ნარკოტიკული საშუალების გასაღების წინააღმდეგ ბრძოლა მკაცრდება!

ნარკოტიკული საშუალების, ახალი ფსიქოაქტიური, ფსიქოტროპული ნივთიერებების გასაღების წინააღმდეგ ბრძოლა მკაცრდება.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებები განიხილეს, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, კანონპროექტის შემუშავების მიზანია ნარკოტიკული საშუალების, ასევე ახალი ფსიქოაქტიური, ფსიქოტროპული და ძლიერმოქმედი ნივთიერებების გასაღების წინააღმდეგ ბრძოლის გამკაცრება.

ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო გასაღებისათვის პირი დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე. სანქცია იმატებს დასახელებული დანაშაულის დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჩადენისთვისაც. კერძოდ, დიდი ოდენობის შემთხვევაში სასჯელის შუალედი გაიზრდება თორმეტიდან ჩვიდმეტ წლამდე, განსაკუთრებით დიდი ოდენობის შემთხვევაში კი მოიმატებს მხოლოდ სასჯელის მინიმალური ზღვარი და ნაცვლად რვა წლისა, გახდება თოთხმეტი წელი.

– “კანონპროექტის მიღების შედეგად უზრუნველყოფილი იქნება ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება და ნარკოტიკული საშუალების, ასევე ახალი ფსიქოაქტიური, ფსიქოტროპული და ძლიერმოქმედი ნივთიერებების გასაღების მარეგულირებელი კანონმდებლობის გამკაცრება“ – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ.

დღესვე კომიტეტმა განიხილა სამუშაო ჯგუფის შექმნის საკითხი, რომელიც კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ნარკოტიკულ სამართალდარღვევებზე პრობაციისა და „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე უფლებების ჩამორთმევის მდგომარეობის ანალიზისა და პასუხისგებაში მიცემულ პირთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების შესაძლებლობას შეისწავლის.

წყარო: ptn.ge