ცნობილი რეჟისორი, გია დანელია 25 აგვისტოს 91 წლის გახდებოდა. სოფიკო ჭიაურელის ვაჟი, მხატვარი ნიკუშა შენგელაია გია დანელიას იგონებს:
– დედაჩემი სოფიკო და გია დანელია დეიდაშვილები იყვნენ და ნამდვილი და-ძმასავით უყვარდათ ერთმანეთი. გია ,,სესტრიჩკას” ეძახდა და სოფიკო – ძმას. ფაქტობრივად ერთად გაიზარდნენ, მერე კი მათი ყოველი შეხვედრა ნამდვილი ზეიმი იყო…
ფილმის ,,არ იდარდოს” გადაღება ჩემ თვალწინ მიმდინარეობდა და ნეტავ, იმ დროს, საოცრად ტკბილად მახსოვს ის პერიოდი… ეჰ, რამდენი ერთი უნდა გავიხსენო და გული კიდევ უფრო არ მეტკინოს!
მთელი ბავშვობა და ახალგაზრდობა გია დანელიასთან მაქვს გატარებული… გული დამწყდა, მისი გარდაცვალება რომ გავიგე, მიუხედავად იმისა, უკვე ვიცოდი, უიმედო მდგომარეობა ჰქონდა და თითქოს ყველაფერს შეგუებული უნდა ვყოფილიყავი. ბოლო კვირების განმავლობაში იმდენად ცუდად იყო, რომ ხელოვნურ აპარატზე იყო მიერთებული.
ძალიან დასანანია, რომ იმ საოცარი თაობიდან თითქმის ყველა წავიდა. თაობიდან, რომელმაც ეპოქა შექმნა ქართულ, რუსულ და მსოფლიო კინოში… გია დანელია ჩვენს სახლში იყო გაზრდილი, ვერიკოს გაზრდილები იყვნენ ყველანი და ახლა, სამწუხაროდ, სახლში რომ შევდივარ, აღარავინ არის. უდიდესი გულისტკივილი ახლავს ამ ყველაფერს!
გიასნაირი ადამიანები ცოტანი არიან. დარდობდა, რა ცხოვრება მოვიდა, მე საქართველოში ვერ ჩამოვდივარ და შენ – რუსეთშიო…
ექიმები ნებას არ რთავდნენ, ამიტომ ბოლო წლებში ფრენა აკრძალული ჰქონდა. მე კი რუსეთში რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებიდან გამომდინარე ვერ ჩავდიოდი, ვიზის არქონის გამო… დიდი ხანი ნანახი არ მყავდა და ასე სამშობლოს მონატრებული წავიდა ამქვეყნიდან…