რამაზ საყვარელიძე – თუ „ქოც/ნაცებმა“ მიაღწიეს საწადელს, ისევ დატოვეს ამომრჩეველი ორ პოლუსს შორის, მაშინ არაფერი შეიცვლება, ამ კინოსაც ის დასასრული ექნება, რაც ადრინდელ კინოებს ჰქონდათ.
საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ ფსიქოლოგსა და პოლიტოლოგს, რამაზ საყვარელიძეესაუბრა.
– ბატონო რამაზ, არჩევნებამდე ცოტა დრო რჩება და რაც უფრო ასეა, მით უფრო ნათლად ჩანს
2 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილე სუბიექტები ამომრჩევლების რა სეგმენტების მობილიზებას ცდილობენ არჩევნების დღისთვის.
ვხედავთ, რომ ამ მიზნის მისაღწევად ძირითადი პოლიტიკური მოთამაშეები არაფერს ერიდებიან, მათ შორის არც აკრძალული ილეთების გამოყენებაზე ამბობენ უარს. „ქართული ოცნება“ აგრძელებს პოლარიზაციაზე მუშაობას და ლოზუნგს – „მიშა მოდის“! კვლავ აქტიურად იყენებს.
„ნაციონალებისა“ და მასთან კოორდინაციაში მყოფი ძალების ანტისახელისუფლებო რეპერტუარში ცვლილებები არ მომხდარა – ივანიშვილის მმართველობას რუსეთისკენ მიჰყავს ქვეყანა. ამ თემას ახლა დაემატა ფარული ჩანაწერები, რომლითაც ირკვევა, რომ ქვეყანაში ტოტალური მოსმენები არა თუ არ ჩამორჩება წინა ხელისუფლების დროინდელ მიყურადებებს, არამედ, ფაქტია, რომ მასშტაბები აშკარად გაზრდილია.
ამ ფონზე უმეტესად არარეალისტური დაპირებებიც კი კარგავენ აზრს, მაგრამ წინასაარჩევნო კამპანია მოითხოვს ისინი ისმოდეს და ასეც ხდება. თუმცა, სულ უფრო ძნელი სათქმელია ეს დაპირებები ხალხს ესმის თუ არა, ანაც სჯერა თუ არა ამ დაპირებების. თქვენ როგორ შეაფასებდით ქვეყანაში წინასაარჩევნოდ არსებულ ვითარებას?
– ამ წინასაარჩევნო სიტუაციაში ბევრი რაიმეა ისეთი, რაც ადრეც მომხდარა. 2012 წლიდან მოყოლებული ხშირად გაგვიგია, რომ „ოცნებას“ რუსეთისკენ მიჰყავს ქვეყანა, თვალთვალის მასალაც არაერთხელ გავრცელებულა, დაპირებებიც მოგვისმენია, მათ შორის – სააკაშვილის ჩამოსვლის.
მე მგონი ადრინდელებისგან ოთხი რამით არის გამორჩეული ეს არჩევნები – ჯერ ერთი, ადგილობრივი არჩევნები პირველად ტარდება პანდემიის ფონზე, რამაც შეიძლება კიდევ უფრო პასიური გახადოს ამომრჩეველი, რომელიც ადგილობრივ არჩევნებში ისედაც პასიურია, მეორე – არ მახსენდება თბილისის მერობის ისე მკაფიოდ გამოკვეთილი ფავორიტი, როგორიც ამჟამად კახი კალაძეა, მესამე – ეს ადგილობრივი არჩევნები დაიტვირთა 43%-იანი ბარიერის თემით, რაც უნიკალურია არჩევნების ქართულ ისტორიაში და არამარტო ქართულში, მეოთხე სიახლეა მესამე პოლიტიკური ცენტრის შექმნის ის მცდელობები, რაც საპარლამენტო არჩევნებისთვის უფრო ბუნებრივი იქნებოდა, ვიდრე ადგილობრივისთვის.
ამდენად, ამ არჩევნებში ადრინდელი ხარვეზების გამეორებაც არის და ბევრი სიახლეც, თუმცა ძნელია ყველა ამ სიახლის შედეგის პროგნოზი.
