სუს-ის ტოტალური თვალთვალი და მიყურადება – ხელისუფლება საკუთარი გუნდის წევრებსაც აქტიურად უსმენდა.
სუს-ის ტოტალური მიყურადება და თვალთვალი ხელისუფლების გუნდის წევრებზეც ვრცელდებოდა – ცნობილი ხდება, რომ ფაილებში ასევე მოხვედრილია ირაკლი კობახიძისა და ეკა ბესელიას სატელეფონო ჩანაწერებიც.
ერთ-ერთ ჩანაწერში, სადაც კობახიძეს პატრიარქის თანაშემწე არქიმანდრიტი დავით ჭინჭარაული უკავშირდება და ჯვრის მონასტერთან გარე ბაზრობის აკარძალვას სთხოვს, ვკითხულობთ:
– “მოპოვებული ინფორმაციით, პატრიარქის თანაშემწეს, არქიმანდრიტ დავით ჭინჭარაულს თავისმა ძმამ, ჯვრის მონასტრის წინამძღვარმა, კონსტანტინე ჭინჭარაულმა, აცნობა, რომ ჯვრის მონასტრის მიმდებარედ მისთვის უცნობმა პირებმა დაამონტაჟეს რკინის კონსტრუქციები და გამართეს ე.წ. “ბაზრობა”. კ. ჭინჭარაულის თქმით, დადგმული კონსტრუქციები იმის გარდა, რომ ამახინჯებს მონასტრის იერსახეს, აბრკოლებს მომლოცველების და ტურისტების გადაადგილებას, რაც სერიოზულ დისკომფორტს ქმნის. მ/წ 13 მაისს დ. ჭინჭარაული ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ესაუბრა კობახიძეს და სთხოვა არსებული მდგომარეობის მოგვარებაში დახმარება. კობახიძის თქმით, კონსტიტუციის თემებთან დაკავშირებით დღეს გეგმავს მცხეთაში ვიზიტს და შეხვდება ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს და აუცილებლად დააყენებს ჯვრის მონასტერთან შექმნილი მდგომარეობის საკითხს” – აღნიშნულია სუს-იდან გამოჟონილ ჩანაწერში.
ეკა ბესელიას სატელეფონო ჩანაწერიდან კი ირკვევა, რომ მასა და დავით ჭინჭარაულს შორის სატელეფონო საუბარი საპრეზიდენტო არჩევნებსა და ოპონენტების მიმართ გაჟღერებულ ლანძღვა-გინებას შეეხებოდა:
– “მოპოვებული ინფორმაციით, პატრიარქის თანაშემწემ, დავით ჭინჭარაულმა, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიასთან საუბრისას უარყოფითად შეაფასა საპრეზიდენტო არჩევნებისას სახალხო დებატების დროს ოპონენტების მისამართით გაჟღერებული ლანძღვა-გინება და ზღვარგადასული ქმედებები, მსგავსი შემთხვევების თავიდან აცილების მიზნით, საჭიროდ მიიჩნია მკაცრი ზომების მიღება რასაც დაეთანხმა ეკა ბესელია” – აღნიშნულია ჩანაწერში.
ეკა ბესელია ადასტურებს, რომ მსგავსი ტიპის საუბარი ჭინჭარაულთან ნამდვილად ჰქონდა.
წყარო: ptn.ge