“ჩემი მერობის შემთხვევაში კომპანიები ვეღარ გაზულუქდებიან მერიის ხარჯზე” – ზაზა ხატიაშვილი

“ჩემი მერობის შემთხვევაში კომპანიები ვეღარ გაზულუქდებიან მერიის ხარჯზე” – ინტერვიუ ზაზა ხატიაშვილთან.

ოთხმა პარტიის – „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ „ქართული არჩევანუს“ „მოძრაობა სოციალური სამართლიანობისთვის“ და „თავისუფალი საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი, ადვოკატთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი საუბრობს:

– რატომ გადაწყვიტეთ, რომ მიგეღოთ თბილისის მერის არჩევნებში მონაწილეობა, თანაც იმ ფონზე, როდესაც სამი გამოკვეთილი ფავორიტია და მთავარი ბრძოლა მათ შორის იქნება?

– საერთოდ ძალიან ცუდია, როდესაც ჟურნალისტები აკეთებენ ასეთ პიარს, რომ სამი ფავორიტია და პირდაპირ იმ სამ ადამიანს წერენ. რატომ არის სამი ფავორიტი?! მე ვფიქრობ, რომ ნორმალურ ქვეყანაში 16 კანდიდატიდან ეგ სამი უნდა გავიდეს ბოლო ადგილზე.

კალაძეთი დავიწყოთ – ძველმა მერმა უგულავამ თქვა, რომ რა ბრალდებაც მე წამიყენესო, ეგ კალაძეზეც რომ გავრცელდეს, მასაც მოუწევს ციხეში ყოფნა, რადგან მას მილიარდნახევარი აქვს გახარჯულიო. მაგალითად იგივე ინგა გრიგოლია აკეთებს მოწოდებას პირდაპირ ეთერში, რომ სამი მთავარი კანდიდატია. ე. ი. მომავალ ოთხ წელში ისევ პარტიულ აქტივზე უნდა გაიცეს მილიარდნახევარი კალაძის მხრიდან?! თბილისის მერიაში ლონდონის მერიაზე მეტი ადამიანი რომ არის დასაქმებული, ასე უნდა იყოს?! პირიქითი კამპანია უნდა იყოს, რომ ეს სამი არა და დანარჩენი – 13-დან აირჩიეთო. ნორმალურ ქვეყანაში ასე იქნებოდა და კალაძეც ვერ გაბედავდა კანდიდატურის დაყენებას.

ავიღოთ გახარია. გახარიას დროს დაიწყო კორუფციის ბუმი საქართველოში. დღეს რომ კორუფცია ყვავის, ეს ზაზა ხატიაშვილის ბრალია?! ჩემი აზრით, გახარია იყო მოურავი. მე არ მიშვებენ სატელევიზიო ეთერში.

– დაბლოკილი ხართ?

– არ უყურებთ ეთერებს?! მე ვამბობ, რომ ყველამ რა ფულიც მოიპარა, უკან უნდა დააბრუნოს, ამიტომ ყველა დამიპირისპირდა. ვამბობ, რომ თუ მერი გავხდები, ყველას ჩამოვყრი მანქანებიდან. ერთი თეთრი არ დაიხარჯება სამსახურებრივ მანქანებზე, ისე როგორც ეს გავაკეთე ადვოკატთა ასოციაციაში. არცერთ ტელეკომპანიას არ სურს ასეთი მერი. მერიის მუნიციპალურ ტრანსპორტს კი ელექტროზე გადავიყვან. ეს არავის უნდა, რადგან საწვავი აღარ გაიყიდება, იმდენი, რამდენიც ახლა იყიდება. ამიტომ ყველა ჩემ წინააღმდეგ არის.

– სახელისუფლებო მედიაც გბლოკავთ და ოპოზიციურიც?

– ოპოზიციური მედია თითქმის არ არსებობს. ოპოზიციური ჟურნალისტი ხართ თქვენ, ოპოზიციური ჟურნალისტია დავით აქუბარდია, რომელიც იცავს პარიტეტს. თქვენ ვისაც ოპოზიციურ ტელევიზიებად მოიხსენიებთ, ისინი ოპოზიციური პარტიების ტელევიზიებია – ჩემი აზრით, „მთავარი“ მიშავიზიაა და „ტვ პირველი“ – ხაზარაძევიზია, რომელიც დემოკრატიასა და თანასწორობაზე დებს. „რუსთავი 2“-ზე ოგბუნჯუსაც კი მისცეს ეთერი და მე არ მაძლევენ.

