მაინც რით იყო გამოწვეული უღარიბესი ქვეყნის, უღარიბესი ბიუჯეტის მქონე მთავრობის მეთაურის „დიდსულოვანი“ განცხადება — ფული არ გვინდაო?! ვისაც კინოფილმი „მიმინო“ აქვს ნანახი, გაახსენდება ასეთი სიუჟეტი: მოსკოვის აეროპორტში მყოფი ვალიკო, რომელსაც კინომსახიობი ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე ასრულებდა და რომელსაც ჩაის დასალევი კაპიკებიღა ჰქონდა შემორჩენილი ჯიბეში, „დიდსულოვნად“ ეუბნება გამყიდველს — “сдачи не надо” – ხურდა არ მინდაო.
ანდა რად ღირს ანეკდოტი — ქართველი რომ მოსკოვში ჟეტონს აწვდის „გარდერობშიცას“ სიტვებით — „პალტო ნე ნადაო“.
ძველი ანეკდოტია, მაგრამ ზედგამოჭრილი საჯდომზე შარვალგამოხეულ საქართველოს პრემიერზე. ერთი წელი არცაა, რაც ჩვენმა მამა-მარჩენალმა ბიძინა ივანიშვილმა დაგვიბრუნა „საყვარელი“ პრემიერი. ამ მოკლე პერიოდში იმდენმა ანტიოცნებურმა პრობლემამ იჩინა თავი, იმდენმა გამაღაზიანებელმა ფაქტორმა, რომ გონებააბნეული პრემიერი და მისი მთავრობა, მთლიანობაში მმართველი პარტია, პრობლემების მოგერიების პროცესში გადაიღალა და სრულ უვიცობას, უსუსურობას ავლენს მამა-მარჩენალის გულდასაწყვეტად.
მაგრამ აქვს კი ივანიშვილს პრობლემების სერიოზულად აღქმის უნარი?
რასაც ჩვენ, მომაკვდავი რიგითი მოქალაქეები ვხედავთ — არ აქვს! რომ ჰქონდეს, ამ მთავრობისგან — უცოდინარისა და ბრიყვისგან, უმალ გაათავისუფლებდა ქვეყანას. მაგრამ არა! ჩანს მასაც, ისე სტკივა საქართველო, როგორც ღარიბაშვილს, კობახიძეს, კალაძეს, სხვა „ოცნებელებს“.
რატომ გამოგვიყო ევროკავშირმა 150 მილიონი ევროს დახმარება? – „კოვიდ-19“-თან საბრძოლველად. გარდა ამისა, სასამართლო სისტემაში რეფორმების გასატარებლად, შარლ მიშელის მიერ შემუშავებული დოკუმენტის აღსასრულებლად.
აღნიშნულის თაობაზე არაერთხელ განაცხადა ბრიუსელმა, თუმცა საქართველოს ხელისუფლებამ ფეხებზე დაიკიდა. უმაღლესი სასამართლოს ახალი მოსამართლეების დანიშვნისას არ შეასრულა ევროკავშირის მოთხოვნა — კანონმდებლობის შეცვლა, არ გაითვალისწინა ვენეციის კომისიის რეკომენდაციებიც.
საქართველოს პარლამენტმა 9-დან 6 კანდიდატს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობაზე თანხმობა მისცა. სხდომაში ოპოზიციას არ მიუღია მონაწილეობა, რასაც ევროკავშირი დარღვევად მიიჩნევს და უარს ამბობს მეორე ტრანშის, ანუ 75 მილიონი ევროს გამოგზავნაზე. პირველი საქართველომ უკვე მიიღო. რა გამოდის?
ღარიბაშვილმა, რომელმაც გაიგო, რომ დავალების შეუსრულებლობის გამო ევროკავშირი აღარ აპირებს 75 მილიონის გადმორიცხვას, განაცხადა — რომ ვითომ ის არის უარზე ამ ფულის მიღების, იმის შიშით, რომ არ გაზარდოს ქვეყნის ვალი. არადა, ევროკავშირის მიერ გამოყოფილი 150 მილიონი ევრო დახმარებაა და არა სესხი.
ახლა დავსვათ მარტივი კითხვა — რა უფლება აქვს პრემიერ-მინისტრს უარი თქვას ხალხის დასახმარებლად გამოყოფილ ფულზე?
არც არაფერი. ღარიბაშვილო! ევროკავშირმა ეს ფული არა შენ ან შენს მთავრობას, არამედ ხალხს — მშიერსა და მწყურვალს, გამოუყო „კოვიდ-19“-ნ საბრძოლველად. მისი მოთხოვნა იყო იმ რეფორმების შესრულება, რომელსაც ხელი მოაწერე. შენ რა გააკეთე?! უარი თქვი რეფორმებზე, განსაკუთრებით იმაზე, რომ ადგილობრივ არჩევნებში 43% არმიღების შემთხვევაში, დანიშნავ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს.
არა მარტო შენ, ღარიბაშვილო, არამედ შენი პარტიის თავმჯდომარე კობახიძეც იმ აზრს ადგას, რომ არავითარ ვადამდელ არჩევნებს ადგილი არ ჰქონდეს. აი, მისი სიტყვები: „ქვეყანა კონსტიტუციურ სივრცეს დაუბრუნდა და არავითარ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ადგილი არ ექნება, თუნდაც მმართველმა პარტიამ ერთი პროცენტიც ვერ მიიღოს ადგილობრივ არჩევნებში“.
რა გამოდის?! ღარიბაშვილი უარს ამბობს ხალხისთვის გამოყოფილ ფულზე, იმიტომ, რომ არ უნდა ევროკავშირის დავალების შესრულება — 43% არმიღების შემთხვევაში, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა. ღარიბაშვილის, კალაძის, კობახიძის, სხვების მიზანი ერთია ადმინისტრაციული რესურსის, სხვა მავნე გზების გამოყენებით ადგილობრივი არჩევნების მოგება, თან დიდი ანგარიშით.
ასეთ დროს ვის აინტერესებს ხალხი — მშიერი, გაუბედურებული. მას 2 ოქტომბერს გაიხსენებენ, მანამდეც თეთრებს გადაუგდებენ და მორჩა. ისიც — ყვავს კაკალი გააგდებინეს ფილოსოფიას დაუფლებული, შეირგებს ამ თეთრებს და როდესაც არჩევნები ჩამთავრდება, მერე დაიწყებს უსაგნო ჟივჟივს.
რა გაეწყობა, ასეთია უპასიხისმგებლო ხალხის ბედი, რომელსაც მომავალი არ აქვს. იძახეთ ახლა — ივანიშვილმა სამება ააშენაო.
ჰამლეტ ჭიპაშვილი