რადიომსმენელების უმრავლესობას – 55% ძირითადად მოთხოვნა სპეციალიზებული რადიოს, 25%-ს კი საერთო რადიომაუწყებლობის მიმართ აქვთ, ხოლო საერთო რადიოების ფუნქციონირებას მსმენელები მთელი ქვეყნის მასშტაბით ითხოვენ. აღნიშნული შედეგი რადიომაუწყებლობის პრიორიტეტების დადგენის მიზნით ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომელიც კომუნიკაციების კომისიამ გამოაქვეყნა.
კვლევის ფარგლებში ყურადღება გამახვილებული იყო საზოგადოების დამოკიდებულებასა და მოთხოვნაზე როგორც კერძო სპეციალიზებული რადიომაუწყებლობის, ისე კერძო საერთო რადიომაუწყებლობის თემატიკისადმი, ასევე მოთხოვნაზე რეგიონულ (ადგილობრივ) რადიოსადგურის არსებობაზე, რომელიც აქცენტირებული იქნებოდა ადგილობრივი ამბების გაშუქებით. გამოკითხვა ასევე მოიცავდა თემატიკისა და ჟანრების მოთხოვნისა და ადგილობრივ რადიოებზე ხელმისაწვდომობის, რაოდენობისა და მათი დაფარვის ხარისხის შესახებ ინფორმაციას.
გამოკითხული რესპონდენტების შეფასებით, ქართული რადიოსივრცე ძირითადად გასართობი (მუსიკალური) და პოლიტიკური ხასიათისაა, თუმცა აღნიშნავენ, რომ რადიო მრავალფეროვან თემატიკასაც ფარავს. კვლევის შედეგად, ეროვნული რადიოს დაჭერის ხარისხი დადებითად ფასდება, ხარვეზები ძირითადად შორ დისტანციაზე ან მაღალმთიან რეგიონში გადაადგილებისას ფიქსირდება, თუმცა ადგილობრივი რადიოების დაჭერის ხარისხი საკმაოდ დაბალია. კვლევის შედეგად ძირითადი საჭიროებები რადიო გადაცემების შინაარსსა და ფორმატს, ასევე რადიოს ხელმისაწვდომობის ტექნიკურ მხარეს და რადიომაუწყებლობის პოპულარიზაციის მნიშვნელობას ეხება.
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც კვლევის შედეგად გამოვლინდა იდეალური რადიოა. რესპონდენტების უმრავლესობისთვის იდეალური რადიო არის მრავალფეროვანი თემატიკის და სხვადასხა ტიპის მუსიკალური ჟანრის, აქვს ანალიტიკური გადაცემები და ნაკლებად პოლიტიკურია. იდეალური რადიოს შემთხვევაში, მსმენელები ინტერაქციულ გადაცემებს ითხოვენ და დაკომპლექტებულია ენერგიული წამყვანებით, რადიომაუწყებლის ბადე მიყვება ადამიანის სამუშაო განრიგს. კვლევის შედეგად მოთხოვნა იდეალური რადიოს მიმართ გამოიკვეთა, რომელიც არის მარტივად მოსახმარი, ნებისმიერი რადიომოწყობილობის საშუალებით, განსაკუთრებით კი მობილურით და ავტოსატრანსპორტო საშუალების მიმღებით, აქვს საკუთარი აპლიკაცია და ვებ-გვერდი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია მისი მოსმენა, გადაცემების ძებნისა და გადახვევის შესაძლებლობა.
საზოგადოებრივი აზრის კვლევა საქართველოს მასშტაბით, 14 სამაუწყებლო ზონაში, მათ შორის თბილისში, კახეთში, მცხეთა-მთიანეთში, სტეფანწმინდასა და გუდაურში, შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, იმერეთში, რაჭაში, ლეჩხუმში, ქვემო სვანეთში, სამეგრელოში, სვანეთში, გურიასა და აჭარაში ჩატარდა. გამოკითხვა, რომელიც თვისებრივ და რაოდენობრივ კვლევას მოიცავს, მონაწილეობა 25 მაისიდან 26 ივლისის პერიოდში 4200-მა რესპონდენტმა მიიღო.
წყარო: itv.ge