საინტერესო კითხვა დასვით მოსახლეობის პოლიტიკურ სეგმენტებზე. ძირითადად, სამი სეგმენტი იკვეთება. ერთი სეგმენტი შედგება იმათგან, ვისაც კატეგორიულად არ უნდა „ნაცები“ და უნდა „ოცნება“, პირობითად: 40-45%, მეორე – ვისაც უნდა „ნაცები“ ანუ მიშა, აქ პიროვნული ქარიზმაა გადამწყვეტი და არ უნდა „ოცნება“, 15-20%, და მესამე – ვისაც დღეს აღარც ერთი უნდა და აღარც მეორე, 35-45%.
რა თქმა უნდა, პროცენტები პირობითია, სოციოლოგიური შედეგების უხეში განზოგადებაა და კონკრეტული სიტუაციის გავლენით მნიშვნელოვნად შეიცვლება.
პარტიების მოქმედება ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ყველა მათგანი, ძირითადად, თავისი სეგმენტის შენარჩუნებაზე ზრუნავს. „ოცნება“, უმეტესად აკეთებს იმას, რაც მოსწონს პირველ სეგმენტს – რიტორიკით და ბანერებით უპირისპირდება „ნაცებს“.
თავად „ნაცები“ მუშაობენ და აკეთებენ იმას, რაც მოსწონს მათ რადიკალურ სეგმენტს – არიან აგრესიულები ყველას მიმართ და რევოლუციური გადატრიალებისკენ უჭირავთ თვალი, რის ტონსაც მიშა იძლევა პერიოდულად. მოკლედ, პოლარიზაცია, არჩევნებში მონაწილე პარტიებს ესაჭიროებათ თავთავიანთი სეგმენტების შენარჩუნებისთვის.
აი, მესამე სეგმენტზე კი ორი ძირითადი პარტიიდან არავინ მუშაობს, ის არც „ქოცებს“ აინტერესებდა აქამდე და არც „ნაცებს“. მესამე სეგმენტზე გაუბედავად მუშაობს „მესამე ძალა“ – ცდილობს კრიტიკული იყოს ორივე პოლუსის მიმართ, მაგრამ საეჭვოა დაეუფლოს ამ სეგმენტს. მისადმი ნდობა დაბალია პოზიციის ხშირი ცვლილების და სუსტი პოლიტიკური ბიოგრაფიის გამო.
თავად მესამე სეგმენტი შეიძლება უფრო მეტად ენდოს გახარიას, როგორც წარსულში ძლიერ ფიგურას. გახარიაც ორივე მხარეს აკრიტიკებს. თუ მესამე სეგმენტი გახარიასკენ გადაიხარა, მან შეიძლება „ოცნებაზე“ მეტი მომხრეც მოაგროვოს – მთელი ეს სეგმენტი და ცოტ-ცოტა დანარჩენი სეგმენტებიდან უკვე ბევრია.
ალბათ, ამის გამოა, რომ „ოცნება“ შეუპოვრად ებრძვის გახარიას. ამდენად, ვთვლი, რომ ამომრჩევლის სეგმენტებში არის პარტიების მოქმედების გასაღები.
– მოახლოებული არჩევნების მთავარი ინტრიგაცა და თავისებურება ისაა, რომ ოპოზიციის მტკიცებით 2 ოქტომბრის არჩევნები ადგილობრივი არჩევნების გარდა, რეფერენდუმია, ხოლო ხელისუფლების მტკიცებით მხოლოდ ადგილობრივი არჩევნებია.
ამ ორივე პოზიციის სასარგებლოდ საზოგადოებამ მათ შორის ჩვენც, როგორც ამ საზოგადოების წევრებმა უამრავი არგუმენტები უკვე მოვისმინეთ. ამიტომ გკითხავთ – თქვენთვის 2 ოქტომბრის არჩევნები მხოლოდ ადგილობრივი არჩევნებია თუ ადგილობრივ არჩევნებთან ერთად რეფერენდუმიც, რომელშიც მმართველმა გუნდმა ხმების 43%-იანი ზღვარი უნდა დაძლიოს?
