პური ისევ გაძვირების ზღვარზეა. ერთი ტონა რუსული ხორბლის ფასმა ლამისაა 300 დოლრს მიაღწიოს, საქართველოში გადამუშავებული 1 ტომარა ფქვილი უკვე 67 ლარი ღირს. ვითარებას აბალანსებს ადგილობრივი მოსავალი, მაგრამ ის ბაზარს დიდხანს ვერ ეყოფა. არჩევნების შემდეგ ქვეყანაში ან იაფი მარცვლეული უნდა შემოვიდეს, ან მთავარი სამომხმარებლო პროდუქტი უნდა გაძვირდეს.
როგორც პურის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი მალხაზ დოლიძე ამბობს, უკვე ჭირს პურის ფასის შენარჩუნება, ამიტომ ქმედითი ნაბიჯია გადასადგმელი როგორც მთავრობის, ასევე ინდუსტრიის წარმომადგენელთა მხრიდან.
„ადგილობრივმა მრეწველობამ შეუფერხებლად რომ იმუშაოს, უნდა შემოვიდეს შედარებით იაფი პროდუქტი. ფქვილზე აწესებენ გარკვეულ კვოტირებას, რომ გადამამუშავებელმა სექტორმა იმუშაოს, მაგრამ არის მეორე ვარიანტი, როცა ადგილობრივი წარმოება ძვირდება, უნდა შემოვიდეს ფქვილი, რომ ფასი დაბალანსდეს.
სუბსიდირება როცა დასრულდა, პირველი ფასი, რაც ფქვილზე დადგინდა, 62 ლარი იყო, ამიტომ პური, სულ მცირე, 10 თეთრით გაძვირდა. ახლა 1 ტომრის ფასი უკვე უახლოვდება 67 ლარს.
აგვისტოში ცნობილი გახდა აშშ-ის სოფლის სამინისტროს განცხადება ხორბლის რეზერვების შესახებ, რომ მოსავალი არ არის კარგი და, შესაბამისად, ფასმაც დაიწყო ზრდა. ცვლილება შეეხო რუსულ ხორბალსაც და 1 ტონა 20 დოლარით გაძვირდა. კრასნოდარსა და სტავროპოლში მოსავალი ჯერ კიდევ არ არის დაბინავებული. ჩვენ ფქვილის იმპორტს თუ გავააქტიურებთ, მინიმუმ, 2-4-ლარიანი შეღავათი იქნება შემომტანებისთვის. ეს მაინც იაფია, ვიდრე ძვირი ხორბალი, მეპურისთვის თითო ლარს მნიშვნელობა აქვს“, – განაცხადა დოლიძემ.
რუსული საექსპორტო ხორბლის ფასი ბოლო დღეებში მართლაც გაიზარდა და ახალ ერთი ტონა საშუალოდ 280-285 დოლარი ღირს. შესაძლებელი იქნება თუ არა წელს, ბაზრის დივერსიფიცირება და ყაზახეთიდან, ან სხვა რომელიმე მესამე ქვეყნიდან ხორბლის შემოტანა? ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელის ლევან სილაგავას თქმით, ამაზე უფრო ზუსტად საუბარი 15 სექტემბრის მერე იქნება შესაძლებელი, როცა ყაზახეთში ხორბლის მოსავლის აღება დაიწყება.
„ყაზახური ხორბლის აღება, როგორც წესი, სექტემბრის შუა რიცხვებიდან იწყება. ციმბირი და ყაზახეთი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, ერთად იწყებენ აღებას, თუმცა უკვე ვიცით, რომ არც ფასების და არც მოსავლის კუთხით იქ სიტუაცია სახარბიელო არ არის. თუ არ ჩავთვლით ერთ ასპექტს, რომელიც თავისთავად სამწუხაროა, თუმცა ბაზრისთვის შეიძლება იყოს ეფექტური. ყაზახეთი ძალიან დიდი რაოდენობით ფქვილსა და ხორბალს ყიდის ავღანეთში, სადაც ვიცით, რომ საკმაოდ არასტაბილური პოლიტიკური მდგომარეობა შეიქმნა და შესაბამისად, ხორბალი, რომელიც ავღანურ ბაზარზე იყო გათვლილი, სავარაუდოა, რომ სხვაგან, მათ შორის საქართველოში გადანაწილდეს. ეს ზუსტად 15 სექტემბრის მერე გვეცოდინება. იმ პერიოდში გვეცოდინება გაიაფდება თუ არა ყაზახური ხორბალი ისე, რომ ხორბლის ბაზრის დივერსიფიცირება წელს შესაძლებელი გახდეს.
რაც შეეხება უკრაინას, იქ მოყვანილი ხორბალი რუსულ ხორბალთან შედარებით ყოველთვის ძვირია. ალტერნატივაა რუმინული, უნგრული, ფრანგული ხორბალი, თუმცა წელს ფსიქოლოგიური მაღალი ფასის ბარიერი ევროკავშირის წევრი ქვეყნების ხორბალმაც გადალახა. ახლა ვართ მოლოდინის რეჟიმში, როგორი იქნება ტრენდი, რომელიც ახლა შეუქცევადად აღმავალია“ – განუცხადა სილაგავამ „ბიზნესპრესნიუსს“.
წყარო: itv.ge