საქართველოში ჩემი ექსტრადიცია დაჩქარებულია პოლიტიკური შეთანხმების გამო — ქარდავა

ფეისბუქზე უკრაინაში მყოფი და საქართველოში სისხლის სამართლის არაერთ საქმეზე მსჯავრდებული მეგის ქარდავას განცხადება ვრცელდება. თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ამტკიცებს, რომ რომ საქართველოში მისი ექსტრადიციის პროცესი “დაჩქარებულია”, რაც “პოლიტიკური შეთანხმების აქტია” კიევსა და თბილისს შორის.

 

“არაფორმალური გაცვლა”

“[ეს შეთანხმება] უკავშირდება პოლიტიკური პატიმრების, ჩვენი უკრაინელი ძმების ქოცხელისუფლების ტყვეობიდან დახსნას ანუ წარმოადგენს არაფორმალურ გაცვლას ორ სახელმწიფოს შორის, რომელიც ასევე გამოყენებული იქნება “ქართული ოცნების” მიერ ტრადიციული რუსული ღვარძლისა და ზიზღის პროპაგანდაზე დაფუძნებული წინასაარჩევნო კამპანიისთვის”, — ვკითხულობთ განცხადებაში, რომლის ბოლოსაც მითითებულია, რომ ტექსტს ყოფილი მაღალჩინოსნის მეუღლე ავრცელებს მისივე თხოვნით.

დღეს გავრცელებულ განცხადებაში ქარდავა დასძენს, რომ 2012 წლის შემდეგ თანამებრძოლებთან ერთად “პოლიტიკურად იდევნება” ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების მიერ.

ქარდავა მიმართავს სახალხო დამცველის აპარატს, რომელიც, მისივე სიტყვებით, “სახელმწიფოს მესამე ვადით მიმტაცებელმა პუტინის ოლიგარქმა ივანიშვილმა ვერ დაიმორჩილა”.

“მივმართავ სახალხო დამცველს, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებს, ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე დაიცვათ ჩემი ინტერესები და უსაფრთხოება, რათა რუსულ საოკუპაციო რეჟიმს არ მიეცეს საშუალება პოლიტიკური დევნის პროცესში ჩემს წინააღმდეგ განახორციელოს ფიზიკური და ფსიქოლოგიური სახის ზეწოლები პოლიტიკური მოტივით შეკერილ საქმეებში ჩემგან ცრუ ჩვენებების მოპოვების მიზნით, რისი მოსალოდნელი მცდელობების მიუხედავად ბოლომდე დავრჩები ჩემი პრინციპებისა და სამშობლოს ერთგული”, — აღნიშნავს მეგის ქარდავა.

“უკრაინელი პოლიტიკური პატიმრები”

ქარდავა ზემოთ მოცემულ განცხადებაში არ აკონკრეტებს, რომელ უკრაინელ “პოლიტიკურ პატიმრებზე” საუბრობს. სავარაუდოდ, ის გულისხმობს 2 უკრაინელ მეზღვაურს, რომლებიც საქართველოს 1 მოქალაქესთან გასული წლის ნოემბერში, საქართველოს ტერიტორიულ წყლებში შემოსული უკრაინული იახტიდან აიყვანეს ე.წ. “მიხეილ სააკაშვილის ზღვით შემოპარვის საქმის” ფარგლებში.

მათ გამოძიება საზღვრის ჯგუფურად, უკანონო კვეთას ედავებოდა. საქართველოს მოქალაქე მიხეილ ბატურინი უკრაინაში იქამდე უკრაინაში ცხოვრობდა და საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაცვის წევრი იყო. სააკაშვილთან მეგობრობს დანარჩენი ორი ბრალდებულიც. ისინი ამბობდნენ, რომ იახტით მიემგზავრებოდნენ უკრაინიდან თურქეთში.

ქართულმა სასამართლომ მათ 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ისინი საქართველოს პრეზიდენტმა ივლისში შეიწყალა, მისმა ადმინისტრაციამ კი თქვა, რომ ეს გადაწყვეტილება უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან იყო შეთანხმებული. გათავისუფლების შემდეგ, ბატურინმა თქვა, რომ , ქართველ სამართალდამცავებს ეგონათ, იახტაზე სააკაშვილი იმყოფებოდა და საქართველოში შემოსვლას ამ გზით აპირებდა.

 

ვინ არის მეგის ქარდავა?

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების დროს მეგის ქარდავა სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა შსს-სა და თავდაცვის სამინისტროში.

წლების მანძილზე, ქარდავა პრაქტიკულად ყველა იმ უწყებაში მუშაობდა, სადაც ყოფილი შს და თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია იკავებდა ხელმძღვანელი პირის პოზიციას.

2006 წელს ის #7 საპყრობილის დირექტორი იყო. 2007–2009 წლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო–ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს უფროსის მოადგილედ მუშაობდა.

მას შემდეგ, რაც ბაჩო ახალაია თავდაცვის მინისტრი გახდა, მეგის ქარდავამ სამხედრო პოლიციის უფროსის პოსტი დაიკავა. 2012 წელს, მას შემდეგ, რაც ბაჩო ახალაია შს მინისტრად დანიშნეს, მეგის ქარდავაც შინაგან საქმეთა სამინისტროში გადავიდა.

ქარდავას არაერთგზის ადანაშაულებდნენ ადამიანების წამებასა და დამცირებაში. რამდენიმე ასეთი ეპიზოდი სახალხო დამცველის რამდენიმე ანგარიშშიც მოხვდა.

მეგის ქარდავამ საქართველო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან მალევე დატოვა, 2013 წლის 13 თებერვლიდან კი საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ იძებნებოდა.

2017 წლის პირველ ნოემბერს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გაავრცელა ცნობა, რომ მისი შუამდგომლობის საფუძველზე,  უკრაინის სამართალდამცავმა ორგანოებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნილი ქარდავა დააკავეს. ამის შემდეგ, ქართული მხარე მის ექსტრადირებას ითხოვს.

2018 წლის დეკემბერში უკრაინამ მეგის ქარდავას საექსტრადიციო პატიმრობა შინაპატიმრობით შეუცვალა.

ამჟამინდელი ხელისუფლების პირობებში, ქარდავას წინააღმდეგ არაერთი გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს. მათ შორის, ყოფილი მაღალჩინოსანი:

  • მსჯავრდებულია ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე, სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“, „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტები და მისჯილი აქვს  3 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.
  • მსჯავრდებულია პატიმართა წამების საქმეზე (ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმე),  სსკ-ს 1441 მუხლის მეორე ნაწილით.  მისჯილი აქვს  7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
  • მსჯავრდებულია ე.წ „კასრების“ საქმეზე,  საქართველოს სსკ-ის 138-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 1441-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,ზ“და „ე“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 143-ე მუხლის მესამე  ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით. მისჯილი აქვს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.
  • მსჯავრდებული ბ.რ-ს წამების საქმეზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443 -ე მუხლის მეორე ნაწილის  „ა“ „ბ“ და „ზ“ ქვეპუნქტით და მისჯილი აქვს  3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.
  • მსჯავრდებულია პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამების საქმეზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1441 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, ,,ე“,  ,,ზ“ ქვეპუნტებით, 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით. მისჯილი აქვს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ამასთან, საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ დაუსწრებლად იხილება რამდენიმე საქმე, რომლებშიც ასევე ფიგურირებს ქარდავა.

თავად ყოფილი მაღალჩინოსანი აღნიშნულ ბრალდებებს უარყოფს და პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს მათ.

 

“ნეტგაზეთი”