– გეთანხმებით, ადგილობრივი არჩევნებს შეიძლება მეტაფორულად დაერქვას რეფერენდუმი. მეც ვთვლი, რომ ადგილობრივი არჩევნებთან ერთად 2 ოქტომბერს შედგება რეფერენდუმი, ოღონდ რეფერენდუმი იმაზე, ისევ ორპოლუსიანი დარჩეს ქართული პოლიტიკა თუ – არა. ჩემთვის ესაა ამ არჩევნების მთავარი ინტრიგა და არა 43%-ზე ჭიდაობა.
თუ ჩამოყალიბდა მესამე პოლუსი, რომელიც დაიმსახურებს ნდობას, საქართველოს გაუჩნდება შანსი, რომ ხელისუფლებაში არ აირჩიოს პარტია მარტო იმიტომ, რომ მეორე პარტიის მხრიდან ძალადობა აშინებს. გაჩნდება რეალური პოლიტიკური პლურალიზმი და კონკურენცია, რაც მოახდენს ქართულ პოლიტიკაში ძალადობის ლიკვიდაციას. დასავლეთში კონკურენციამ მოაწესრიგა პარტიები, თორემ ჩხუბი, კომპრომატები და ცრუ დაპირებები მათი მოგონილი იყო.
მესამე პოლუსი ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებას ავტომატურად შეცვლის უკეთესობისკენ მიუხედავად იმისა, თუ პიროვნულად ვინ იქნება მოკალათებული თითოეულ პოლუსზე. მეეჭვება, რომ ამის ტოლფასი რაიმე მოიტანოს 43%-ის საკითხზე მსჯელობამ.
რაც შეეხება 43%-იან ზღვარს, მის იმედად ყოფნა უპერსპექტივო მეჩვენება ბევრი მიზეზის გამო. უმთავრესია ის, რომ ხალხის დიდ ნაწილს არ უნდა „ნაციონალები“ ხელისუფლებაში. თუ ხალხმა გააცნობიერა, რომ 43% შანსს აძლევს „ნაციონალებს“, მოსახლეობა მისი პირველი და მესამე სეგმენტი მობილიზდება და „ოცნებას“, დაახლოებით, 60% დაუჭერს მხარს ისევე, როგორც ეს მოხდა პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში 2018 წელს.
თუ „ოცნებამ“ ვერ აიღო ეს საჯილდაო პროცენტი და სხვადასხვა გავლენების წყალობით დაინიშნა ვადამდელი არჩევნები, აქ ისევ დამარცხდებიან „ნაციონალები“ და გაიმარჯვებს „ოცნება“, რასაც წინასწარმეტყველებს ყველა სოციოლოგიური გამოკითხვა და არჩევნების შედეგები 2012 წლის შემდეგ.
ამ არითმეტიკიდან გამომდინარე მეჩვენება, რომ 43%-ის ახლა წამოწევა, ზოგადად, უშედეგოა და მხოლოდ იმას ემსახურება, რომ „ნაციონალებმა“ საკუთარ ამომრჩეველს შეუნარჩუნონ ხელისუფლებაში მოსვლის მოლოდინი.
– ოპოზიციის მტკიცებით „ქართული ოცნება“ 19 აპრილის შეთანხმებიდან იმის გამო გამოვიდა, რომ არაა დარწმუნებული რომ ხმების 43%-იან ზღვარს დაძლევს. ოპოზიცია და ჩვენი დასავლელი პარტნიორები თვლიან – იმის მიუხედავად, რომ „ქართული ოცნება“ ცალმხრივად გამოვიდა 19 აპრილის შეთანხმებიდან, იგი ძალაშია.
ამის ფონზეც მმართველი გუნდის ლიდერებმა არა ერთხელ განაცხადეს, რომ 1%-იც რომ მიიღონ, რიგგარეშე არჩევნები არ ჩატარდება. თუ „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 43% ვერ მიიღო, თქვენი აზრით, უნდა ჩატარდეს თუ არა ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები?
