სახალხო დამცველმა 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით გენერალურ პროკურატურას ზურაბ მახარაძისა და სპირიდონ ცქიფურიშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების მოთხოვნით გენერალურ პროკურატურას მიმართა. ამის შესახებ ინფორმაცია თავად სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ გაავრცელა.
ზურაბ მახარაძე “ალტ-ინფოს” ტელეწამყვანი და ძალადობრივი აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორია. სპირიდონ ცქიფურიშვილი კი დეკანოზი, რომელმაც 5 ივლისის, ძალადობრივი და ჰომოფობიური აქციის დაწყებისას, რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს უთხრა, რომ ღმერთისთვის ძალადობა ვალდებულებაა
“საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ ორგანული კანონის თანახმად, სახალხო დამცველი უფლებამოსილია მოითხოვოს სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება თუ საქმის განხილვის შედეგად მივა დასკვნამდე, რომ არსებობს დანაშაულის ნიშნები, შესაბამისად მე ეს უფლებამოსილება გამოვიყენე და უკვე მივმართე საქართველოს პროკურატურას, რომ მოქალაქეების, ზურაბ მახარაძის და სპირიდონ ცქიფურიშვილის, რომელიც სასულიერო პირია, მიმართ დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა”, – განაცხადა ლომჯარიამ.
ლომჯარიას თქმით, პროკურატურის მიერ სახალხო დამცველისთვის მიწოდებული ინფორმაციით ამ დროისთვის 5 ივლისის საქმეზე დაზარალებულად ცნობილია 53 პირი, სისხლის სამართლებრივი დევნა კი 27 პირის მიმართ, მათ შორის ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით. თუმცა, ლომჯარიას თქმით ამ დრომდე პროკურატურას ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით სისხლის სამართლებრივი დევნა არც ერთი პირის მიმართ არ დაუწყია.
ომბუდსმენის თქმით, მათ შეისწავლეს მედიასაშუალებებით გავრცელებული ვიდეომასალები, რომლის საფუძველზეც სახალხო დამცველის აპარატი მიიჩნევს, რომ საჯაროდ ხელმისაწვდომი მასალები აღწევს დასაბუთებული ვარაუდის, ანუ ბრალის წარდგენის სტანდარტს ზურაბ მახარაძისა და სპირიდონ ცქიფურიშვილის მიმართ. ერთ შემთხვევაში ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მეორე შემთხვევაში ძალადობრივი ქმედების საჯაროდ მოწოდებისთვის.
“დევნის დაწყების წინადადებას საფუძვლად დაედო საჯაროდ გავრცელებული ვიდეომასალები, რომლითაც დასტურდება, რომ 5 ივლისის ძალადობრივ მოვლენებამდე “ალტ-ინფოს” ეთერით, ზურაბ მახარაძე და სხვა პირები განუწყვეტლივ აანონსებდნენ ძალადობას თბილისი პრაიდის მიერ დაგეგმილ ღონისძიებაში მონაწილე პირთა მიმართ. ძალადობრივი მოწოდებები ასევე მისი მხრიდან ისმოდა ჟურნალისტთა მისამართითაც.
ამავე პირებმა სატელევიზიო ეთერით გაავრცელეს ინფორმაცია ჯგუფების შექმნის შესახებ, რომელთა პირდაპირი დანიშნულება იქნებოდა 5 ივლისს ძალადობა. სახალხო დამცველის წინადადებაში დასაბუთებულია, რომ 5 ივლისამდე ზურაბ მახარაძე არა მარტო აანონსებდა ძალადობას, არამედ 5 ივლისს ის უშუალოდ ხელმძღვანელობდა ჯგუფურ ძალადობას, მათ შორის საკანონმდებლო ორგანოს წინ დადგმული საპროტესტო კარვების გატანას და “სირცხვილისა” და “პრაიდის ოფისების დარბევის მიზნით სხვადასხვა ჯგუფების გამოყოფას”, – განმარტა ლომჯარიამ.
გარდა ამისა, სახალხო დამცველმა კიდევ ერთი წინადადებით მიმართა გენერალურ პროკურატურას, და ძალადობრივი ქმედებისკენ საჯაროდ მოწოდების ფაქტზე სპირიდონ ცქიფურიშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება მოითხოვა:
“დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით დადგინდა, რომ 5 ივლისს ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელმა, დეკანოზმა სპირიდონ ცქიფურიშვილმა მიკროფონით, ხმის გამაძლიერებელი საშუალებით მოუწოდა მოქალაქეებს ძალადობისკენ, რითაც იმ ვითარებაში ის გასცდა გამოხატვის თავისუფლებას და ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით აკრძალული ქმედება, ძალადობისკენ მოწოდება, რომელიც ქმნის ძალადობრივი ქმედების განხორციელების აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს”, – განაცხადა ლომჯარიამ.
ლომჯარიას თქმით, სახალხო დამცველი 5 ივლისს ძალადობრივ ფაქტებთან დაკავშირებით და მიმდინარე გამოძიების გარშემო ინფორმაციის მოძიებას აგრძელებს.
სახალხო დამცველის განმარტებით, ომბუდსმენის აპარატს არ აქვს გამოძიების მასალებზე წვდომა, რის გამოც მათ მხოლოდ საჯაროდ გავრცელებული მასალები შეისწავლეს, რომლის საფუძველზეც ამ ეტაპზე ორგანიზატორობისთვის მხოლოდ ორი პირისთვის არის შესაძლებელი ბრალის წარდგენის მოთხოვნა. თუმცა, ლომჯარიას თქმით, მახარაძის გარდა არიან სხვა პირებიც, რომლებიც წინასწარ აანონსებდნენ ძალადობას და სახალხო დამცველმა გენერალურ პროკურატურას მიმართა, რომ სხვა პირების მიამრთაც მოიპოვოს დამატებითი მტკიცებულებები, რაც ომბუდსმენისთვის ხელმისაწვდომი არ არის.
“ნეტგაზეთი”