პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკურ პარტიებს და აქტივისტებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ნებისმიერი პროვოკაციული ქმედებისგან.
აღნიშნულთან დაკავშირებით პრემიერის განცხადებაშია ნათქვამი.
“ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ვხედავთ, რომ ქვეყანაში ემოციები მატულობს. მინდა მკაფიოდ ვთქვა: ძალადობა ან დაშინება მიუღებელია ნებისმიერი პირის, ჯგუფის ან პარტიის მხრიდან.
ადრეც მითქვამს, რომ ვგმობ ნებისმიერ ძალადობრივ ქმედებებს. ქართველ ხალხს სურს მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა.
ჩვენი მოსახლეობა იმსახურებს ისეთ საარჩევნო კამპანიას, რომელიც შეესაბამება ჩვენი ქვეყნის ფასეულობებს და ცხადყოფს, რომ ჩვენი ერი ერთგულია დემოკრატიის იდეისადმი.
მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ პარტიას, მათ აქტივისტებსა და მხარდამჭერებს, განსაკუთრებით კი რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს, თავი შეიკავონ ნებისმიერი პროვოკაციული ქმედებებისგან, რომელმაც, შესაძლოა, გამოიწვიოს ძალადობა და ვითარების გამწვავება. მშვიდად დაველოდოთ არჩევნების დღეს და 2 ოქტომბერს საარჩევნო უბნებზე, დემოკრატიულ გარემოში, თითოეული მოქალაქე დააფიქსირებს საკუთარ არჩევანს იმისათვის, რომ ჩვენმა ქვეყანამ გააგრძელოს სტაბილური განვითარება” – ნათქვამია განცხადებაში.
“ამბები.ჯი”