მეგის ქარდავა ექსტრადაციის მოლოდინში – ვნახოთ, რატომ დააჯილდოვა ორჯერ მიხეილ სააკაშვილმა

უკრაინის იუსტიციის სამინისტრომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი მეგის ქარდავა საექსტრადაციო პატიმრობაში გადაიყვანა და სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში მისი საქართველოში ექსტრადირება განხორციელდება.

ექსტრადირების შესახებ იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილება მეგის ქარდავას უკვე ჩაბარდა.

აღსანიშნავია, რომ ქარდავა შეცვლილი გარეგნობით და შეცვლილი ვინაობით უკრაინაში ჯერ კიდევ 2017 წელს დააკავეს, რამდენიმე თვეში კი შინაპატიმრობაში გადაიყვანეს. მაშინ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უშიშროების ყოფილ მაღალჩინოსანთან ყოველგვარი ნაცნობობა უარყო და განაცხადა:

„მეგის ქარდავა ვინ არის, ვიცი ზუსტად თქვენსავით და ტელევიზიით. ცხოვრებაში ამ ადამიანს არ შევხვედრივარ“.

სააკაშვილის უარყოფის მიუხედავად ცნობილია, რომ მან მეგის ქარდავა ორჯერ დააჯილდოვა – ვახტანგ გორგასლის და ღირსების მედლებით. 2010 წლის 20 დეკემბრის საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის №1168 განკარგულებაში აღნიშნულია, რომ ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ორდენი მეგის ქარდავას, ქვეყნის უსაფრთხოებისა და კონსტიტუციური წყობილების დაცვის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის გადაეცა. განკარგულების თანახმად, მოცემულ დროს მეგის ქარდავა შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე-დეტექტივების სამმართველოს უფროსად მუშაობდა.

No description available.

ღირსების ორდენი მიხეილ სააკაშვილმა მეგის ქარდავას 2012 წელსაც გადასცა. როგორც 2012 წლის 19 მაისის, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის №19/01/05 განკარგულებაშია აღნიშნული, ღირსების ორდენი მეგის ქარდავას, სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულების, მაღალი პროფესიონალიზმისა და ღირსეული სამსახურისთვის გადაეცა. განკარგულების თანახმად, მოცემულ დროს მეგის ქარდავა საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსად მუშაობდა.

ცნობისთვის: ქარდავას ბრალი ედება რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეში. მათ შორის, სამეგრელოში აღმოჩენილი საიდუმლო სამალავების საქმეზე 2014 წელს მას დაუსწრებლად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ის არის ერთ-ერთი ფიგურანტი სერგო თეთრაძის წამების ორგანიზების საქმეში სასჯელაღრსრულების ყოფილ მინისტრ ბაჩო ახალაიასთან ერთად.

მეგის ქარდავას გენერალ რომან დუმბაძის მკვლელობის საქმეზე ბრალი წაუყენეს 109-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას ითვალისწინებს. გამოძიება მას დანაშაულის ორგანიზებას და მკვლელობის დაკვეთას ედავება; ასევე თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტიდან თანხების მითვისების გამო, ქარდავას 2013 წელს დაუსწრებლად შეეფარდა პატიმრობა და მასზე გამოცხადდა ძებნა.