთა ევაკუაცია განხორციელდა. არეულობის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა. ვითარების გაკონტროლებას რამდენიმე საათი დასჭირდა, რის შემდეგაც, კონგრესმა მუშაობა განაახლა და ჯო ბაიდენის პრეზიდენტის პოსტზე არჩევა დაამტკიცა. აშშ-ის კაპიტოლიუმში შეჭრის საქმეზე ფედერალურმა პროკურორებმა ბრალი 570 ადამიანს წაუყენეს.