მართლმსაჯულებისთვის შესაძლო ხელის შეშლის გამოძიების ფარგლებში, გერმანიის პროკურატურამ ფინანსთა და იუსტიციის სამინისტროებში ჩხრეკა ჩაატარა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
პროკურატურის განცხადებაში ნათქვამია, რომ 2020 წლიდან ფინანსური ზედამხედველობის სამსახურის მიმართ გამოძიებას ატარებენ, რადგან უწყება ფულის გათეთრების შესახებ ბანკების მიერ გაკეთებულ ანგარიშებს პოლიციასა და სასამართლო ორგანოებს არ უგზავნიდა.
გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც ბანკმა ფინანსური ზედამხედველობის სამსახურს აფრიკაში საეჭვო ტრანზაქციის (მილიონ ევროზე მეტი) შესახებ შეატყობინა. ბანკი მიიჩნევდა, რომ აღნიშნული ტრანზაქცია შესაძლოა დაკავშირებული ყოფილიყო იარაღითა და ნარკოტიკებით ვაჭრობასა და ტერორიზმის დაფინანსებასთან.
თავის მხრივ, ფინანსური ზედამხედველობის სამსახურმა აღნიშნული ანგარიში სამართალდაცველებს არ გადაუგზავნა.
პროკურატურაში აცხადებენ, რომ ისინი ასევე იკვლევენ იმ ფაქტს, რომ მას შემდეგ, რაც 2017 წელს ფინანსური ზედამხედველობის სამსახურმა ფულის გათეთრების საქმეებზე კონტროლი აიღო, საეჭვო საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მკვეთრად შემცირდა.
ამჟამად პროკურატურას სურს დაადგინოს, რამდენად იყვნენ ფინანსთა და იუსტიციის სამინისტროების ოფიციალური პირები ფინანსური ზედამხედველობის სამსახურის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში ჩართულნი.
წყარო: newposts.ge