მე ადვოკატთა ასოციაციაში ვიყავი პირველი პირი, შესაბამისად მეც პირველი პირი ვიყავი და გახარიაც, მაგრამ მე დამოუკიდებელი ვიყავი და გახარია ფეოდალი. გახარია ამბობს მინისტრებს მე ვნიშნავდიო და თუ მან დანიშნა მინისტრად ფეოდალის კბილის ექიმი და მისი არასწორი საქმიანობის გამო დღეში 80 ადამიანი იღუპება… მე რანაირად უნდა მომიგოს გახარიამ?! ჩემი გადაწყვეტილების გამო, არცერთი ადამიანი არ დაღუპულა საქართველოში.

– პროგრამა თუ გაქვთ და სად შეგვიძლია ვნახოთ?

– პროგრამა რა თქმა უნდა მაქვს და რამდენიმე დღეში მექნება პრეზენტაცია და შეგეძლებათ ნახოთ.

ჩემი პროგრამის მთავარი აქცენტი კორუფციის აღმოფხვრაა და თავისუფალი ფულის გამოჩენა.

– როგორ უნდა მოხერხდეს ეს?

– თუ კორუფცია აღმოიფხვრება მერიაში, მე მერს მექნება დამატებით მილიარდი ლარი. თუ პარტიულად არ იქნებიან ადამიანები დასაქმებულები, 50%-ით შემცირდება თანამშრომელთა რაოდენობა. მე ვამბობ, რომ პირდაპირ ეთერში იქნება კონკურსები და ტენდერები. ვერ გაიმარჯვებს ვერცერთი კომპანია, რომელიც ვიღაცის დეიდაშვილია. გაიმარჯვებს ის კომპანია, რომელიც მერიასთან დადებს ხელშეკრულებას და შეასრულებს პირობებს. არ შეიძლება მაგალითად დაგებულ ასფალტზე 2 წელში ბალახი ამოდიოდეს. მე ვაზისუბანში ვცხოვრობ და იქ ასფალტი რომ დააგეს, მას ახალი ასფალტი გადააგეს ერთ წელში. ფაქტია, რომ აქ არის კორუფცია. მე როდესაც ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტი გავხდი, არ ყოფილა შემთხვევა, რომ 30 ლარი მაინც ჩამერიცხა პირადი სარგებლობისთვის. მივედი და ორი მანაქანა გვყავდა, ორივე გავყიდე და მეტროთი დავდიოდი.

მე გპირდებით, რომ მერიაში ნეპოტიზმი და კორუფცია დამთავრდება. გამოთავისუფლებული ფულით ვფიქრობ, რომ ბავშვებს სკოლებში უნდა ვაჭამოთ საკვები, მინიმუმ 1-4 კლასელებს. არ შეიძლება ბავშვი 2 საათამდე მშიერი იყოს და ბევრ ბავშვს საჭმლის ფული არ აქვს, რომ ბუფეტში რამე იყიდოს. ამ გამოთავისუფლებული ფულით ბევრი რამის გაკეთება შეიძლება. მათ შორის საბავშვო ბაღების აშენება, უფასო სასადილოები, სადაც ნორმალური კვება იქნება, ასევე თავშესაფრების აშენება იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ზამთარში ქუჩაში იძინებენ.

– მაგრამ რამდენს გაწვდება მილიარდი?

– უყურეთ, 100 მილიონით შეიძლება ააშენო საბავშვო ბაღები. ოთხ წელში შემიძლია ავაშენო 10 თანამედროვე საბავშვო ბაღი.

ასევე როდესაც ტენდერი გამოცხადდება, პირდაპირ ეთერში დავინახავთ, ვინ გაიმარჯვა. ვინც დღეს იგებს, მათი 95% ვერ მოიგებს მას, რადგან საბანკო გარანტიები დასჭირდება, რადგან თუ ცუდად გააკეთებს, ხელახლა მოუწევს გაკეთება და ამისთვის გარანტიები დასჭირდებათ.

მე ფული არ მაქვს, მაგრამ სუფთა წარსული მაქვს და ჩემი სუფთა წარსულიდან გამომდინარე თუ ჩათვლიან რომ თბილისის მერობისთვის ღირსი ვარ, ამირჩევენ. მაინტერესებს, რამდენ ადამიანს უნდა ჰყავდეს სუფთა მერი, რომელიც არავისთან არ შევა კორუფციულ გარიგებაში. მე 8 წელი ვიყავი ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, ჩავიბარე ყველაზე გაუბედურებული ორგანიზაცია და განვითარებით პირველ ადგილზე ავიყვანე ევროპაში. ეს მინდა გავაკეთო თბილისის მერიაშიც და მინდა, რომ განვითარებით თბილისი პირველ ადგილზე ავიყვანო.

