კორონავირუსის შტამების ჩამონათვალს კიდევ ორი ახალი ვარიანტი შეემატა – რა უნდა ვიცოდეთ

კორონავირუსის შტამების ჩამონათვალს კიდევ ორი ახალი ვარიანტი შეემატა.

ბოლო პერიოდში მეცნიერებისა და ექსპერტების ყურადღება კოვიდის ორმა – სამხრეთ აფრიკულმა (C.1.2.) და კოლუმბიურმა (Mu) შტამებმა მიიპყრო.

კოვიდის ახალ შტამებს მეცნიერები დაკვირვებით და დიდი სიფრთხილით სწავლობენ.

|კოვიდის კოლუმბიური Mu შტამი – რა ვიცით!?

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) კორონავირუსის ახალ ე.წ. Mu მუტაციას სწავლობს.

კოვიდის Mu იგივე B.1.621 შტამი პირველად იანვარში, კოლუმბიაში აღმოაჩინეს. აღსანიშნავია, რომ WHO-მ Mu ე.წ. „საყურადღებო ვარიანტების“ კატეგორიას უკვე მიაკუთვნა. ეს ნიშნავს იმას, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ახალი შტამის შესწავლას განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს. ისევე, როგორც ეს დელტა და ალფა ვარიანტების დროს მოხდა, რომლებმაც შესწავლის შემდეგ „შემაშფოთებული ვარიანტების“ სიაში გადაინაცვლეს.

WHO-ს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, Mu ვარიანტს ისეთი მუტაციები აქვს, რომელმაც ის, შესაძლოა, ვაქცინების მიმართ რეზისტენტული გახადოს. თუმცა, ამის დაზუსტებას ჯერ კიდევ ბევრი კვლევა სჭირდება.

ამ დროისთვის Mu ვარიანტის შემთხვევები სამხრეთ ამერიკასა და ევროპაშია გამოვლენილი.

|კოვიდის სამხრეთ აფრიკული (C.1.2.) მუტაცია

კოვიდის სამხრეთ აფრიკული ვარიანტი (C.1.2.) პირველად მაისში აღმოაჩინეს. ბოლოს ჩატარებული კვლევის მიხედვით, რომელიც medrxiv-ზე გამოქვეყნდა, ამ დროისთვის ვირუსის C.1.2. ვარიანტი 7 ქვეყანაშია გამოვლენილი (კონგო, მავრიკი, ახალი ზელანდია, პორტუგალია და შვეიცარია).

WHO-ს COVID-19-თან ბრძოლის ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელის, მარია ვან კერჰოვეს განცხადებით, ვირუსის C.1.2 შტამის აღმოჩენის შემდეგ, ჯერჯერობით მსოფლიოში სამხრეთ აფრიკული მუტაციის 100 შემთხვევაა დადასტურებული.

სამხრეთ აფრიკის გადამდები დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის (NICD) განცხადებით, კოვიდის C.1.2. ვარიანტს ყურადღების მიქცევა და შესწავლა სჭირდება. მათივე თქმით, დღესდღებით სამხრეთ აფრიკაში ვირუსის სხვა ვარიანტებზე მეტად მაინც დელტა შტამი დომინირებს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას (WHO) კოვიდის სამხრეთ აფრიკული მუტაცია ე.წ. „საყურადღებო ვარიანტების“ კატეგორიისთვის ჯერ არ მიუკუთვნებია.

ექსპერტების თქმით, C.1.2 ვარიანტს დელტა შტამის მსგავსი მუტაციები აქვს.

„სამხრეთ აფრიკული შტამი შეიცავს ისეთ მუტაციებს, რომლებსაც წინა შტამებშიც შევხვედრივართ და რომლებიც შემდეგ ჯანმოს ე.წ. „საყურადღებო ვარიანტების“ კატეგორიაში მოხვდნენ. ჯერჯერობით მას ყურადღებით ვაკვირდებით და შემდეგ გადავწყვეტთ როგორ ჯობს მოქცევა. გადამწყვეტი მაინც იმის გაგებაა, რამდენად შეუძლია დაუსხლტეს ვაქცინას, ასევე რა სისწრაფით ვრცელდება ის“ – განაცხადა სიდნის კლინიკური სკოლის წარმომადგენელმა, მეგან სტეაინმა The Guardian-თან საუბარში.

სამხრეთ აფრიკის გადამდები დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის მკვლევრის, პენი მურის თქმით, ჯერჯერობით იმის თქმა, რომ C.1.2 შტამი ანტისხეულების მოქმედების უნარს ასუსტებს, არ შეიძლება. როგორც პენი აღნიშნავს, ვარიანტის შესახებ ჯერ კიდევ ბევრი რამე არაა ცნობილი და კვლევის პროცესშია.

კლივლენდის მიკრობიოლოგიის განყოფილების დირექტორის, დანიელ როადსის თქმით, ჯერჯერობით კოვიდის სამხრეთ აფრიკული მუტაცია შემაშფოთებელი არაა.

„ჯერჯერობთ არაფერი საგანგაშო არაა. დღესდღეობით ყველაზე დიდი პრობლემა მაინც კოვიდის დელტა შტამია, რაც მე ძალიან მაფიქრებს“ – განაცხადა როადსიმ.

|კოვიდის კიდევ რომელ ვარიანტებს აკვირდება WHO

დღესდღეობით ჯანმოს ე.წ. „საყურადღებო ვარიანტების“ კატეგორიას ვირუსის შემდეგი შტამები მიეკუთნებიან:

Eta – 2020 წლის დეკემბერში რამდენიმე ქვეყანაში ერთდროულად აღმოაჩინეს;
Iota – პირველად 2020 წლის ნოემბერში აშშ-ში აღმოაჩინეს;
Kappa – 2020 წლის ოქტომბერი, ინდოეთი;
Lambda – 2020 წლის დეკემბერი, პერუ;
Mu – 2021 წლის იანვარი, კოლუმბია;

ე.წ. „შემაშფოთებულ ვარიანტებს“ ანუ ისეთ ვარიანტებს, რომელთაც პანდემიის გაუარესებს პოტენციალი აქვთ, კოვიდის შემდეგი შტამები მიეკუთვნება:

Alpha – პირველად აღმოაჩინეს 2020 წლის სექტემბერში დიდ ბრიტანეთში;
Beta – 2020 წლის მაისი, სამხრეთ აფრიკა;
Gamma – 2020 წლის ნოემბერი, ბრაზილია;
Delta – 2020 წლის ოქტომბერი, ინდოეთი;

მომზადებულია THE HILL-ის USA TODAY-ის, DW- ის, ABC NEWS-ის, France 24-ის მიხედვით

ავტორი: ნინი ტაველიძე, საინფორმაციო სააგენტო PTN.ge