ერდოღანი: „ისლამოფობიის ვირუსი“ ძალიან სწრაფად ვრცელდება

„საერთაშორისო პლატფორმებზე თურქეთი წამყვან როლს ასრულებს ისლამოფობიასთან ბრძოლაში“, – ამის შესახებ პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

მან ისლამოფობია მკვლელ კორონავირუსს შეადარა.

„როგორც კაცობრიობა ებრძვის COVID 19-ის ვირუსს, ჩვენ ვებრძვით უფრო მკვლელ ვირუსს, რომლის სახელია „ისლამოფობიის ვირუსი“. ეს ვირუსი ძალიან სწრაფად ვრცელდება იმ ქვეყნებში, რომლებიც „წლების განმავლობაში დემოკრატიისა და თავისუფლების აკვნად იყო წარმოდგენილი“,- აღნიშნა ერდოღანმა კონფერენციაზე სახელწოდებით „სამართლიანი სამყარო შესაძლებელია“ სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, ისლამოფობია იქცა ტენდენციად, რომელიც არღვევს მუსულმანების ყოველდღიურ ცხოვრებას და საფრთხეს უქმნის სოციალურ მშვიდობას.

ერდოღანმა თქვა, რომ ისინი ხედავენ ამ იდეოლოგიურ ფანატიზმს, რომელიც არ განსხვავდება „ისლამური სახელმწიფოს“ მენტალიტეტისგან, რომელიც საზოგადოების სხვადასხვა ფენებში ძლიერდება.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ ყოველგვარ მცდელობას, აღმოიფხვრას ყველა საფრთხე ჩვენი რელიგიისა და ჩვენი მუსულმანი ძმებისათვის“, – განაცხადა ერდოღანმა.

ინფორმაციისთვის, პრეზიდენტი ერდოღანი, ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიაზე დასასწრებად იმყოფება.