სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ნეკრესის მიტროპოლიტ სერგის (ჩეკურიშვილი) გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და სამძიმრის წერილს ავრცელებს:
“62 წლის ასაკში ღვთივგანისვენა ნეკრესის მიტროპოლიტმა სერგიმ (ჩეკურიშვილიმა). მან, სრულიად ახალგაზრდამ, კომუნისტური რეჟიმის პერიოდში დაიწყო ეკლესიური ცხოვრება. 33 წლისა კი უკვე მღვდელმთავარი გახდა და ახალციხისა და სამცხე-ჯავახეთის ეპისკოპოსად იქნა დადგენილი, ხოლო ხუთი წლის შემდეგ ნეკრესის ეპარქიაში განაგრძო მოღვაწეობა.
ამ ხნის მანძილზე და დღემდეც მრავალი განსაცდელი გადაიტანა, რომელთაც გულმხურვალე ლოცვით მუდამ უშიშრად სძლევდა. მეუფე ყოველთვის გამოირჩეოდა გაჭირვებულთადმი მამობრივი მზრუნველობით, გულმოწყალებით, სტუმართმოყვარეობით, გულწრფელობით, ბავშვური უბრალოებით… იყო ეკლესია-მონასტერთა მაშენებელი, ეპარქიაში საგანმანათლებლო ცენტრების დამაარსებელი, სოფლის მეურნეობის ამაღორძინებელი და, საერთოდ, მრავალმხრივი ორგანიზატორული ნიჭით დაჯილდოებული. ამ თვისებების წყალობით მიაღწია იმას, რომ თავისი სამწყსო ერთ დიდ ორგანიზმად, ერთ ოჯახად შეკრა და ღვთის სიყვარულით აღანთო. ვუსამძიმრებთ მათ, ვუსამძიმრებთ საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებს, სამღვდელო და სამონაზვნო დასს, მრევლს, ნათესავებს, ყველა გულშემატკივარს და შევთხოვთ უფალს, თვისი წყალობა და შეწევნა არ მოაკლოს მეუფე სერგის უკვდავ სულს, შეუნდოს შეცოდებანი ნებსითნი და უნებლიეთნი და სავანესა მართალთასა დააწესოს იგი, ამინ!”- წერს ილია მეორე.
“რუსთავი2”