დესტაბილიზაცია აწყობთ იმათ, ვინც განწირულია წაგებისთვის, ეს არის ოპოზიცია

დმანისში მომხდარი ინციდენტს უმრავლესობაში ეხმაურებიან. მმართველ გუნდში ამტკიცებენ, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაცია მხოლოდ იმ ძალას აწყობს, რომელსაც არჩევნებში გამარჯვების არანაირი შანსი არ აქვს, ასეთი კი ოპოზიციაა.

“ქართულ ოცნებაში” დარწმუნებული არიან, რომ დამნაშავე ნებისმიერ შემთხვევაში მკაცრად დაისჯება და გამოძიების შედეგებს ელოდება.

– “ნებისმიერი შეხლა-შემოხლა, დაპირისპირება, ყველამ უნდა იცოდეს, რომ ეს არის სახელისუფლებო პარტიის საწინააღმდეგოდ გადადგმული ნაბიჯი. დესტაბილიზაცია, რასაკვირველია, აწყობთ იმათ, ვინც განწირულია წაგებისათვის, ეს არის ოპოზიცია. სისხლის სამართლის დანაშაულს ვინც ჩაიდენს, ყველა დაისჯება, კანონის წინაშე ყველა ერთნაირია, რომელ პოლიტიკურ პარტიასაც არ უნდა ეკუთვნოდეს” – აცხადებს გიორგი ვოლსკი.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ მომხდარი ინციდენტის გამომწვევ მიზეზებს, კონკრეტულად რა მოხდა, ამას გამოძიება დაადგენს.

– “ეს არის ის, რაც, სამწუხაროდ, “ნაციონალურ მოძრაობას” სჭირდება და ძალიან ცდილობენ, რომ რეალურად, ასეთი ინციდენტებით რამენაირად, ჩირქი მოსცხონ ნორმალურად მიმდინარე საარჩევნო პროცესს” – აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ალუდა ღუდუშაური ოპოზიციას აკრიტიკებს და ამბობს, რომ უფრო ახლოვდება არჩევნების თარიღი, მით უფრო ტოქსიკურია ოპონენტების ქმედებები.

“ცხადია, რომ არაფერს არ ერიდებიან, ყველაფერზე არიან წამსვლელები, რომ როგორმე ქვეყანაში არიონ სიტუაცია და ეს მათ არ გაუვათ” – აღნიშნა ალუდა ღუდუშაურმა.

წყარო: ptn.ge