“მინიმუმ არ ვიმსახურებ ასეთ პასუხს და დამოკიდებულებას” – შოთა არველაძე

“მინიმუმ არ ვიმსახურებ ასეთ პასუხს და დამოკიდებულებას, თუმცა ამაზე უარესებიც ამიტანია და მომითმენია” – შოთა არველაძე ლევან კობიაშვილს პასუხობს.

ცნობილი ქართველი ფეხბურთელი და მწვრთნელი შოთა არველაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს ლევან კობიაშვილს პასუხობს:

“ეროვნული ნაკრების შედეგზე ჩემმა შეფასებამ და შემდეგ გამოხმაურებამ, რომელიც ჩემი მისამართით იყო შეურაცხმყოფელი, დამარწმუნა, რომ არ უნდა მივმართო კონკრეტულ ადამიანს, ჯგუფს ან ორგანიზაციას, არამედ იმ ადამიანებს, ვისთვისაც ეს კომენტარი გავაკეთე.

ამ შეფასებით, ვცადე დისკუსიის გახსნა ფეხბურთში მიმდინარე პროცესების შესახებ, რომელიც ეროვნული ნაკრებით არც იწყება და არც მთავრდება. თუ ჩვენ გავაგრძელებთ პრობლემის ძიებას მხოლოდ ერთ ადამიანში, ან გამოსავალი მხოლოდ ერთი ადამიანის შეცვლა გვეგონება, უკეთეს შედეგს ვერ მივაღწევთ.

უნდა გვქონდეს ჩვენი სტილი, იდეოლოგია, ფილოსოფია, რომელზეც დავაშენებთ ინფრასტრუქტურასაც, აკადემიებსაც, საკლუბო სისტემასაც და მწვრთნელთა განათლებასაც – ეს არის ერთადერთი და სწორი გამოსავალი. დაველოდები გულშემატკივრის შეფასებას და მოვისმენ ნებისმიერ აზრს, რომელიც უფრო გაშლის დისკუსიას და შეგვაძლებინებს ამ პრობლემების მოგვარებას.

“მიხედე რა შენ საქმეს – რას პროფესორობ” – რაც შეეხება ამ ფრაზას, მინიმუმ არ ვიმსახურებ ასეთ პასუხს და დამოკიდებულებას, თუმცა ამაზე უარესებიც ამიტანია და მომითმენია. ეროვნული ნაკრები კი ის ადგილია, სადაც 15 წელი გავატარე, სადაც ყველაზე მეტი გოლი გავიტანე და არავისზე ნაკლებ გულშემატკივრად არ ვთვლი თავს – ეს გუნდი ყოველთვის იქნება ჩემი საქმე, მოსწონს ვინმეს ეს, თუ არა.”

შეგახსენებთ, რომ სექტემბერში საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წარუმატებელი თამაშის გამო შოთა და არჩილ არველაძეებმა მკაცრად გააკრიტიკეს არა მარტო ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა, ნაკრები და ფეხბურთელები, არამედ განაცხადეს, რომ აუცილებელია ფეხბურთისადმი კონკრეტული მიდგომის ჩამოყალიბება ბავშვთა ფეხბურთიდან დაწყებული, ეროვნული ნაკრებით დამთავრებული.

ამ კომენტარს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი შემდეგი ფრაზით გამოეხმაურა:

“წააგებს ნაკრები და ჩამწკრივდებიან, კომენტარებს აკეთებენ… აქ არ იყავით წლების განმავლობაში? გეკეთებინა, თუ რაღაც შეგეძლო… ერთი მოედანი არ გაგიკეთებია, დადიხარ და რაღაცებს პროფესორობ. პრობლემა კი არ მაქვს, უნდა აკრიტიკო, მაგრამ შემოგვთავაზე, თუ შეგიძლია, მოდი და იმუშავე… დგახარ, რაღაცებს პროფესორობ… შეკრება, ანტალია… თუ გინდა, გეუბნებიან, მოდი და იმუშავე. ხან რა მიზეზებს ედებიან, ხან რას. მიხედე რა შენს საქმეს” – განაცხადა კობიაშვილმა.

https://www.facebook.com/ArveladzeShota/posts/384235743069922

წყარო: itv.ge