ჟურნალისტი გრინ ბარეტი სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:
შევეცდები ზუსტად აღვწერო ეს ეპიზოდი და თავად განსაჯეთ რა და როგორ…ათზე მეტი წლის წინათ შემემთხა ეს ამბავი: დიდუბის მეტროსთან ვარ საღამოს ასე 9-10 საათზე, რუსთავში მივდივარ დეიდაჩემთან, “მარშუტკის” შევსებას ველოდები, მგზავრებს ვატარებ და ღია კართან რომ ერთადგილიანია, ის მაქვს “დაბრონილი.”
გაივსო, დაქოქა მძღოლმა და ტელეფონმაც დარეკა… დედის ნომერია, რაიონშია და ამ დროს კაცი კარგს არაფერს ფიქრობ….
ვუპასუხე. შეშფოთებული ხმით მომიკითხა. ხომაა მშვიდობა მეთქი და – კიო, ისე დაგირეკეო.
კარგი, ახლა არ მცალია, დავჯდები მარშუტკაში და გადმოგირეკავ მეთქი. თან ვხედავ, რომ ჩემს ადგილზე უკვე სხვა იწევს.
ტელეფონის სასწრაფოდ გათიშვა და ადგილის შენარჩუნება მინდა.
კაი, დაგირეკავ მეთქი და – მოიცაო…
ხო, მითხარი დროზე რა იყო მეთქი.
დედა, მითხარი, მართლა ხომ ხარ კარგადო.
ამასობაში ჩემი ადგილის დამკავებელი კარგად მოკალათდა და კარებიც მიიჯახუნა. სულ ერთი წამით მოვასწარი თვალებში შეხედვა და მარშუტკაც დაიძრა. თუმცა იმ ადამიანის სახე მახსოვს… ცხადად…
დავრჩი ასე, შემდეგი ავტობუსის მომლოდინე, იმ კაცზე და მშობელ დედაზე გაბრაზებული.
კაი ერთი დედა რა, კაი რა!.. კაი მეთქი!!! – და გავუთიშე…
*****
სადღაც ათი წუთის შემდეგ წავიდა შემდეგი მარშუტკა და დროის ამდენივე ინტერვალით მიადგა რუსთავისა და მარნეულის გზასაყარს.
გაგიჟებული მძღოლის ყვირილმა გამომაფხიზლა ძილბურანიდან, – ბიჭო, ბიჭო, ნახე, ამის დედა ××××××, ჩვენ მანქანას არ დაჯახებია ეს ბოზიშვილიო?!!
*****
…სწორედ იმ თეთრ “მარშუტკას” მე რომ უნდა გავყოლოდი, ზემო ფონიჭალიდან გამოქანებული, შეშით დატვირთული ტრაილერი გვერდიდან მთელი ძალით შესკდომოდა და მთავარი დარტყმა კი მგზავრების ასასვლელ კარებსა და იმ სავარძელზე მოსულიყო, დიდის ამბით რომ მქონდა დაბევებული და დედამ არამც და არამც არ შემიშვა… ?
/გრინ ბარეტი/