პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის შემთხვევაში ხელისუფლებას მისი დაკავება მოუწევს:
– ამ შემთხვევაში ორი სცენარით შეიძლება მოვლენები განვითარდეს: არჩევნებამდე თუ ჩამოვიდა და დააკავეს, ეს სიტუაციას საკმაოდ გაამძაფრებს, მაგრამ ეს დიდ გავლენას ვერ მოახდენს არჩევნებზე და მის შედეგებზე.
მეორე სცენარი: თუ არჩევნები ჩაიშალა, მაშინ კონსტიტუციით ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა ცხადდება და დაიწყება იმ ხალხის იზოლირება, ვინც ამ პროცესების უშუალო მონაწილე იქნება. ვინც შეიჭრება საარჩევნო უბნებზე და ა.შ.
მე დღეს საზოგადოებაში ვერ ვხედავ მუხტს, რომ პროტესტი ქუჩაში გადმოიღვაროს და სერიოზული წინააღმდეგობის მოძრაობა დაიწყოს. არათუ პროტესტი, არჩევნების განცდაც კი არ იგრძნობა ხალხში, იმდენად ინდიფერენტული გარემოა. თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანებს პროტესტი არ აქვთ. რა გავლენა უნდა მოახდინოს სააკაშვილის ჩამოსვლამ და შემდეგ მისმა დაპატიმრებამ, რთულად ასახსნელია.
თუ არჩევნების შემდეგ ჩამოვა, ამას მაშინ ექნება აზრი, თუ აქ ისეთი საპროტესტო ტალღა აგორდება, რომ შესაძლებელი იქნება, თუნდაც საჰაერო საზღვრის, აეროპორტების გაკონტროლება ოპოზიციის მიერ.
– ხელისუფლება ამას დაუშვებს?
– რასაკვირველია, არა. თუ ოპოზიციას იმხელა მუხტი ექნება, რომ შეეძლება თუნდაც თბილისის აეროპორტის გაკონტროლება, ჩათვალეთ, რომ სააკაშვილის ჩამოსვლა საჭირო აღარ იქნება. გამოდის, ხელისუფლება აღარ არსებობს, შეცვლილა და ეგაა. მაგრამ დღეს ხალხში ეს განწყობა არანაირად არ არის. არ გამოვრიცხავ, რომ სააკაშვილსა და დანარჩენ ოპოზიციას გადაჭარბებული მოლოდინები ჰქონდეთ.
ნათია ხურცილავა, ახალი თაობა
წყარო: ახალი თაობა