იალბუზზე 5 რუსი ალპინისტი დაიღუპა, – ინფორმაციას რუსული მედია საგანგებო სიტუაციების სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, მაშველებმა 14 ალპინისტის გადარჩენა შეძლეს.
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თანახმად, 5400 მეტრის სიმაღლეზე ასულმა 19-მა ალპინისტმა დახმარება ითხოვა. სამაშველო ოპერაცია 7 საათს გაგრძელდა.
ოპერაციაში 70-მდე მაშველი და 16 ერთეული ტექნიკა იყო ჩართული. სამაშველო სამუშაოებს უამინდობა აფერხებდა, რადგან ქარის სიჩქარე წამში 40-70 მეტრს აღწევდა, ჰაერის ტემპერატურა კი, -20 გრადუსი იყო.