“გახარიას უკან ჩხარტიშვილი, იაკობაშვილი და კეზერაშვილი დგანან” – ლადო სადღობელაშვილი

“გახარიას უკან ჩხარტიშვილი, იაკობაშვილი და კეზერაშვილი დგანან” – ლადო სადღობელაშვილი.

ექსპერტი ლადო სადღობელაშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ გახარიას უკან მხოლოდ ვანო ჩხარტიშვილი არ დგას.

– კიდევ ვინ დგას?

– აქ საუბარი არის თემურ იაკობაშვილზე, რომელიც გახლავთ რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი, მილიარდერი, არაფრით ჩამოუვარდება მისი ქონება ივანიშვილისას და, რა თქმა უნდა, კეზერაშვილი, რომელიც არის იაკობაშვილის ერთ-ერთი ბიზნესპარტნიორი საქართველოში. 2013 თუ 2014 წელი იყო, ბატონი გახარია რომ გამოჩნდა ბიზნესომბუდსმენად, შემდეგ დააწინაურეს ეკონომიკის მინისტრად, კვირიკაშვილის პრემიერობისას და შემდეგ შს მინისტრად და ბოლოს პრემიერად. გამოჩნდა თუ არა გახარია და დაიწყო მისი დაწინაურება, ბატონმა იაკობაშვილმა იყიდა კეზერაშვილის ძირითადი ბიზნეს აქტივები საქართველოში. ამ ყველაფრის გადამოწმება ძალიან მარტივია.

– ერთი გუნდის წევრები არიან?

– კი, რა თქმა უნდა. აი ეს სამეული, გახარია, იაკობაშვილი და კეზერაშვილი ერთობლივი ჯგუფია, რომელიც ბიზნესშიც და მთავრობაშიც თავის ინტერესს ატარებდა.

– ივანიშვილის გარეშე გახარია ხომ ვერ დაწინაურდებოდა?

– რა თქმა უნდა, ვერა. გახარია როდესაც შემოვიდა ქართულ რეალობაში, მისი ფინანსური გარანტორები სწორედ კეზერაშვილი და იაკობაშვილი იყვნენ. მე არ ვიცი, ივანიშვილი საქმის კურსში იყო თუ არა, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ იქნებოდა.

2016 წელს, როდესაც კვირიკაშვილი იყო პრემიერ-მინისტრი, ქუმსიშვილი ფინანსთა მინისტრი და ბატონი გახარია ეკონომიკის მინისტრი, კეზერაშვილს ჩამოაწერეს ყველა ძველი ცოდვა, სასამართლომ გაამართლა ყველა საქმეში, გარდა ამ ერთისა, რომელზეც ცოტა ხნის წინ 5 წელი მიესაჯა. ამის სანაცვლოდ, კეზერაშვილს ვალდებულება დაეწერა, რომ ბოკერიას პარტია დაეფინანსებინა და პლუს ამას, გიგი უგულავა გამოუშვეს ციხიდან.

– რა კავშირშია ეს ყველაფერი ერთმანეთთან?

– ეს ერთიანი ჯაჭვია და ეს ჯაჭვი სწორედ მაშინ შედგა.

– და ამ პროცესებში მონაწილეობდა გიორგი გახარია?

– აი ამ ყველაფერში ფიგურირებდა გახარია, ოღონდ როგორც ზედამხედველი. ბიზნესებს და ფინანსებს როცა ეხება საქმე, ეკონომიკის მინისტრი ყოველთვის საქმის კურსშია, ამიტომ ამ ამბებში მაშინ გახარიაც იყო ჩართული.

წყარო: itv.ge