სკოლებში სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში დაიწყო

სკოლებში სასწავლო პროცესი 15 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე დისტანციურ რეჟიმში წარიმართება. შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე 31 აგვისტოს გამოაცხადა.

“სასწავლო პროცესი სკოლებში 15 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე დისტანციურ რეჟიმში განახლდება, ანალოგიური რეგულაცია გავრცელდება უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებზე. 4 ოქტომბრამდე შეზღუდული დარჩება სააღმზრდელო დაწესებულებების მუშაობა და ეს ეხება, როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო ბაღებსაც.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, ეპიდემიოლოგიური ვითარების სტაბილიზაციის ტენდენციის მიუხედავად, კვლავ აქტიურად გამოიყენონ პირბადე როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში, დაიცვან სოციალური დისტანცია და აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში” – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

წყარო: ptn.ge