„ვხედავთ, რომ, შედარებით, ეპიდვითარება გაუმჯობესდა, მძიმე პიკმა გადაიარა, მაგრამ, ასეთი პატარა ქვეყნისთვის, ინფიცირების არსებული რაოდენობაც ბევრია“, – ამბობს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს განყოფილების ხელმძღვანელი, მარინა ენდელაძე.
მისივე თქმით, აუცილებელია, ვაქცინაციის ტემპი გაიზარდოს და მოსახლეობამ რეკომენდაციები დაიცვას.
„თუ ძალიან არ გავფრთხილდებით, ვაქცინაციის ტემპი უფრო არ მოიმატებს და რეგულაციებს სათანადოდ არ დავიცავთ, არის საშიშროება და მოსაზრება, რომ, შეიძლება, მეხუთე ტალღაც იყოს. ვფიქრობ, თანდათან, ვაქცინირებულები წამოგვეწევიან და იმედი მაქვს, რომ მეხუთე ტალღა ისეთი მძიმე არ იქნება, როგორიც – მეოთხე“, – ამბობს მარინა ენდელაძე.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 572 948 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 531 764, გარდაიცვალა 8 035 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.
“იმედინიუსი”