აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ხაზი გაუსვა ბაიდენის ადმინისტრაციის მოლოდინს, რომ ავღანეთში „თალიბანის“ ხელმძღვანელობით ჩამოყალიბებული მთავრობა საერთაშორისო საზოგადოების წინაშე აღებული ვალდებულებების შესაბამისად იმოქმედებს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით, ასეთი ვალდებულებები მოიცავს მოგზაურობის თავისუფლების უზრუნველყოფას, ტერორიზმთან ბრძოლას, ქალთა და უმცირესობათა უფლებების პატივისცემასა და ანგარიშსწორების არდაშვებას.
„ჩვენ ვუყურებთ რა ქმედებებს, რა პოლიტიკას განახორციელებს ავღანეთის ახალი მთავრობა. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. არსებობს მოლოდინი, რომ ნებისმიერ მთავრობას, რომელიც ახლა ჩამოყალიბდება, რეალური ინკლუზიურობა ექნება. საბოლოო ჯამში, მოლოდინი არის ისეთი მთავრობის ხილვა, რომელიც შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს“, – აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
30 აგვისტოს აშშ-მა ავღანეთიდან ჯარების გაყვანის დასრულება გამოაცხადა. 15 აგვისტოს „თალიბანის“ წევრები ქაბულში შევიდნენ. ამის შემდეგ აშშ-ის საელჩოდან დიპლომატების ევაკუაცია ვერტმფრენით განხორციელდა. ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ ღანი ქვეყნიდან გაიქცა. „თალიბანი“ ავღანეთს პრაქტიკულად სრულად აკონტროლებს.