ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს უდიდესი საფრთხე აარიდა – ლევან მამალაძე

ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს უდიდესი საფრთხე აარიდა! ასეთი მაღალი სუვერენული პოზიცია საქართველოს ჯერ არ დაუფიქსირებია!

ავღანეთში აშშ-სა და ნატოს მარცხმა ახალი ვითარება შექმნა მსოფლიოში. თალიბებმა გაანთავისუფლეს თავიანთი სამშობლო საოკუპაციო ძალებისგან. აშშ-სგან კი დიდი რაოდენობით თანამედროვე სამხედრო ტექნიკა ჩაიგდეს ხელში! ამერიკამ სამხედროების გამოყვანა დაასრულა, მაგრამ ასეულობით ათასი ავღანელი, რომლებიც საოკუპაციო ძალებს ემსახურებოდნენ და ადგილობრივ რეჟიმთან თანამშრომლობდნენ თალიბების ანაბარა მიატოვა.

მიუხედავად იმისა, რომ ამერიკამ 2 ტრილიონ დოლარზე მეტი დახარჯა, ავღანეთის მოსახლეობის უმრავლესობამ არ მიიღო დასავლეთის ქვეყნების ცხოვრების წესი და საერთაშორისო ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებულ თალიბანს დაუჭირა მხარი. ამ ვითარებამ მსოფლიოს დაანახა, რომ „დემოკრატიის“ და დასავლური კულტურის ექსპორტი სამხედრო მხარდაჭერითაც კი შედეგს აღარ იძლევა! 2 სექტემბერს აშშ-ს პრეზიდენტმა ბაიდენმა თავის გამოსვლაში განაცხადა, რომ 20 წლიანი სამხედრო ოპერაცია ავღანეთში დასრულდა. მან აღნიშნა, რომ „შეერთებული შტატები სხვა და სახვა ქვეყნებში სამხედრო ჩარევით რეჟიმების შეცვლას აღარ განახორციელებს“. ფაქტობრივად, ეს დასავლეთის პოლიტიკის მარცხის გაფორმებას ნიშნავს. დასავლურმა ფასეულობებმა საერთაშორისო მასშტაბით კრახი განიცადა!

ექსპერტების გათვლით, ავღანეთიდან არაგეგმაზომიერი გამოსვლის შედეგად მილიონზე მეტმა პოტენციურმა ლტოლვილმა მოიყარა თავი. მათ შორის ბევრია ეროვნებით ავღანელი, რომელთაც ამერიკის და ევრო კავშირის მოქალაქეობა გააჩნიათ! აშშ-მ და ნატოს წევრმა ქვეყნებმა, ქაბულში საელჩოები მიატოვეს და ასეთ რთულ ვითარებაში ფიქრობენ თავიანთ მხარდამჭერთა გამოყვანას ავღანეთიდან. მათ არ აქვთ სურვილი ასეთი დიდი რაოდენობის მიგრანტები მიიღონ და ცდილობენ რეგიონში მეზობელი ქვეყნები დააფინანსონ და დაიყოლიონ ლტოლვილების მიღებაზე.