ერთადერთი კანდიდატი ვარ, რომლის პროფესიაც არის ქალაქი, ქალაქის საჭიროებები და ის მნიშვნელოვანი მიზანი, რომ ქალაქს სჭირდება მასშტაბური ცვლილებები – ამის შესახებ „ლელოს“ მერობის კანდიდატმა, ანა ბიბილაშვილმა საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა, სადაც თბილისის მერობის 16-ივე კანდიდატებს შორის დებატები მიმდინარეობს.
– “მე ვარ ანა ბიბილაშვილი, „ლელოს“ მერობის კანდიდატი. ახალი ვარ პოლიტიკაში? არ ვარ. თქვენ პოლიტიკას ეძახით იმას, იმ 9 წელს, რასაც გვაყურებინებთ და იმის წინა 9 წელსაც. პოლიტიკა დაარქვით იმ ურთიერთდაპირისპირებას, ძალადობას, სისხლიან ბანერებს, ერთმანეთის ლანძღვა-გინებას და ამ დროს დაგავიწყდათ ადამიანები, ადამიანების საჭიროებები ამ ქვეყანაში და რეალური პრობლემები, რომლის წინაშეც ადამიანები დგანან.
მე აქ ვდგავარ, რადგან თქვენი მოქმედებით და უმოქმედობით, ეს ქვეყანა მიიყვანეთ დაღუპვის პირას და ამ ქვეყანას წაართვით მომავალი, ადამიანებს წაართვით პერსპექტივა და იმედი. აქ ვდგავარ, რადგან თქვენ შორის, პატივისცემის მიუხედავად, ერთადერთი კანდიდატი ვარ, რომლის პროფესიაც არის ქალაქი, ქალაქის საჭიროებები და ის მნიშვნელოვანი მიზანი, რომ ქალაქს სჭირდება მასშტაბური ცვლილებები” – განაცხადა ანა ბიბილაშვილმა.
წყარო: ptn.ge