– ვადამდელი არჩევნების ჩატარებას კონსტიტუციაში თავისი წესი აქვს, რასთანაც კავშირში არაა 43%. ეს ციფრი გაჩნდა იმის შედეგად, რომ სახელისუფლო და ოპოზიციური პარტიები ვაჭრობდნენ ოპოზიციის პარლამენტში შესვლაზე და ხელისუფლება კომპრომისზე წავიდა ამ სახით.
შემდეგ შარლ მიშელმა სახელისუფლო პარტიის ინიციატივით, ადრე ეს პუნქტი არ ფიგურირებდა., სავაჭრო შეთანხმება შეიტანა თავის დოკუმენტში, რაზეც პარტიებს ხელმოწერა შესთავაზა და მათაც მოაწერეს პრეზიდენტის ხელშეწყობით.
საქართველოს ხელისუფლებამ გვიან გააცნობიერა, რომ ეს დოკუმენტი მხოლოდ შეთანხმებაა სუბიექტებს შორის და ნებისმიერ მხარეს შეუძლია გამოვიდეს შეთანხმებიდან, რაც ხშირია მსოფლიო პრაქტიკაში. ასეც მოხდა. შეთანხმებიდან გამოსვლის სურვილი რამ გაუჩინა „ოცნებას“, სხვა საკითხია. შეიძლება მართლაც იმან, რომ „სიფრთხილეს თავი არ ასტკივა“. მთავარია, რა გზა არის მართლზომიერი.
მე იმათ რიგებს ვეკუთვნი, ვისაც ურჩევნია, რომ ყოველთვის ხდებოდეს კანონის აღსრულება და პროცესები არ იმართებოდეს სიტუაციაზე მორგებული შეთანხმებებით იქ, სადაც კანონი არსებობს. ვადამდელი არჩევნები უნდა დაინიშნოს კანონით გაწერილ პირობებში და საზოგადოებას უნდა მოუხადონ ბოდიში იმათ, ვინც თუნდაც დროებით დაუშვა შეთანხმებით კანონის გადაფარვა.
– „ნაციონალებისა“ და ოპოზიციის უმეტესობის მტკიცებით „ქართული ოცნება“ საქართველოში კრემლის საქმეს აკეთებს.
ამის დასტურად მთავრობის მიერ ევროკავშირის შეღავათიან სესხზე უარის თქმა, ბრიუსელთან და ვაშინგტონთან ურთიერობების გაციება, ანაკლიის პორტის აშენების ჩაშლა და კრემლის რბილი ძალის მიმართ ლოიალური დამოკიდებულება სახელდება.
რამდენად საფუძვლიანად გამოიყურება ოპოზიციის ბრალდებები რომ „ქართული ოცნება“ მიზანმიმართულად შორდება ბრიუსელსა და ვაშინგტონს და ნიადაგს ამზადებს კრემლთან ურთიერთობების დასალაგებლად, მაგრამ რის ხარჯზე ჯერ გაუგებარია?
– 2012 წლიდან ისმის, რომ რუსეთისკენ მივდივართ, მაგრამ 9 წლის განმავლობაში ვერ მივაღწიეთ რუსეთამდე, ვერ მივუახლოვდით, ვერც რაიმე სიკეთე ვერ გამოვტყუეთ – ინციდენტები კონფლიქტის ხაზთან არ მცირდება.
მეორე მხრივ, თქვენი რეპლიკისა არ იყოს, გაუგებარია ნებისმიერმა ხელისუფლებამ რის ხარჯზე უნდა დაალაგოს რუსეთთან ორთიერთობა, არ ჩანს ეს რესურსი. 20%-ის ოკუპაცია მოახდინა რუსეთმა და 30 წლის განმავლობაში მან არ თქვა, თუ რა უნდა საქართველოსგან. გამოდის, რომ რუსეთს არა აქვს გარკვეული სამომავლო პოლიტიკა საქართველოსთან.