– რას შეცვლით სატრანსპორტო პოლიტიკისა და გამწვანების მხრივ?

– ყველაზე დიდი პრობლემაა, რომ ავტობუსები იყიდეს დიზელზე. ამ ავტობუსებს გავყიდი და აქ შემოვა ელექტროავტობუსები. შეიძლება ვერ გავყიდო, მაგრამ შევეცდები.

– ტრამვაიზე ან მეტროს განვითარებაზე თუ ფიქრობთ?

– არა, მაგას დიდი ფული სჭირდება. ის მილიარდი ყველაფერს ვერ გაწვდება, საქართველო ღარიბი ქვეყანაა. ერთადერთი რაც უნდა გავაკეთოთ, არის ის, რომ ავტომანქანებით მომსახურება გაუქმდება და ყველას ჩამოვყრი მანქანებიდან, ვისაც მოუნდება – ვთქვათ მუნიციპალური პოლიცია, ის გამოიწერს ავტოფარეხიდან. შემოვა ელექტრომობილები, რაც საქართველოში დაიწყებს ეკოლოგიური პრობლემის მოხსნას. ასევე მისახედია გამწვანება. ვერცერთი კომპანია ვერ ააშენებს კორპუსს, თუ არ იქნება პროექტში რაღაც ფართის გამწვანება. ჩვენ თუ არ დავიწყეთ ყველაფრის შეცვლა, ისე არაფერი გამოვა. გინდა კორპუსი? – დარგე 100 ხე და მოუარე მას. არ მოუვლი, მაშინ ჯარიმა დაგეკისრება. ახალი კონტრაქტები გაფორმდება, ისეთი როგორიც ნორმალურ ქვეყნებშია და მათ უნდა აიღონ ვალდებულებები. მერიის ხარჯზე ეს კომპანიები ვეღარ გაზულუქდებიან. მათ ექნებათ სოციალური ვალდებულებებიც საოციალურად დაუცველებთან მიმართებით, რაც ეს გააკეთა ბევრმა ქვეყანამ.

– სათქმელი თუ გაქვთ რამე, მიმართეთ ამომრჩეველს.

– მადლობა უნდა გითხრათ, რომ იმ ადამიანების მხარეს არ დადექით, რომლებმაც ზაზა ხატიაშვილის დაბლოკვა დაიწყეს. თუ ხალხმა გაიგო, რომ მე ვარ მერობის კანდიდატი, როცა მივა საარჩევნო ყუთთან, გაიხსენებს თუ ვინ იყო ის ადამიანი, ვინც იბრძოდა მთელი თავისი სიცოცხლე საზოგადოების გაძლიერებისთვის.

ორი რამე მინდა გაკეთდეს. ერთი ეს არის, რომ ლგბტ პროპაგანდა არ იყოს და ამისთვის ერმა იბრძოლოს არა ძალადობით, არამედ როგორც უნგრეთში მოხდა, დავდგეთ ყველა ერთად, რომ პარლამენტმა მიიღოს კანონი, ისე როგორც ეს მოხდა ევროკავშირის წევრ ქვეყანა უნგრეთში, როდესაც ლგბტ პროპაგანდა აკრძალეს სკოლებში.

მეორე, სკოლებში 5-10 კლასელებმა მიიღონ სახელმძღვანელოები, სადაც იქნება ანტიალკოჰოლური და ანტინარკოტიკული პროპაგანდა. ფსიქოლოგების მონაწილეობით უნდა მოხდეს, რომელსაც მერია დააფინანსებს. არსებობს გაეროს პროგრამები ამაზე, ამას ვთხოვდი ღარიბაშვილს, წინა პრემიერობისას, მაგრამ ვერავის ვერ გავაგებინე. სახელმწიფო მერე იწყებს ფიქრს, რომ ნარკომანს უმკურნალოს, მაგრამ ათჯერ ნაკლები თანხა დაგიჯდება, თუ ნარკოტიკების ანტიკამპანიას ეფექტიანად აწარმოებ. ამ დროს ახალგაზრდების 80% ნარკოტიკებს აღარ გაეკარება.

წყარო: ptn.ge