“ვინ გამოიტანა ეს ფაილები უსაფრთხოების სამსახურიდან, ბარემ, ამაზეც ვიტყვი…”– გია ხუხაშვილი

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი:

“ალბათ, ეს კითხვაც გექნებათ, თუ ვინ გამოიტანა ეს ფაილები უსაფრთხოების სამსახურიდან და ბარემ, ამაზეც ვიტყვი.

ეს ქმედება იყო სისტემის პროტესტი ხელისუფლების მიმართ. გამოიტანეს იმ ადამიანებმა, ვინც უსაფრთხოების სამსახურში სამუშაოდ მიდიოდნენ იმისთვის, რომ ქვეყნის უსაფრთხოება დაეცვათ და აღმოჩნდნენ  ვითარებაში, როდესაც ხელისუფალი მათ ამ მარაზმს  ავალებდა და არა სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვას. ჩვენ ნუ წარმოვიდგენთ ისე, რომ სუს–ში  ვინც მუშაობს, ყველა არაკაცი და ყველაფერზე ხელის მომწერია. იქ ბევრი პატრიოტი და წესიერი ადამიანიც არის. ბევრი მართლა მიდიოდა იდეის გამო უსაფრთხოების სამსახურში, რომ თავისი ქვეყანა დაეცვა და ამ დროს მისცეს დავალება, რომ ჩემი და თქვენი სატელეფონო საუბრები ჩაეწერა და მერე, მისი შინაარსი, ზემდგომისთვის წერილობით  მოეხსენებინა. სწორედ ამას წინათ გითხრით, სანამ ეს ფაილები გამოვიდოდა გარეთ, რომ სუს-ში ახლა ამ ჩვენს ინტერვიუს იწერენ, მერე გაშიფრავენ და წარუდგენენ ზემდგომს, რაზეც ვილაპარაკეთ და რაც უნდა დაიბეჭდოს ორშაბათს „ალიაში“. ამაშია საქმე და ცხადია, ეს ადამიანები შეურაცხყოფილად გრძნობენ თავს და ამ ფორმით, ამ ფაილების გამოტყორცნის ფორმით, ჩვენ, საზოგადოებას გვეუბნებიან, რომ ფაქტობრივად, ხელისუფლების მძევლებად ვიქეცით და გთხოვთ, გაგვათავისუფლოთო. ჩვენ სუს–ის თანამშრომლებს არ უნდა დავუპირისპირდეთ მომხდარის გამო. პირიქით, ჩვენ ეს ხალხი უნდა გადავარჩინოთ, დავაბრუნოთ, რომ შეასრულონ თავიანთი პროფესიული ვალდებულებები, რომ აღარ მოუწიოთ ამგვარი სიბინძურეების კეთება. ამ ხალხმა უნდა იმუშაოს მომავალში ქვეყნის უსაფრთხოების დასაცავად.”