ლატარია “აიცერი და მოიგე” დღეიდან დაიწყო

აქართველოს ეროვნული ლატარიის ინფორმაციით, დღეიდან, 13 სექტემბრიდან STOPCOVID ლატარიის “აიცერი და მოიგეს” გათამაშების საიტი ამოქმედდა და ვაქცინირებული ადამიანებისთვის ლატარია დაიწყო. მათივე ინფორმაციით, საპრიზო თანხის პირველი გათამაშება 14 სექტემბერს გაიმართება.

ყოველდღიური და ყოველკვირეული გათამაშება 27 დეკემბერს დასრულდება, საბოლოო გათამაშება კი 31 დეკემბერს გაიმართება.

ლატარიაში ყოველდღიურად 100-დან 500 ლარამდე გათამაშებდა, ყოველკვირეულად 1000-დან 10 000 ლარამდე, შემაჯამებელ გათამაშებაში კი 100 000 ლარი.

“STOPCOVID ლატარიის “აიცერი და მოიგეს” გათამაშების ბილეთებს (ელექტრონული სახით) აცრილი მოქალაქეები სახელმწიფოსგან ვაქცინაციის დროს უფასოდ მიიღებენ. გათამაშებაში მონაწილეობის მისაღებად უნდა იყოთ ერთხელ მაინც ვაქცინირებული. გათამაშებების ბილეთი ვაქცინირებულის NCDC-ის მიერ ელექტრონულად მინიჭებული უნიკალური კოდია. ყოველდღიურ და ყოველკვირეულ გათამაშებებში გამარჯვებულები შემთხვევითობის პრინციპით გამოვლინდებიან (სერტიფიცირებული პროგრამული შემთხვევითი რიცხვების გენერატორის საშუალებით). შემაჯამებელ გათამაშებაში ყველა აცრილი მოქალაქის ბილეთი მოთავსდება დოლურაში, საიდანაც გათამაშების წამყვანი ამოიღებს ერთერთს და გამოავლენს გამარჯვებულს”, – ნათქვამია საქართველოს ეროვნული ლატარიის ინფორმაციაში.

კომპანიის ცნობით, პირველი აცრის გაკეთებისთანავე ბენეფიციარი მონაცემთა ბაზაში ავტომატურად მიიღებს გათამაშების ბილეთს, აცრიდან მეორე დღეს კი ეს ბილეთი “აიცერი და მოიგეს” ყოველდღიურ, ყოველკვირეულ და შემაჯამებელ გათამაშებაში ჩაერთვება. იმ შემთხვევაში თუ მოქალაქ ლატარიის ამოქმედებამდე აიცრა, ის მონაწილეობას მიიღებს “აიცერი და მოიგეს” ყველა გათამაშებაში.

რაც შეეხება ბილეთის ვალიდურობას, ეროვნული ლატარიის ინფორმაციით მომხმარებლის ბილეთი ვალიდურია ყველა გათამაშების განმავლობაში სანამ ბილეთზე არ დაფიქსირდება მოგება. მაგალითად, თუ მოქალაქე ყოველდღიურ გათამაშებაში ერთხელ გაიმარჯვებს, ის მონაწილეობას აღარ მიიღებს მომდევნო ყოველდღიურ გათამაშებაში, მაგრამ მონაწილეობას მიიღებს ყოველკვირეულ და შემაჯამებელ გათამაშებებში. ხოლო თუ მოქალაქე გაიმარჯვებს ყოველკვირეულ გათამაშებაში, მისი ბილეთი მონაწილეობას მიიღებს შემაჯამებელ გათამაშებაში.

“1000 ლარის ჩათვლით მოგების განაღდება შესაძლებელია ,,საქართველოს ეროვნული ლატარიის” სერვის-ცენტრებში, რომლებიც განლაგებულია ყველა მსხვილ სავაჭრო მოლში მთელი საქართველოს მასშტაბით, ხოლო 1 500 – 100 000 ლარის მოგების შემთხვევაში მოგებულს თანხა ჩაერიცხება მის პირად საბანკო ანგარიშზე. 16 დან – 18 წლამდე აცრილი მოქალაქის ლატარიის ბილეთი და ასევე მოგება გადაეცემა მის მშობელს ან მის სხვა კანონიერ წარმომადგენელს. წარმომადგენლობა უნდა იქნეს დადასტურებული შესაბამისი დოკუმენტით”, – განმარტებულია განცხადებაში.

ამასთან, კომპანიის ცნობით, 1000 ლარზე მეტის მოგების შემთხვევაში, გამარჯვებულს საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული გადასახადები დაუკავდება.

 

“ნეტგაზეთი”