როდესაც ქვეყანაში უმძიმესი სოციალური ვითარებაა; როდესაც ქვეყნის ეკონომიკა ჭაობში ბუყბუყებს და საცაა სულს დალევს; როდესაც წინასაარჩევნო კამპანიის დროს პრემიერ-მინისტრი, წინამორბედ პრემიერს უშვერი სიტყვებით ლანძღავს და მმართველი პარტიის მიერ დაშვებულ ყველა შეცდომას მას ჰკიდებს;
როდესაც მოსახლეობით მცირე საქართველოში „კოვიდ-19“-ით დაავადებულთა რაოდენობა სარეკორდოა, ისე, როგორც გარდაცვლილთა;
როდესაც ოპოზიციური მედია სისტემატურ რეჟიმში მოუთხრობს ხალხს სუსის მიერ განხორციელებულ საყოველთაო მოსმენა-მიყურადების ფაქტებზე;
როდესაც ქალაქის და რაიონების, განსაკუთრებით – დედაქალაქის სარეკლამო დაფებიდან მხოლოდ მმართველი პარტიის ყოჩები გვიღიმიან და ეს ღიმილი მოსახლეობას ძვირი უჯდება (ერთი ბილბორდი 3000-5000 დოლარი დღეში);
როდესაც, მიუხედავად პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის დაპირებისა, წამლებზე ფასების შემცირებასთან დაკავშირებით, არათუ მცირდება, პირიქით იზრდება; როდესაც საწვავზე ფასები ყოველ მეორე დღეს მატულობს და აქედან გამომდინარე კვების პროდუქტებზე, პირველადი მოხმარების საგნებზე, სამედიცინო მომსახურებაზე, ტრანსპორტზე და ა.შ.;
როდესაც ეკონომიკის მინისტრი თურნავა უნამუსოდ ატყუებს ხალხს და ეუბნება, რომ საქართველო ეკონომიკური განვითარების კუნძულს ჰგავს, მსოფლიოს დაცემულ ეკონომიკასთან შედარებით, რომ საქართველოში თურმე საშუალო ხელფასი 1500 ლარია;
როდესაც პრემიერ-მინისტრი ლუქსემბურგობას და წარმატებულ ცხოვრებას გვპირდება;
როდესაც დამშეული მოსახლეობის ხარჯზე ჯიბეს ისქელებენ მომრავლებული ე.წ. ბიზნესმენები, საკუთარი სასახლეების მშენებლობით დაკავებულნი, ერთმანეთის ჯიბრზე უზომო ფუფუნების დემონსტრირებით გატაცებულნი;
როდესაც ჩვენს თვალწინ იკარგება ქვეყანა, რომელსაც ჯერ-ჯერობით საქართველო ჰქვია. ჯერ-ჯერობით, ვინაიდან ხვალინდელი უკეთესი დღის იმედი მბჟუტავ სანთელს ემსგავსება;
როდესაც გაუსაძლისმა ცხოვრებამ ათასობით აქაური შორეული თუ ახლობელი ქვეყნების კარს მიაყენა მუდმივი ცხოვრების სურვილით — გაუსაძლისის, შეურაცხმყოფელის, მაგრამ აქაურთან შედარებით ედემის;
როდესაც … . გავაგრძელო? სადამდის?
როდესაც ესოდენ არასახარბიელო ფაქტის წინაშე ვართ, ყოველდღიური ამ და სხვა პრობლემებით ტვინდამძიმებულებს საერთაშორისო პოლიტიკა გვაინტერესებს?! ვის უნდა ნატო, ევროკავშირი, სხვა უამრავი კავშირი ან რაღაც უხილავი რეიტინგები, საქართველო რომ მუდამ მოწინავეთა რიგებშია?
ქვეყნის მოსახლეობა დაემსგავსა, უფრო სწორად დაამსგავსეს ნახირს, ბალახის ძებნაში რომ ათენებს და აღამებს, ასეთს, სხვაგან მიმდინარე პროცსები აინტერესებს?
ეს, ზოგიერთ პოლიტოლოგს ჰგონია, რომ ასეა — უცხოურ გრანტებზე წამოსკუპებულს, საკუთარი პროფესიის გასამართლებლად რომ უწევს ლაპარაკი იმაზე, რაც საზოგადოებას ვითომ აინტერესებს და ქაქანებს გვატემალის, ჰონდურასის, ჩრდილოეთ აფრიკისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების პრობლემებზე.
ქვეყნის წინსვლის სადემონსტრაციოდ მედია გვიყვება იაპონიაში საქართველოს ელჩის „უდიდეს მიღწევაზე“ — სუშის კომპანიის მენეჯერთან შეხვედრაზე, რომელიც დაგვპირდა ქართული ღვინის თავის რესტორნებში შეტანას.
მსმენელმა, უნდა დავიჯეროთ, რომ ელჩის ნაბიჯი უდიდესი დიპლომატიური მიღწევაა. რა გაეწყობა, როდესაც იაპონიაში საქართველოს საელჩოს, პოლიტიკური დატვირთვის მატარებელი სხვა თემები არ აქვს, ქართული ღვინის თითო-ოროლა ბოთლის გასაღებაც დიდი პოლიტიკაა. სხვა ქვეყანაში აკრედიტებულ საქართველოს საელჩოს ამის დაკვეხნის თავიც არ აქვს და უსაქმურობით ძილსაა მიცემული, არადა დედამიწაზე ქვეყანა არ არის, სადაც ჩვენი საელჩო არ იყოს.
