მეზვრიშვილი: გამოვრიცხავ, გიორგი გახარიას წინააღმდეგ ნარკოტიკებთან დაკავშირებით კომპრომატები არსებობდეს.
პარტიის „საქართველოსთვის“ წევრი ნათია მეზვრიშვილი გამორიცხავს, რომ გიორგი გახარიას წინააღმდეგ ნარკოტიკებთან დაკავშირებით კომპრომატები არსებობდეს.
როგორც მეზვრიშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა, კახა კალაძემ ნარკოტესტზე საუბარი იმიტომ წამოიწყო, რომ საზოგადოების ყურადღება გადაიტანოს და გახარიასთან დებატებს თავი აარიდოს.
– “ჩვენი პარტიის ერთ-ერთი მხარდამჭერს შიდა ქართლში იარაღი ჩაუდეს, დაემუქრნენ, პროკურატურას ამაზე გამოძიებაც არ დაუწყია. ამაზე მეტსაც ველოდებით. „ოცნებისგან“, რომელიც ხელისუფლების დაკარგვის პირას დგას და ფაქტობრივად დღეებს ითვლის, აბსოლუტურად ყველაფერი მოსალოდნელია. რაც შეეხება ამ საკითხს, რამდენიც არ უნდა ეცადოს ბატონი კალაძე, რომ ვითომ რაღაც კამპანია წამოიწყო და ამის უკან არაფერი დგას, ამის უკან დგას მარტივი რამ, კალაძემ ეს ყველაფერი გააკეთა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ დებატებიდან საზოგადოების ყურადღება გადაეტანა და გახარიასთან პირისპირ დებატებისთვის თავი აერიდებინა.
ზოგადად, „ოცნება“ ყველაფრის მკადრებელია, ისეთ მეთოდებს იყენებს, მაგრამ ამასთან დაკავშირებით გამორიცხულია, წარმოუდგენელია. მათგან ზოგადად ფაბრიკაციები და ყველაფერი მოსალოდნელია. ბევრი საქმე გვაქვს და კალაძის გადასაწყვეტი არაა, როდის მივა ტესტზე. როცა გვეცლება, მაშინ გავაკეთებთ ამას“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.
წყარო: itv.ge