“მეუფეს რას გამოაპარებდი, დილაა მძინავს და მირეკავს: “ბიჯო გამოგყვება ის გოგო?”- მამა ლევანი მეუფე სერგის იხსენებს

კასპის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მოძღვარი მამა ლევანი სოციალურ ქსელში წერს:

___მეუფე სერგი (ჩეკურიშვილი)___
გარდაიცვალა და ეხლა გავბედავ ვთქვა რა აქვს გაკეთებული მარტო ჩვენი ერთი ოჯახისთვის და რაც ვნახეთ ჩვენი თვალით.

როცა გრემის სასულიერო სემინარიაში ჩავირიცხე, დაოჯახებული არ ვიყავი, თუმცა საცოლე მყავდა. რადგან ვიცოდით მამათა მონასტერში უნდა მეცხოვრა, გვიჭირდა მაგრამ შევეგუეთ იმ აზრს რომ 4 წელი ვერ შევქმნიდით ოჯახს. მაგრამ მეუფეს რას გამოაპარებდი. ახალი დაწყებულია სწავლა, საქმეზე ვიყავი სახლში ჩამოსული, დილაა მძინავს და მირეკავს “ბიჯო გამოგყვება ის გოგო?” რავი კი ალბათ მეუფეთქო. მარიამი დამთანხმდა, მაგრამ სახლში არ თქვა ისე ჩავედით კახეთში. რადგან მშობლების კურთხევა არ ჰქონდა, გამოგვიშვა უკან, ლოცულობდა და მონასტერს ალოცებდა რომ მშვიდად მივეღეთ.

ყველაფერმა კარგად ჩაირა, ჩავედით, ჯვარი დაგვწერა. სახლი გვინახა დაგვასახლა, დავიწყეთ ცხოვრება. სემინარიაში სწავლა, კვება, რვეული, კალამი, ცხოვრება ყველაფერი უფასოდ იყო. მეტიც, ყოველთვე ყველა სტუდენტს ფულს გვჩუქნიდა, საკითხავ წიგნებს ვყიდულობდით. მარიამი დაასაქმა რომ გვერჩინა ოჯახი. შვილი რომ გვეყოლა, დედა ჩამოვიდა კასპიდან მოსახმარებლად. მეუფე დედასაც შეპირდა დასაქმებას.

სახლში საუბრობდნენ ჩემები სად უნდოდათ ემუშავათ, რომ ბავშვისთვისაც მიეხედათ. დილით რომ მივიდნენ, ზუსტად ის უთხრა რაზეც ისაუბრეს და ისე დაასაქმა. მას ამის ნიჭიც ჰქონდა. გვეხმარებოდა და გვჩუქნიდა ყველაფერს, ფული, ტანსაცმელი, საჭმელი, ადიელა, რავიცი რა ჩამოთვლის. ერთხელ ჩაიყო ჯიბეში ხელი და ხურდებიღა ჰქონდა ოცდაორ ლარამდე და ის მომცა. პირველ კურსი რომ დავხურე, კაბით შემმოსა სემინარიაში, მერე პატრიარქთან წარმადგინა და მაკურთხა დიაკვნად.

საქართველოს მოლოცვის გარდა, ორჯერ საზღვარგარეთ გამიშვა მოსალოცად, რათქმაუნდა ეს ყველაფერი მისი ხარჯებით.

ერთხელ თავად იყო საზღვარგარეთ და ღამე ურეკავს გიორგის, “მიდი ფული მიუტანე მაგათ”. გიორგიმ დაგვირეკა “ხო მშვიდობა გაქვთო ისე რეკავსო” კი არაფერიათქო. გავახსენდით უცებ და.

როგორც მახსოვს გიმნაზიაში სამასი ბავშვი სწავლობდა, სოფლებიდან თავისი ტრანსპორტით მოყავდა ბავშვები, სწავლა, ერთხელ აჭმევდა და ისევ არიგებდა სახლებში და ეს ყველაფერიც უფასოდ.

სასწავლებელი რომ დავამთავრე, გამომიშვა ჩემ მხარეში მსახურებისთვის და ყოველთვე ფულს გვირიცხავდა ხელფასივით, სანამ მანდ რამე შემოსავალი გაგიჩნდებათო.

შვილის ნათლიობა რომ ვთხოვე, კახეთში კი არ ჩამაყვანინა ბავშვი, დაიღლებაო, ამხელა ადამიანი თავად ჩამოვიდა კასპში ნათლობისთვის. როცა მასთან ჩავდიოდი, მეც და ჩემ თანმხლებ ხალხსაც გვჩუქნიდა ყველაფერს რაც გააჩნდა, თაფლი, ჯვარი, ღვინო, წიგნები, ჩურჩხელა და ა.შ. გვასწავლა მეც და ფოფოდიას უამრავი რამ, ზედ გვყვებოდა, ცხოვრება მოგვიწყო ადამიანებს ვინც მანამდე მისი შორეული ნაცნობებიც კი არ ვიყავით.

ეხლა ბოლოს ოპერაცია რომ გაიკეთა და ვნახეთ, ამ გაჭირვებული ჯანმრთელობით, დეტალურად გამომკითხა მშობლებზე, ხო არ გვიჭირდა, მისი ქინძმარაული რომელიც მაცივარში ინახება, თერმოსით გვაჩუქა რომ კასპამდე გაეძლო, წიგნები და თავის ნათლულს თანხა.

ხილი მივართვი კასპიდან, არ ეჭმეოდა, მაგრამ შენ რომ გაეხარებინე შენთან ერთად მიირთმევდა შენს მიტალს. უხაროდა ყველა საჩუქარი.

ეჰ მეუფე, დაგვრჩა ეს მოგონებები, შენი ნაჩუქარი ნივთები და მათღა ვეფერებით. მშვიდობით ჩვენო უძვირფასესო, ლამაზო მღვდელმთავარო. მადლობა როგორ გადაგიხადოთ არ ვიცით. ჩვენო სულის და ხორცის ტკივილო.

ჩვენთვის მშობლის გარდაცვალების ტოლფასია მისი წასვლა. მაგრამ იმასაც ვაცნობიერებ რომ, ჩვენ იმიტომ ვტირით, რომ ჩვენი თავი გვენანება მეუფის გარეშე, თორე თავად სადაც არის ძნელი მისახვედრი არაა.

რაც მეუფე სერგიმ აკეთა, ამაზე მეტი რა უნდა მოასწრო ადამიანმა რომ წმინდანი გახდე არ ვიცი. ახალგაზრდობიდან ბერია, გააცოცხლა უამრავი მიტოვებული მართლმადიდებლური კერა, აღზარდა 3 მეუფე, მღვდლებს, ბერებს და მონაზვნებს არ ვიცი თუ ვინმე დაითვლის, დააარსა 3 სემინარია, მათ შორის ქალთაც, გიმნაზია, ბაღი, გამოსცემდა და უფასოდ არიგებდა უამრავ საეკლესიო ლიტერატურას, აცმევდა, აჭმევდა გაჭირვებულებს, მკურნალობის ფულს უხდიდა ავადმყოფებს, რამდენი სასოწარკვეთილი, ცოდვილი გადაარჩინა, არაფრის მცოდნენი ხალხად აქცია, ცხოვრება მოუწყო.

როცა გუშინ მის სხეულთან მივედი, ვერ გავბედე მეთქვა ღმერთო აცხონე, პირიქით მას ვთხოვდი ისევ დახმარებას და მაგრძნობინა კიდეც დახმარება.