ხელისუფლების ნათესავების ნაკრძალად ჩამოყალიბებული საელჩოები მშვენივრად გრძნობენ თავს — მაღალი ანაზღაურებით, მრავალი წლის განმავლობაში იქაური საამური ცხოვრებით უზრუნველყოფილნი. არვინ სვამს კითხვას — რა დიპლომატიურ საქმიანობას ეწევიან ეკზოტიკურ ქვეყნებში არსებული საქართველოს საელჩოები? რა მოაქვს ამ „მოღვაწეობას“ ქვეყნისთვის?
უღირს თუ არა ქვეყნის ისედაც მწირ ბიუჯეტს უმაქნისი საელჩოების შენახვა? დიპლომატიური სამსახური ტაბუდადებული თემაა და რატომ? — იმიტომ რომ ხელისუფლებაში არვინ იცის მისი მუშაობის არსი. არვინ იცის რას უნდა აკეთებდეს ის. არვინ სვამს კითხვას — არის თუ არა აუცილებელი საქართველოსთვის მივარდნილ ქვეყნებში საელჩოების გახსნა?
როდესაც ქვეყანაში თუნდაც ერთი მოგვარებული დარგი არ არის, დიპლომატიის ავ-კარგიანობაზე მსჯელობამდე ვინ მივა?!
30 წლის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობას ცხვრის ფარასავით მიერეკებიან ევროატლანტიკური სივრცისკენ შემდეგი დაპირებით — გავწევრდებით ნატოსა და ევროკავშირში და დავიწყებთ საამურ ცხოვრებას. დაპირება მუდმივია — ყველა ხელისუფლების მიერ გაჟღერებული. ეს, ის თემაა ყველა რომ ქადაგებდა და ქადაგებს, თუმცა არც ერთს არ სჯეროდა და სჯერა. საქართველოს შემხედვარეს, შეიძლება სჯეროდეს ამ აბსტრაქციის?
აქაურს შეიძლება სჯეროდეს, მაგრამ იქაურს რომ არ სჯერა, დაგვარწმუნა ესტონეთის პრეზიდენტმა, რომელმაც მოურიდებლად განაცხადა, რომ უკრაინა-საქართველოს, უახლოესი 20 წლის განმავლობაში არც ნატოში მიიღებენ და არც ევროკავშირში.
ესტონეთის პრეზიდენტმა თქვა არა მარტო თავისი, არამედ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების აზრი. დავფიქრდეთ წუთით, გარედან შევხედოთ ჩვენს თავს. იმ ევროპელის თვალით ავწონ-დავწონოთ ჩვენი საშინაო და საგარეო პოლიტიკა და გულწრფელად ვთქვათ —ვართ კი ღირსნი ამ ორგანიზაციებში გაწევრების?
უდავოდ არ ვართ! ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ერთი „უმნიშვნელო“ საკითხის გამო, რასაც პოლიტიკური სისტემა ჰქვია. ევროკავშირის რომელი ქვეყანა მოინდომებს იმ ქვეყნის გვერდით ყოფნას, სადაც მდიდარი ოლიგარქი, არც ერთი თანამდებობის და პასუხისმგებლობის მქონე, მართავს ქვეყანას?!
როგორ უნდა გამოძებნოს ევროკავშირის წევრმა ქვეყანამ საერთო ენა ხელისუფლებასთან, რომელსაც ხელისუფლება არ აქვს?!
მართალია, ქვეყანას ჰყავს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, პარლამენტი, მაგრამ უფუნქციო, იმ ოლიგარქს მიჩერებული. მარტო ეს საკითხი რად ღირს, სხვაზე რომ არაფერი ვთქვათ?! და ვიდრე ეს არ მოგვარდება — არაფერი გვეშველება. ფუჭია იმის მტკიცება, რომ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორები ჰყავს ამერიკა-ევროკავშირ-ნატოს სახით. იციან მათ, რომ ჩვენ მათ სტრატეგიულ პარტნიორებად ვთვლით? ან თვლიან ისინი თავიანთ თავს ასეთად? და რომც ჩათვალონ, რამდენად სანდონი არიან ისინი?
ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა ბრმებსაც კი აუხილეს თვალი და დაანახეს რას ნიშნავს აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორობა, ჩვენ ისევ ბრმის როლში ვართ, როდესაც ცხვირწინ გვაქვს ავღანეთის მაგალითი — 20-წლიანი სავალალო გამოცდილებით, სადაც ჩვენც ვიყავით გაჩხერილი. ანდა რად ღირს სულით-ხორცამდე მოკავშირე ქვეყნის გაცურება?
აშშ-ა აიძულა ავსტრალია ამერიკაში შეუკვეთოს წყალქვეშა ნავები, უარი ათქმევინა რა მას საფრანგეთთან გაფორმებულ კონტრაქტზე. ვაშინგტონმა პრეზიდენტ ბაიდენის პირით გამოაცხადა ამ კონტრაქტის თაობაზე, რამაც დიდი აღშფოთება გამოიწვია საფრანგეთში, თანაც ისეთი, საფრანგეთის ელჩები რომ გამოაწვევინა ამერიკა-ავსტრალიიდან. ამერიკამ იკადრა უკადრებელი, ისე, როგორც ავსტრალიამ და ორივემ მიაფურთხეს „ძმას და მეგობარს“. ჩვენ რაღას გვიზამს — არა ძმას და მეგობარს?! ვინმემ ხელისუფლებიდან დასვა ეს შეკითხვა?
ჰამლეტ ჭიპაშვილი