ერთადერთი, რაც რუსეთს უნდა, რომ აქ იყოს „მღვრიე წყალი“ თუ დაჭირდება თევზის დაჭერა. მისი მხრიდან უფრო კონკრეტული გეგმა არ ჩანს. ამ ფონზე საქართველომ როგორ შეიძლება აკეთოს კრემლის საქმე, როცა თავად კრემლი ვერ ამბობს, რა იქნება მისი საქმე საქართველოში, „პრორუს“ ქართველებთანაც კი ვერ აყალიბებს ამას.
მეორე მხრივ, რუსეთისკენ რომ მივდიოდეთ, ეს ყველაზე უკეთესად ხომ დასავლეთის ქვეყნებს ეცოდინებოდათ და არც ურთიერთობას გააღრმავებდნენ ამ ხელისუფლებასთან, არც ოპოზიციას უსაყვედურებდნენ მისი პროტესტის დროს – „რუსეთის წისქვილზე ასხამთ წყალსო“. შეიძლება, ჩვენი ოპოზიციის უმეტესობა უფრო პროევროპულია, ვიდრე ევროპა, თუმცა მე არა მგონია ასე იყოს.
ამასთანავე უნდა ითქვას, რომ აზია-ევროპის სესხების ამბავში ბევრი რამ არის გაუგებარი. გაუგებარია მოსამართლეებზე ჩაბღაუჭებაც. თუმცა, მგონია, რომ ამ მოვლენებს უფრო დაბალი დონის კულუარული მიზეზები აქვს, ვიდრე ქვეყნის გეოპოლიტიკური ორიენტაციაა.
– თვალს ვადევნებთ საარჩევნო მარათონში ჩართული პოლიტიკური სუბიექტების საარჩევნო კამპანიებს. ვხედავთ, რომ ოპოზიციური პარტიების უმეტესობა მოუწოდებს ამომრჩეველს მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში და „ქართული ოცნების“ გარდა ხმა მისცეს ნებისმიერ ოპოზიციურ პარტიას.
ვხედავთ, რომ როგორც ოპოზიციის წარმომადგენლები, ისე ხელისუფლების წარმომადგენლები აქტიურად მონაწილეობენ სატელევიზიო დებატებში. დამკვირვებელთა უმეტესობა თანხმდება ამ არჩევნების პრობლემა ისაა, რომ არჩევნებამდე ვერ გამოიკვეთა პოლიტიკური ძალა, რომელსაც რეალურად ექნებოდა პრეტენზია გახდეს მესამე ძალა. თუმცა, ფაქტია, რომ მესამე ძალობაზე პრეტენზია ბევრს აქვს.
„ქართული ოცნების“ ლიდერები გიორგი გახარიაზე იმდენს და აბსოლუტურად გაუგებარ განცხადებებს აკეთებენ, რჩება შთაბეჭდილება, რომ მმართველ გუნდს თავად სურს გახარიამ ამ არჩევნებზე ორნიშნა შედეგი დადოს.
ოპოზიციური პარტიების წინასაარჩევნო კამპანიები ერთმანეთს კი გავს, მაგრამ თქვენ როგორ შეაფასებდით მათ კამპანიებს, რომელი მათგანის კამპანიას შეეძლო მეტი ინტერესი გამოეწვია მათ მიმართ? და რამდენად საფუძვლიანად გამოიყურება მოსაზრება, რომ „ქართული ოცნება“ დაინტერესებულია გახარიამ არჩევნებზე ხმების ორნიშნა პროცენტი მიიღოს?
– გეთანხმებით, გახარიასთან დაკავშირებით „ოცნება“ ხშირად გაოცებას იწვევს. „ოცნების“ ბევრმა ლიდერმა გახარია პარტიის და სამშობლოს მოღალატედ გამოაცხადა, გამოაცხადა „ნაცების“ კაცად, ყველა ადრინდელი მიღწევა დაუვიწყა და ზოგი მარცხადაც შეუფასა, ნარკოდამოკიდებულების ეჭვი გააჩინა და სხვა ამგვარი.
