ლაშა თაბუკაშვილი: ,,მამაკაცმა ნებისმიერ ასაკში უნდა მოაწონო ცოლს თავი”

,,ქალს უზარმაზარი ძალა აქვს, შეიძლება ეს თავადაც არ უწყის. მტკიცე ნების, უშიშარი, ნიჭიერი კაცი შეიძლება დალეწოს ქალის სიყვარულმა. მაინცდამაინც ღალატი და ინდური ფილმის სიუჟეტი არ არის აუცილებელი, რომ მიწაზე დაენარცხო, ასევე ზოგჯერ ერთი გამოხედვა საკმარისი ზეცაში ასაფრენად.

 

რაც შეეხება მედეას (დედას), რომ არა ის, არ ვიცი, აქამდე როგორ მოვიდოდი ან საერთოდ მოვიდოდი თუ არა. ფათერაკიანი ვიყავი, მედეა იყო ჩემი ბარომეტრი, ჩემი კატალიზატორი. ერთმანეთის მოფრთხილება მარტო ფიზიკური მოვლა კი არ არის, არამედ სულიერი ერთობა, როცა ერთმანეთის სუნთქვას დარაჯობ, ერთმანეთის სახელს, მშობლების ხსოვნას, შვილების მომავალს უფრთხილდები.

მეუღლეებს თუ სიყვარული აკავშირებთ, მაშინ მათ არ მოსწყინდებათ ერთმანეთი. მამაკაცმა ნებისმიერ ასაკში უნდა მოაწონო ცოლს თავი, რადგან ეს ის გოგონაა, რომელიც მაშინ შეგიყვარდა, როცა ახალგაზრდა იყო, მშვენიერი, ცაში ასაფრენად გამზადებული. სადაც სიყვარულია, იქ ნაოჭებიც მშვენიერია.

მამაშვილობა მაგარი რამეა. მამა მნიშვნელოვანია ბიჭებისთვის, მისი სურნელი, დაცულობის შეგრძნება, ვაჟკაცობა, სწორი ნაბიჯები აყალიბებს მათ კაცებად. მამა ბიჭისთვის სარკეა, სადაც აირეკლება მრუდეც და მართალიც.

ჩვენ ბევრ რამეში ვგავართ ერთმანეთს, ისინიც თაბუკაშვილები არიან, თავისუფლად მოაზროვნენი, ჯიუტები, ნიჭიერები. ბევრჯერ გამოვცადეთ ერთმანეთი მამაშვილობაშიც და კაცობაშიც”.

,,სარკე”, ია ქუთათელაძე