ჩვენ გვერდით ცხოვრობდა კაცი, რომელიც სრული გენია იყო. ის რომ სხვა ქვეყანაში დაბადებულიყო, ხელისგულზე ატარებდნენ, მაგრამ ანატოლი გვასალია, რომელმაც 48 ენა იცოდა, გაჭირვებაში ცხოვრობდა და მხოლოდ მაშინ ახსენდებოდათ, როცა უცხოელ სტუმრებთან თავის მოწონება სურდათ.
მსოფლიოში მხოლოდ ორი ათეული ადამიანია, რომლებმაც რამდენიმე ათეული ენა იციან და მათ შორის იყო ფოთელუ ანატოლი გვასალია. 48 ენის გარდა, იცოდა 1500-მდე ჩინური იეროგლიფი, ლაპარაკობდა ინდიელთა ტომების დიალექტებზეც.
ანატოლი გვასალია:
-მამაჩემი ძალზე განათლებული კაცი იყო. შვიდი ენა იცოდა. შვიდი წლის ვიყავი, ესპანურ ენაზე გამოცემული სერვანტესის ,,დონ-კიხოტით” რომ დავინტერესდი. 10 წლიდან მამამ ლათინურის, გერმანულის, ფრანგულისა და ინგლისურის სწავლება დამიწყო.
რაც უფრო მეტი ენა იცი, მით ადვილად ითვისებ ახალ ენას. რამდენიმე ენის შესწავლის შემდეგ მივხვდი, რომ დაავადებული ვიყავი ენების სიყვარულით. თითქმის ყველა მომდევნო ენა სხვენზე მაქვს ნასწავლი. დაახლოებით ერთ წელიწადში თითო ენას ვსწავლობდი.
სულ 48 ენა ვიცი, მაგრამ აქტიურად 24 ენაზე ვლაპარაკობ. თუმცა ამ ბოლო დროს ისე დავძაბუნდი, ქართულად ლაპარაკიც მიჭირს. არც საბჭოთა კავშირის დროს და არც მოგვიანებით მქონია დალხენილი ცხოვრება.ვცხოვრობ ასე, სიღარიბის ზღვარს მიღმა.
– როგორია ქართული ენა?
– ებნერ-ეშენბახს აქვს ნათქვამი, ენის სული ყველაზე კარგად მის უთარგმნელ სიტყვებში ცხადდებაო, იმაში, რასაც ვერც ერთ ენაზე ვერ თარგმნი. ეს ულამაზესი ქართული სიტყვებია ,,შენი ჭირიმე”, ,,შენ გენაცვალე”. აი, ეს არის ენის სული. ქართული ძალზე მდიდარი ენაა, ურთულესი გრამატიკით. არ არსებობს აზრი და ემოცია, რომელიც ქართულ ენაზე არ გამოითქმება.
არ მომწონს ენის გადატვირთვა უცხო სიტყვებით. რით არის ნაკლები შეთანხმება კონსენსუსზე, ნაწარმი – პროდუქტზე, შუამავალი – ბროკერზე? ქართული ენა იმიტომ თავისუფლდება რუსულისგან, რომ ის ინგლისურმა დაიკავოს? მეცინება, უცხო სიტყვათა უაზრო რახარუხს რომ ატეხენ ხოლმე. ჰგონიათ, რაც მეტ ხალხისთვის გაუგებარ სიტყვას იხმარენ, საზოგადოების თვალში ფასი მოემატებათ.ეს ენის შეურაცხყოფაა.
– ალბათ, ქართულის გარდა, არსებობს ენა, რომელიც განსაკუთრებით გიყვართ.
– იტალიური და ესპანური ჩემი საყვარელი ენებია. რატომღაც ძალიან მიყვარს ამერიკელ ინდიელთა ენებიც, მათი დიალექტები… ჩემს ცხოვრებაში არ ყოფილა ბედნიერება და სიხარული ახალი ენის შესწავლით გამოწვეული სიხარულის გარდა. ახლა ლუკმაპურიც კი სანატრელია ჩემთვის. დამპირდნენ, ფოთის საპატიო მოქალაქის წოდება უნდა მოგანიჭოთო და ველოდები. გამიხარდება…
P.S. სტატია დასაბეჭდად მზად იყო, როცა შეგვატყობინეს, რომ ღარიბი და მიუსაფარი ტული გვასალია გარდაიცვალა. მას არც ფოთის საპატიო მოქალაქეობით გამოწვეული სიხარული ხვდა წილად, – წერს ,,კვირის პალიტრის” ჟურნალისტი, ხათუნა პაიჭაძე.
როგორც წერენ, ქართველი გენიოსი უკიდურეს სიღარიბეში გარდაიცვალა 2011 წელს.