ერთი შეხედვით, „ოცნება“ სწორად იქცევა, პოლიტიკა ბრძოლაა და „ოცნება“ იბრძვის, თუმცა ზედმეტობა სახიფათოა. „ოცნების“ აქტიურობა ძალაუნებურად დაარწმუნებს ამომრჩეველს იმაში, რომ გახარია მესამე პოლუსია და მთელი მესამე სეგმენტი მას მისცემს ხმას. ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ, უნებლიედ, „ოცნება“ გახარიას უწყობს ხელს.
ამასთანავე, ბრძოლის ჟინით შეპყრობილი „ოცნების“ ლიდერები ისეთებს ამბობენ, რაც მათ იმიჯს ვნებს. ამიტომ, გახარიასთან ბრძოლის წამგებიანი სტრატეგიით „ოცნებამ“ შეიძლება ბევრი საკუთარი ამომრჩეველი დაკარგოს.
„ოცნების“ სხვა სტილიც ვნახეთ. კახი კალაძე არ აჰყვა ტოტალური დაპირისპირების ამ კამპანიას. „მე ჯერ კაცი ვარ და მერე პოლიტიკოსიო“ თქვა მან, კონკურენტ გახარიას „საქმის გარჩევა“ არ დაუწყო და, ამასთანავე, საქმიან დაპირისპირებაში უკან არ დაუხევია. ეს ყოველმხრივ მომგებიანი სტრატეგია იყო.
„ოცნების“ შეცდომები საკმარისი არ იქნება იმისთვის, რომ გახარიამ ორნიშნა შედეგი დადოს. თავის მხრივ, გახარიაც უშვებს შეცდომებს მისი დარჩენა „ნაცების“ მედიის ამარა, ქვეყნის ყოფილი პრემიერის ქალაქის მერობისთვის ბრძოლა, ერთფეროვანი მსჯელობა ხშირად, ნარკოტესტირების სკანდალები და სხვ.
მიუხედავად იმისა, რომ გახარია კარგად და თავდაჯერებულად გამოიყურებოდა მერის კანდიდატების დებატებში, მე მგონია, რომ ბრძოლისთვის სტრატეგიულად ის ჯერ არ არის მზად, ხშირად ეტყობა, რომ ემოციურად განიცდის ყოფილი თანაგუნდელების ნაბიჯებს. მას დრო დასჭირდება საბრძოლო ფორმაში ჩასადგომად. მოკლედ, შეცდომებს ორივე მხარე უშვებს და ძნელი სათქმელია, თუ ვის სასარგებლოდ დასრულდება ეს ორთაბრძოლა.
დავუშვათ, გაჩნდა მესამე პოლიტიკური პოლუსი, ანუ მოსახლეობის დიდ ნაწილს გაიყოლიებს პარტია, რომელიც არ იქნება მოძალადე, შეეძლება აჯობოს „ნაცებს“ და იქნება „ოცნების“ პოლიტიკური ალტერნატივა. სხვათაშორის, ამგვარი პოლიტიკური ძალის გამოჩენა ინატრა ბიძინა ივანიშვილმაც წასვლის წინ მიცემულ ინტერვიუში. ამგვარი ახალი ძალის ჩამოყალიბების შანსად გამოიკვეთა გახარია ამ არჩევნებში. თუმცა მას ივანიშვილმა ზურგი შეაქცია. ამდენად, გახარიას პარტია არის ძალა, რომელიც არც ივანიშვილს უნდა, არც „ოცნებას“, არც „ნაცებს“ და ესაა ამ არჩევნების სიახლე.
მიუხედავად იმისა, რომ ამ არჩევნების ერთერთი ახალი, უჩვეული მომენტი არის გახარია, ძირითად პოლიტიკურ ძალებს უნდათ ისიც ჩვეულად გადააქციონ – მოათავსონ ჩვეულ პოლუსებზე.
„ქოცებს“ სურთ გახარია გადაისროლონ „ნაცების“ ბოსტანში, „ნაცებს“ სურთ გადაისროლონ „ქოცებისკენ“. ორივეს სწადია, რომ გახარია არ აღიქმებოდეს მესამე ალტერნატივად. თუ გახარიამ დაუშვა შეცდომები, რაც უკვე მოასწრო, და თუ „ქოც/ნაცებმა“ მიაღწიეს საწადელს, ისევ დატოვეს ამომრჩეველი ორ პოლუსს შორის, მაშინ არაფერი შეიცვლება, ამ კინოსაც ის დასასრული ექნება, რაც ადრინდელ კინოებს ჰქონდათ.
– არჩევნებთან დაკავშირებულ თემებზე ერთის თვის წინ თქვენ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეთ
– „გაუგებარია, რისი იმედით ითხოვს ასე დაჟინებით ოპოზიცია ვადამდელ არჩევნებს“. მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა, მხედველობაში მაქვს ფარული ჩანაწერების გავრცელება, რამაც ეკლესიაც შოკში ჩააგდო და საზოგადოებაც. ამ პროცესებს წინ უძღოდა პარდემიასთან ხელისუფლების წარუმატებელი ბრძოლის კატასტროფული შედეგები.
შესაძლოა, კვლავაც გაუგებარია რისი იმედით ითხოვს ასე დაჟინებით ოპოზიცია ვადამდელ არჩევნებს, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ასევე გაუგებარია რის საფუძველზე ამბობს „ქართულ ოცნება“ ასე დარწმუნებით რომ არჩევნებში დამაჯერებელად გაიმარჯვებს?
– როგორც უკვე მოგახსენეთ, სანამ ეს ოპოზიციაა „ოცნების“ ერთადერთი ალტერნატივა, ის დარწმუნებული იქნება გამარჯვებაში.
სახელისუფლო პარტიას არჩევნებში გამარჯვების საფუძველს აძლევს ოპოზიციის რეიტინგი.
– განვითარებული დემოკრატიის ქვეყნებში ადგილობრივ არჩევნებზე ამომრჩევლის აქტიურობა 30-35%-ს არ აღემატება.
თუ ამომრჩევლის 35% მივიდა არჩევნებზე და „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო ხმების 43%, ეს სულაც არ მისცემს მას იმის მტკიცების საშუალებას, რომ არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვა.
ასეა, რადგან 35%-დან თუნდაც ხმების 45% მიიღოს “ქართულმა ოცნებამ“, აღმოჩნდება, რომ მისთვის ნდობა ქვეყნის მოსახლეობის 2/3-ს არ გამოუცხადებია.
თუ ოპოზიციამ მიიღო ხმების 45%, ან „ოცნებაზე“ მეტი, ამ შემთხვევაშიც ეს არაფრის მთქმელი არ იქნება, ვინაიდან მასში ამ შემთხვევაშიც არ ექნება მიღებული მონაწილეობა ამომრჩევლების 2/3-ს.
თუ ეს მსჯელობა მეტ-ნაკლებად ლოგიკურია, სავარაუდოდ როგორი უნდა იყოს არჩევნების შედეგები რომ ერთმა მხარემ თქვას – მოვიგეო, ხოლო მეორემ თავი დამარცხებულად აღიაროს?
– თქვენი ლოგიკა სავსებით გამართულია, მაგრამ ცხოვრება არაა ლოგიკურად გამართული. სწორი ბრძანეთ, დასავლეთშიც 30-35% მიდის არჩევნებზე, მაგრამ იქაც გამარჯვებულად აცხადებენ ვიღაცას, რომელსაც მოსახლეობის მხოლოდ 20-25% ემხრობა.
არჩევნებზე მისვლა სავალდებულო რომც გახდეს, როგორც არის ბევრ ქვეყანაში, საკამათო გახდება ის, თუ რამდენად ასახავს ამომრჩევლის რეალურ ნებას იძულებით ჩაგდებული ბიულეტენი. კონსტიტუციონალისტებს ეს საკითხები ჯერ არა აქვთ გადაწყვეტილი.
ავტორი: კობა ბენდელიანი
წყარო: ინტერპრესნიუსი